საქართველო-რუსეთი

რუსეთის საგარეო: ბორჯომში ხანძრის ჩასაქრობად დახმარება საქართველომ გვთხოვა

ნოდარ ცხვირაშვილი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩასაქრობად ოფიციალურმა თბილისმა მათ თავად მიმართეს. 

"ჩვენ მაშინვე გამოვეხმაურეთ თბილისის თხოვნას, დავხმარებოდით ბორჯომ-ხარაგაულის ნაციონალურ პარკში ხანძრის ჩაქრობაში. ამისათვის, გამოვყავით თვითმფრინავი Ил-76 МЧС. თუმცა, ამის შემდეგ ქართულმა მხარემ მადლობა გადაგვიხადა და თქვა, რომ ხანძრის კერები ლოკალიზებული იყო და ჩვენი დახმარების აუცილებლობა აღარ არსებობდა,"- წერია განცხადებაში. 

უწყება იმავე განცხადებაში აღნიშნავს, რომ არ აპირებს პასუხი გასცეს "იმათ ფანტაზიებს, ვისაც საკუთარ ქვეყანაში მომხდარი სტიქიური უბედურებაც კი ანტირუსული კამპანიის წარმოების საბაბს აძლევს".

ცნობისთვის, 22 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაცის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ტაბულასთან საუბრისას საქართველოს მხრიდან რუსეთისათვის დახმარების თხოვნის ფაქტი უარყო

მოგვიანებით, პრემიერმინისტრმა კვირიკაშვილმა კი თქვა, რომ რუსეთმა ქართულ მხარეს თავად შესთავაზა დახმარება. 

უკვე მე-6 დღეა რაც ასეულობით სახანძრო სამაშველოს თანამშრომელი ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობას რამდენიმე ვერტმფრენის საშუალებით ცდილობს. ხანძარი ზუსტად იმ ტერიტორიაზე გაჩნდა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთმა გადაწვა. რუსულმა აგრესიამ მაშინ ბორჯომში 950 ჰექტარი ტყის მასივი იმსხვერპლა.

კომენტარები