საყოველთაო ჯანდაცვა

საყოველთაო ჯანდაცვა საქართველოს ჯარის და პოლიციის შენახვაზე ძვირი უჯდება

ტაბულა

ფინანსთა სამინისტრომ 2018 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი რეკორდულ 3.5 მილიარდ ლარამდე იზრდება. ეს 2017 წლის ბიუჯეტს 112 მილიონი ლარით აღემატება.

ბიუჯეტის მიხედვით 44 მილიონით იზრდება და 704 მილიონ ლარს აღწევს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. ეს იმაზე მეტია, ვიდრე მთელი თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, რომელიც 2018 წლისთვის 702 მილიონ ლარზეა დაგეგმილი.

2018 წლისთვის მთავრობა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტს 46 მილიონი ლარით ამცირებს, თუმცა ეს შემცირება სამინისტროში დასაქმებული 42 ათასი ადამიანის ანაზღაურებას არ ეხება. ისინი მომდევნო წელს 0.2%-ით მეტ ხელფასს, 379 მილიონ ლარს აიღებენ. თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის მიხედვით ბიუჯეტის 53% დასაქმებულთა ხელფასებზე უნდა დაიხარჯოს.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტზე მეტი იქნება. შსს-ს ბიუჯეტი 2018 წელს 605 მილიონი ლარი იქნება, რაც ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტზე 99 მილიონი ლარით ნაკლებია. 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი წლების განმავლობაში ასე იცვლებოდა:

  • 2014 - 338 მილიონი ლარი
  • 2015 - 573 მილიონი ლარი
  • 2016 - 681 მილიონი ლარი
  • 2017 - 660 მილიონი (გეგმა)
  • 2018 - 704 მილიონი (გეგმა)

კომენტარები