შთამაგონებელი ისტორიები

14 წელი და 2 კარიერული კრახი ცხოვრების მთავარ, ემოციურ წერილამდე

boredpanda.com

ჯეიმს ბრეიქუელი ამერიკაში ცნობილი კომედიის მწერალია, რომელიც პოპულარული თავისი Twitter-ის პოსტებით გახდა, სადაც ხშირად წერდა შვილების აღზრდასთან დაკავშირებულ ხუმრობებს. 

თუმცა, ამჯერად, მან სულ სხვა საფეხურზე გადაინაცვლა. 

"14 წელი დამჭირდა, რომ ეს წერილი დამეწერა. დღეს, როგორც იქნა, გავგზავნე ის,"- წერს ჯეიმსი. 

წერილი იმ ადამიანს მიუვიდა, ვისაც მისი სჯეროდა და მისთვის შთაგონების წყარო იყო. ჩვენ ყოველთვის ვერ ვახერხებთ, რომ მადლობა გადავუხადოთ მათ, ვინც ეს დაიმსახურა, მაგრამ ჯეიმსმა ეს შეძლო. მოიმარაგეთ ხელსახოცები და მოემზადეთ წერილის წასაკითხად. 

"ძვირფასო კრის, 

დიდი ალბათობით, შენ ახლა გაოგნებული ხარ - მიიღე წიგნი, რომელიც არ შეგიკვეთია, თემაზე, რომელიც არ გაინტერესებს და ავტორისგან, რომელსაც ვერ ცნობ. ახლავე აგიხსნი. 

ბევრი წლის წინ, სკოლის დამამთავრებელ საღამოზე სიტყვით გამოვედი. შენ იქ ჩემს სანახავად არ ყოფილხარ, იქ შენი ქალიშვილის გამო იდექი, რომელიც ჩემი კლასელი იყო, მაგრამ შენ მაინც ზრდილობიანად მისმენდი ნაცვლად იმისა, რომ საპირფარეშოში გასულიყავი ან თავი მოგეჩვენებინა, თითქოს გულის შეტევა გქონდა. 

მოგვიანებით, შენ მთხოვე, რომ ჩემი სიტყვის დაბეჭდილი ვერსია მომეცა შენთვის ჩემი ავტოგრაფით. როდესაც გკითხე, რატომ, მიპასუხე, რომ ოდესმე აუცილებლად მივაღწევდი წარმატებას.

შენ, შეიძლება, არც გახსოვს, რომ ეს მთხოვე. უფრო სწორად, დარწმუნებული ვარ, რომ არ გახსოვს. და ახლა რომ გკითხო, სად არის ის ხელმოწერილი ფურცელი, მე იმავე პასუხს მივიღებდი, რასაც ჩემი შვილები იღებენ, როდესაც მეკითხებიან, სად წავიდა მათი ნახატები, რომლებიც მაცივარში დადეს. 

თუმცა, რაც მნიშვნელოვანია ისაა, რომ დიდი ხნის წინ სულ რაღაც რამდენიმე წუთით, შენ ჩემი გჯეროდა. შენ პირველი ადამიანი იყავი, რომელმაც ავტოგრაფი მთხოვა. მე მაშინ ჩუმად დავიფიცე, რომ როდესაც დავწერდი წიგნს, პირველ ხელმოწერილ ვერსიას სწორედ შენ მიიღებდი. 

ამას დრო დასჭირდა. დიდი დრო. მოდი, არ გვინდა იმაზე ლაპარაკი, რამდენი დრო დასჭირდა ამას. ეს წერილი მხიარული უნდა იყოს და არა - დეპრესიული, მაგრამ 14 წლისა და 2 კარიერული კრახის შემდეგ, როგორც იქნა, ვიპოვე გამომცემელი, რომელსაც ჩემი ისევე სჯეროდა, როგორც შენ მაშინ. 

ეს არის ის ხელმოწერილი წიგნი. მინდოდა, მეთქვა, რომ იმ წარმატებას მივაღწიე, რომელიც შენ იწინასწარმეტყველე, მაგრამ შესაძლოა, ეს წიგნი იყოს ყველაზე წარმატებული რამ ჩემს ცხოვრებაში. თუმცა, სამაგიეროდ, მე იქამდე მოვედი, რომ შემესრულებინა ფარული პირობა, რომელზეც შენ წარმოდგენა არ გქონდა და ჩემთვის ეს ყველაფერს ნიშნავს. 

გმადლობ, რომ ჩემი გჯეროდა. ბოდიში, რომ უფრო კარგი წიგნი ვერ მიიღე."


ჯეიმს ბრეიქუელმა ხელმოწერილი წიგნის ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც წერია:

"ძღვნად კრისს:

ეს პირველი წიგნია, რომელსაც ავტოგრაფი გავუკეთე. გააგრძელე ჩემი შესაძლებლობების რწმენა. ვინ იცის, იქნებ, 14 წელიწადში კიდევ ერთხელ მიიღო უფასო წიგნი. ჯეიმს ბრეიქუელი.
"

კომენტარები