სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატები

ევროსასამართლოში საქართველოდან წარდგენილი სამი კანდიდატიდან ორი კვლავ დაიწუნეს

Newsweek

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატების შესარჩევად დღეიდან ახალი, უკვე მესამე კონკურსი ცხადდება. წარდგენილი სამი კანდიდატიდან სტრასბურგმა ორი კვლავ დაიწუნა, სოფო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე კონკურსს გამოეთიშნენ. შემდეგ ეტაპზე მხოლოდ ლადო ჭანტურია გადავიდა.  იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, გეწაძე და ჯაფარიძე ასაკის და შესაბამისად მოსამართლედ მუშაობის გამოცდილების გამო გამოეთიშნენ კონკურსს.

„ექსპერტს-მრჩევლების დასკვნით კომპეტენციის კარგი მაჩვენებლები აქვთ დანარჩენ ორ კანდიდატს სოფო ჯაფარიძეს და შოთა გეწაძეს, თუმცა იმ ახალი წესებისა და მკაცრი მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელიც სტრასბურგის ორგანოებმა სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატებს 2009 წლიდან დაუწესეს, ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ ეს ორი კანდიდატი, ერთ შემთხვევაში არის ახალგაზრდა და შესაბამისად ხანმოკლე სამომსამართლეო გამოცდილება აქვს, თქვენ იცით, რომ ბატონი შოთა გეწაძე 35 წლის არის და ამის შესახებ პირდაპირ არის მითითებული, როგორც ახალგაზრდა ასაკი, დასკვნის შესაბამის ნაწილში და ნათქვამია, იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ასაკიდან გამომდინარე ის დაახლოებით 7-წლიანი სამოსამართლეო კარიერა, რაც მას აქვს არის ხანმოკლე. ქალბატონი სოფიო ჯაფარიძის შემთხვევაში ნათქვამია ის, რაც ჩვენ ყველამ ვიცით, კერძოდ ის, რომ მას აქვს, როგორც ექსპერტები ამბობენ ღირებული პროფესიული გამოცდილება, კარგი ცოდნა ადამიანის უფლებათა სამართალში, მაგრამ აქაც მიჩნეული იქნა, ქალბატონი სოფიო გახლავთ 36 წლის, რომ მისი პროფესიული გამოცდილების მასშტაბი და ხანგრძლივობა ამ ეტაპზე არის შედარებით ხანმოკლე.“ - ამბობს წულუკიანი.

ახალი კონკურსი უკვე გამოცხადდა და ამჯერად თავიდან მხოლოდ ორი კანდიდატი უნდა შეირჩეს. კონკურსი 25 აგვისტომდე გაგრძელდება.

„ლადო ჭანტურია სტრასბურგში მოსამართლეობისთვის შესაფერის კანდიდატად მიიჩნიეს და საქართველოს მთავრობამ ამის შესახებ მივიღეთ მივიღეთ შესაბამის ექსპერტ-მრჩეველთა კოლეგიის დასკვნა. შესაბამისა, ბატონი ლადო ჭანტურია კონკურსს წარმატებით აგრძელებს სტრასბურგის ორგანოების წინაშე. მასთან გასაუბრება და შემდგომი ეტაპები სავარაუდოდ, შემოდგომაზე განახლდება.” - ამბობს წულუკიანი.

სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტმა ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატები უკვე მესამედ დაიწუნა. პირველ ჯერზე შერჩული სამი კანდიდატიდან, ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე და გიორგი ბადაშვილი, ნანა მჭედლიძე დაიწუნა, თუმცა მაშინ კონკურსის გარეშე შერჩეული ხუთი კანდიდატიდან ჩანაცვლდა მჭედლიძე ევა გოცირიძით. მიუხედავად ამ ჩანაცვლებისა შემდეგ ეტაპზე სამი კანდიდატიდან (ალექსანდრე ბარამიძე, ევა გოცირიძე და გიორგი ბადაშვილი) ვერცერთი გადავიდა.  2017 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ კონკურსით შერჩეული კიდევ სამი ახალი კანდიდატი (ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე) წარადგინა. ამჯერად სტრასბურგის ექსპერტთა საბჭომ  ორი კანდიდატი სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე დაიწუნა.

აღსანიშნავია, რომ მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესი და შემდგომში შერჩეული კანდიდატები, ყოველ ჯერზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების კრიტიკას იწვევდა.

სტრასბურგის სასამართლში ქართველ მოსამართლეს ნონა წოწორიას ვადა 2017 წლის იანვარში ამოეწურა, თუმცა იმის გამო, რომ ახალი კანდიდატის შერჩევა ვერ მოხერხდა, მას უფლებამოსილება 6 თვით გაუხანგრძლივდა.

კომენტარები