ნარკოპოლიტიკა

საკონსტიტუციო: 150 გრ. კანაფის კულტივირებისთვის პატიმრობა არაკონსტიტუციურია

Getty Images

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმების კონსტიტუციურობა, რომლებიც სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა 63,73 გრამი , 150,72 გრამი და 265,49 გრამი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე - კანაფის უკანონოდ, პირადი მოხმარების მიზნით, დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის.

მოსარჩელეები ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი ამბობდნენ, რომ სადავო ნორმები ერთმანეთისგან არ მიჯნავდა სანქციებს სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებებისა და მათი საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის მიხედვით, რაც არ იძლეოდა სასჯელის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას. ამასთან, გასაჩივრებული რეგულაციებით, დადგენილი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა მიემართება, როგორც იმ პირს, ვინც მოცემული დანაშაული ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით, ასევე მას, ვისაც ამოძრავებდა მისი გასაღების მიზანი.

სასამართლოს ცნობით, მოპასუხე მხარის განმარტებით, მცენარე კანაფისგან შეიძლება დამზადდეს ისეთი ნარკოტიკული საშუალებები, როგორებიცაა: მარიხუანა, კანაფის ზეთი, კანაფის ფისი, კანაფის ნაყენი და ექსტრაქტი. პარლამენტის პოზიციით, კანაფის დათესვა და მოყვანა თავისთავად ქმნის მისი რეალიზაციის საფრთხეს ამიტომ, აუცილებელია იმგვარი საკანონმდებლო რეგულაციების არსებობა, რომლებიც უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებს საშუალებას მისცემს, აღნიშნული დანაშაული აღკვეთოს საწყის ეტაპზევე და მოხდეს პოტენციური გამსაღებლის საზოგადოებისგან იზოლირება, რათა დაცული იყოს სხვა პირთა ჯანმრთელობა.

"საკონსტიტუციო სასამართლომ ცალ-ცალკე შეაფასა კანაფის სადავოდ გამხდარი ოდენობებიდან მომდინარე საფრთხეები. სასამართლომ დაადგინა, რომ 63,73 გრამი და 150,72 გრამი კანაფი არ შეიძლება ჩაითვალოს იმ ოდენობად, რომელიც ქმნის მისი გავრცელების ავტომატურ საფრთხეს, ხოლო სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ავტორს უქმნის საფრთხეს წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს",- წერია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

სასამართლომ მიიჩნია, რომ 265,49 გრამი კანაფის დათესვა და მოყვანა აჩენს მისი გავრცელების მაღალ რისკებს. ამიტომ, აღნიშნული ოდენობის კანაფის მოყვანისათვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება დასაშვებია და ემსახურება სხვა პირთა ჯანმრთელობის დაცვას. მიუხედავად ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფრო მძიმე დანაშაულებისთვის დაწესებული სასჯელების შედარებითი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ 265,49 გრამი კანაფის მოყვანისთვის დაწესებული სასჯელის კონკრეტული ზომა - თავისუფლების აღკვეთა ექვსიდან თორმეტ წლამდე არის აშკარად არაპროპორციული სასჯელი.

"ყოველივე ზემოხსენებულის საფუძველზე, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით", - წერია განცხადებაში.

კომენტარები