არჩევნები 2017

ირმა ინაშვილის შეუძლებელი დაპირება

ტაბულა

პატრიოტთა ალიანსის თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი ამომრჩევლებს ყოველ მნიშვნელოვან საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას ჰპირდება. ინაშვილის შეფასებით, რეფერენდუმები თბილისელების ჩართულობას დედაქალაქის მართვაში გაზრდის. თუმცა საინტერესოა, რომ აღნიშნული დაპირება შეუძლებელია და მის განხორციელებას ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილებები ესაჭიროება.

"არცერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ უნდა ხორციელდებოდეს თბილისის მერიის მიერ თუ არ იქნება ჩატარებული რეფერენდუმი", - ტელეკომპანია იმედთან საუბარში ამბობს ირმა ინაშვილი.

მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, თბილისში რეფერენდუმის ჩატარება შეუძლებელია. რეფერენდუმის შესახებ ორგანულ კანონში (PDF დოკუმენტი) წერია:

"რეფერენდუმი იმართება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე,"- ეს კი ნიშნავს, რომ მაგალითად პარკირების ან გამწვანების საკითხზე მერია თბილისის ფარგლებში რეფერენდუმს ვერ მოაწყობს.

ასევე არსებობს კონსტიტუციის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც თბილისის მერიას რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნა არ შეუძლია. კონსტიტუციის მიხედვით, რეფერენდუმს ნიშნავს პრეზიდენტი 3 შემთხვევაში, ესენია:

  • საქართველოს პარლამენტის მოთხოვნის შემთხვევაში
  • საქართველოს მთავრობის მოთხოვნის შემთხვევაში
  • არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნის შემთხვევაში

კონსტიტუციის მიხედვით არ შეიძლება რეფერენდუმის მოწყობა კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად, აგრეთვე ისეთ საკითხებზე, რომლებიც ზღუდავენ ადამიანის ძირითად კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს.

ირმა ინაშვილის კიდევ ერთი დაპირება დედაქალაქში უხუცესთა საბჭოს შექმნაა.

კომენტარები