NDI-ის კვლევა

NDI: 59%-ის აზრით, ივანიშვილი კვლავ რჩება გადაწყვეტილების მიმღებ პირად

ბიძინა ივანიშვილი
Forbes

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 59% ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის მარტში ასე გამოკითხულთა 66% ფიქრობდა.

NDI-ის კვლევაში მონაწილეთა 19% ფიქრობს, რომ ივანიშვილი აღარ არის გადაწყვეტილების მიმღები პირი მას შემდეგ, რაც პრემიერის თანამდებობიდან გადადგა. 16%-მა არ იცის, 4% არც ერთ მოსაზრებას არ ეთანხმება, ხოლო 1% პასუხზე უარს აცხადებს.

ამასთან, გამოკითხულთა 56% ფიქრობს, რომ სასურველია, ბიძინა ივანიშვილი არ იყოს ჩართული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. 21%-სთვის სასურველია, ივანიშვილი იყოს გადაწყვეტილების მიმღები პირი, თუმცა, ეკავოს ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობა, ხოლო 7%-სთვის - ივანიშვილი იყოს გადაწყვეტილების მიმღები პირი და არ ეკავოს თანამდებობა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო.

ცდომილების ზღვარია +/-2.2%.

კომენტარები