ე.წ ციანიდის საქმე

დეკანოზი გიორგის საბოლოო სიტყვაში ნახსენები სტიქაროსანი, მის სიტყვებს ადასტურებს

ნეტგაზეთი

სტიქაროსანი და მოდელი კობა ფარტენაძე, რომელსაც დეკანოზი გიორგი მამალაძე თავის დასკვნით სიტყვაში ახსენებს, ადასტურებს, რომ რასაც დეკანოზი მისი ფოტოების შესახებ ყვება, სიმართლეა. 

კობა ფარტენაძე ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ დეკანოზმა ანდრია თურმანიძემ ის თავიდანვე აითვალწუნა, რადგან ფარტენაძე ღიად საუბრობდა ეკლესიაში მიმდინარე პრობლემებზე. ფარტენაძის თქმით კი, მისი ეკლესიიდან გაშვების საბაბად მის სამოდელო კარიერასა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებს იყენებდა. 

ფარტენაძე ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ იმ პერიოდში დეკანოზი ანდრია ეპარქიის ყველა სასულიერო პირს უგზავნიდა მის "განსაკუთრებით თამამ ფოტოებს" და ამ გზით ცდილობდა მის დისკრედიტაციას. 

"აქედან გამომდინარე, მე დეკანოზ მამალაძესთან სტიქარი არ ჩამიცვამს, თუმცა მასთან კონფლიქტი არ მქონია. დეკანოზი სხვა მღვდლებს არ ჰგავდა და მსგავსი რამეები არ უკვირდა, თუმცა რადგან დეკანოზ ანდრია თურმანიძესთან ნათელმირონობა აკავშირებდა, სტიქარის ჩაცმის უფლება თავის ეკლესიაში [ქ. ბათუმის წმ. ბარბარეს ტაძარი] არ მოუცია,"- ამბობს ფარტენაძე.

ფარტენაძის თქმითვე, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა მას სტიქარის ტარება აუკრძალა, თუმცა როგორც კობა ამბობს, მის მოძღვარს ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ ჰქონია და სწორედ ამიტომ, ახლა ის ქ. თბილისის სამების საკათედრო ტაძრის სტიქაროსანია. 

დღეს ტელეკომპანია პირველმა ე.წ ციანიდის საქმის ექსკლუზიური აუდიო ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლოზე დასკვნით სიტყვას ამბობს. 

დეკანოზი საუბრობს პირადი ცხოვრების ამსახველ იმ მასალებზე, რომლის გამოც, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა, პროკურატურის მოთხოვნით, სასამართლო სხდომები დახურა. საუბარია 4 ფოტოზე, რომლებსაც, დეკანოზის მტკიცებით, პროკურატურა მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილსა და პატრიარქს აჩვენებდა და მისი პირადი ცხოვრების შესახებ არასწორ ინფორმაციას აწვდიდა. 

ერთერთ ფოტოზე სწორედ კობა ფარტენაძეა, რაზე დეკანოზი გიორგი მამალაძე შემდეგ განმარტებას აკეთებს: 

"მეორე ფოტოზე გამოსახულია სტიქაროსანი, რომელიც მოდელობის საქმით არის დაკავებული და რომელსაც თავისივე სოციალურ ქსელში აქვს ფოტოები გამოქვეყნებული. ხოლო ერთერთმა მოძღვარმა მამა ანდრია თურმანიძემ გამომიგზავნა ისინი ინფორმაციისთვის, როგორც შენი ტაძრის სტიქაროსანს მსგავსი ფოტოები აქვს გამოქვეყნებული და, იქნებ, გაესაუბროო

დეკანოზი გიორგი მამალაძე მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს დეტალურად უხსნის ფოტოებზე ასახულ ვითარებას და მას სთხოვს, აღმოფხვრას "პროკურატურის ამაზრზენი ქმედებები". 

დეკანოზის დასკვნითი სიტყვის სრული ტრანსკრიპტი შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე.

ე.წ. ციანიდის საქმეში თბილისის საქალაქო სასამართლომ მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო და მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ეს იყო პირველი სხდომა ამ საქმეში, რომელიც იყო ღია, როგორც მედიისთვის, ისე საზოგადოებისთვის. თავად დეკანოზი სხდომას არ ესწრებოდა. 

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრებამდე აეროპორტში დააკავეს. ოფიციალური ვერსიით, მას ბრალად ედება პატრიარქის მდივან-რეფერატის შორენა თეთრუაშვილის ციანიდით მოწამლვა, თუმცა მისი დაკავებისას ისევე, როგორც პროკურატურის წარმომადგენლები, ხელისუფლების წევრებიც ღიად თუ ირიბად მიანიშნებდნენ იმაზე, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მკვლელობას აპირებდა, მათ კი ქვეყანას "დიდი განსაცდელი აარიდეს". ამასთან, პროკურატურის მიერ პირველად გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალად ედებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოკვლის მცდელობა, შორენა თეთრუაშვილი კი სასულიერო პირი არ არის. ამასთან, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ყვება, რომ როდესაც დეკანოზი დააკავეს, სამართალდამცავები მას ეუბნებოდნენ - "ჩვენ ვიცით, რომ პატრიარქის მოწამვლას აპირებდი". 

თავად დეკანოზი ბრალს არ აღიარებს. მისი თქმით, ციანიდის შეძენა მას თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა ნაცნობი ხატმწერისთვის, თუმცა საბოლოოდ მას ციანიდი არ შეუძენია და ჩაუდეს.

კომენტარები