კულტურის პალატა

მაცაცო სებისკვერაძე ოქიტაშვილზე: მე არავინ დამკავშირებია და არც წასვლას ვაპირებ

მუსიკოსი მაცაცო სებისკვერაძე ამბობს, რომ დათო ოქიტაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს ხვალ თსუ-ში დაგეგმილ ღონისძიებაზე, სადაც სტუდენტები "თბილისის საპატიო მოქალაქეებს" შეხვდებიან, სებისკვერაძეც იქნება, სიმართლეს არ შეესაბამება. 

მაცაცო სებისკვერაძის თქმით, მას არავინ დაკავშირებია. 

"მე არავინ დამკავშირებია და არც წასვლას ვაპირებ. და საერთოდ, მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას არ ვიღებ,"- ამბობს სებისკვერაძე.

კულტურის პალატისა და თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ხვალ თსუ-ის მერვე კორპუსის სააქტო დარბაზში "თბილისის საპატიო მოქალაქეები" სტუდენტებს შეხვდებიან. ღონისძიების აღწერაში ჩამოთვლილ ადამიანებს შორის, ბევრი ქართულ ოცნებას ღიად უჭერს მხარს და 2016 წლის ივნისში პარტიის ახალი სახეების წარდგენაზეც კი იყვნენ საპატიო სტუმრის სტატუსით. 

ამასთან დაკავშირებით, ტაბულა დაუკავშირდა კულტურის პალატის პრეზიდენტს დავით ოქიტაშვილს, რომელმაც გვითხრა, რომ "თბილისის საპატიო მოქალაქეების დიდი ნაწილი მხარს კალაძეს უჭერს", თუმცა ღონისძიება პოლიტიკური აგიტაცია არ იქნება, რადგან იქ მაცაცო სებისკვერაძეც მიიღებდა მონაწილეობას, რომლის შვილიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მარიკა გერსამიაა.

კომენტარები