გერმანიის ეგზიტპოლის შედეგები - ანგელა მერკელი მე-4 ვადით აირჩიეს

AP Photo
განახლებადი


გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მეოთხე ვადით აირჩიეს ფედერალურ არჩევნებში. 

ARD-ის კვლევების მიხედვით, მერკელის კონსერვატიულმა ალიანსმა (CDU/CSU) ხმების 32.9% დააგროვა, რითიც ქვეყანაში ყველაზე ძლიერ ძალად დარჩა. 

სოციალ დემოკრატიულმა პარტიამ (SPD), რომლის კანცლერობის კანდიდატიც მარტინ შულცი იყო, ეგზიტპოლის მიხედვით, ხმების 20.6% მიიღო, რითიც მეორე ადგილზე გავიდა. 

ამომრჩეველთა 13%-მა მხარი ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) დაუჭირა, თავისუფალ დემოკრატიულ პარტიას (FDP) 10.6%-მა, მწვანეების პარტიას 8.9%-მა და მემარცხენეებს 9.1%-მა.

გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნებში ზღვარი 5%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ზემოაღნიშნულ ყველა პარტიას ეყოლება თავისი წარმომადგენლები ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში.

რატომ არის ეს არჩევნები მნიშვნელოვანი

24 სექტემბერს გერმანიაში არჩევნები გაიმართება. არჩევნების შედეგები მნიშვნელოვანია არა მარტო გერმანიისთვის. ევროპის კონტინენტზე ყველაზე დიდი ეკონომიკის და მეტი მოსახლეობის მქონე ქვეყანას დიდი გავლენა აქვს ევროკავშირის პოლიტიკაზე. 2019 წელს დიდი ბრიტანეთის ორგანიზაციიდან გასვლის შემდეგ ეს გავლენა კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამისად იმ ძალას, რომელიც გერმანიის ხელისუფლებაში მოვა, დიდი გავლენა ექნება ევროკავშირის ეკონომიკის და უსაფრთხოების პოლიტიკასა და ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე.


საარჩევნო სისტემა


გერმანიაში არჩევნები შერეული პროპორციული სისტემით ტარდება, რაც გულისხმობს იმას, რომ ამომრჩეველს ექნება ორი საარჩევნო ბიულეტენი. ერთით ხმას მისცემს ოლქის კანდიდატს, ხოლო მეორეთი - პოლიტიკურ პარტიას. ოლქში გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც დააგროვებს ხმების უმეტესობას. ამგვარად აირჩევა 299 დეპუტატი. სულ მცირე 299 დეპუტატი აირჩევა პროპორციული სისტემით. პროპორციული მანდატები ნაწილდება იმ პარტიებზე, ვინც მინიმუმ 3 ოლქი მოიგო ან ვისმა სიამაც ხმების 5%ზე მეტი დააგროვა. თუ პარტიის მიერ ოლქებში გაყვანილი დეპუტატების ოდენობა მეტია, ვიდრე ამ პარტიის პროპორციული შედეგი, მაშინ სხვა პარტიები კომპენსაციის სახით დამატებითმანდატებს მიიღებენ, რათა თავიდან იქნეს აცილებული ბუნდესტაგში ყველა პოლიტიკური ძალის მიერ მიღებული ხმების პროპორციული წარმომადგენლობის პრინციპის დარღვევა. ამის შედეგად ბუნდესტაგის წევრთა რიცხვი არჩევნებიდან არჩევნებამდე მუდმივად იცვლება.

სოციოლოგიური კვლევის შედეგებიდან გამომდინარე საეჭვოა რომ რომელიმე პარტიამ მოახერხოს უმრავლესობის მოპოვება. შესაბამისად არჩევნების შემდეგ დაიწყება კოალიციების ჩამოყალიბების პროცესი. პარტია, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მოიპოვებს (ბოლო მონაცემებით ეს მერკელის ქრისტიან დემოკრატიული პარტია იქნება) მოალაპარაკებებს დაიწყებს დანარჩენ პარტიებთან მთავრობის ჩამოსაყალიბებლად.

ვრცლად: რა უნდა იცოდეთ გერმანიის ფედერალური არჩევნების და მასში მონაწილე ძირითადი პარტიების შესახებ

ასევე წაიკითხეთ: - გერმანიის ნაციონალისტური პარტია (AFD) ბუნდესტაგში მესამე ძალაა - რა უნდა ვიცოდეთ? და ვისთან შეკრავს კოალიციას ანგელა მერკელი მთავრობის ფორმირებისთვის?

 

კომენტარები