სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

თარგამაძე: ჩატაევის შემოსვლა გახარიას მოადგილის, საბანაძის პასუხისმგებლობაცაა

გივი თარგამაძე

ევროპული საქართველოს წევრის გივი თარგამაძის თქმით, ის რომ ტერორისტულმა დაჯგუფებამ ქვეყანაში შემოაღწია, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის კახაბერ საბანაძის პირადი პასუხიმგებლობის საკითხიცაა. თარგამაძე ამბობს, რომ სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ახმედ ჩატაევმა და მისმა ჯგუფმა საზღვარი გადმოკვეთა საბანაძე იკავებდა სუს-ის კონტრტერორისტული დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილის პოსტს.

„დღესდღეობით შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებს ბატონი კახაბერ საბანაძე. გამომდინარე იქედან, რომ მინისტრი ძალიან შორს არის შსს-ს თემატიკისგან, ფაქტობრივად, საბანაძე ასრულებს მინისტრის ფუნქციებს. რაც შეეხება უშუალოდ საპოლიციო ფუნქციებს, საბანაძეა მთავარი ფიგურა.

აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ საბანაძე იმ პერიოდში, როცა უკვე დადასტურებულად ამ ჯგუფმა შემოაღწია საქართველოში, იკავებდა სუს-ის კონტრტერორისტული დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილის პოსტს. აქედან გამომდინარე ამ ტერორისტული ჯგუფის ქვეყანაში შემოსვლა, არის მათ შორის, საბანაძის პირადი პასუხიმგებლობის საკითხი.

შესაბამისად, თუ რა თქმა უნდა, ხელისუფლებას რეალურად უნდა ბრძოლა ასეთ მოვლენასთან და სიტუაციის გამოსწორება, უსწრაფესად უნდა ჩამოაშორონ საბანაძე არა მხოლოდ შს მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს, არამედ საერთოდ სამართალდამცავ სისტემას და შემდგომ განიხილონ მისი პასუხისმგებლობის საკითხი სხვა სიბრტყეში.“ - ამბობს თარგამაძე.

გივი თარგამაძე ახლახან დანიშნულ თანამდებობის კიდევ ერთ პირზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ თანამდებობას საპატრულო პოლიციის ახლადდანიშნული უფროსი თეიმურაზ კუპატაძეც უნდა ჩამოშორდეს. რადგან კუპატაძე აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსობის დროს, ე.წ კანონიერი ქურდის ლავასოღლის, მინდია გორაძის საზღვარზე უკანონო გადაყვანა-გადმოყვანას აორგანიზებდა.

„გარდა ამისა, მას შემდეგ რაც თეიმურაზ კუპატაძე გამოუშვეს აჭარის პატრულის უფროსის პოსტიდან, მისმა დარჩენილმა კადრებმა სუს-თან ერთად მოახდინეს პროვოცირება იმ ამბების, რომელიც საბოლოო ნახევარი ბათუმის დარბევით დამთავრდა. ამ ადამიანს დღეს ჩააბარეს საზღვარი,  მოგეხსენებათ გამშვებ პუნქტებს ემსახურება პატრული. რეალურად ადამიანი, რომელიც დაკავებული იყო საზღვრის უკანონო კვეთების ორგანიზებით, ახლა ხელმძღვანელობს ამ გამშვებ პუნქტებს. უახლოეს მომავალში ჩატაევზე უარესი ჯგუფი რომ აღმოვაჩინოთ თბილისის ცენტრში არ უნდა გაგვიკვირდეს.“ - ამბობს გივი თარგამაძე.

რაც შეეხება სუს-ის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, გივი თარგამაძე ამბობს, რომ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე დღეს ახალი არაფერი უთქვამთ და კითხვები ქვეყანაში ტერორისტული ჯგუფის შემოღწევისა და ქვეყნის უსაფრთხოების შესახებ კვლავ რჩება.

„ჯერაც არ დაასახელეს დაკავებულის ან სხვა ლიკვიდირებულების ვინაობა და არ დაასახელეს რეალურად როგორ გაჩნდა ის ჯგუფი ქვეყანაში. ამბობენ, რომ არალეგალურად, თითქოს გამართლებასავით, თუმცა ეს მათ პასუხისმგებლობას მხოლოდ და მხოლოდ ამძიმებს, ვინაიდან სწორედ ამაზეა საუბარი, რომ არალეგალურად ვერ უნდა შეძლოს, ვერც მსგავსმა და ვერც სხვა ჯგუფმა ქვეყნის საზღვრის კვეთა.

ეკა ბესელიას კომენტარიც გვახსოვს ამასთან დაკავშირებით, საზღვრებს კი ვიცავთ, მაგრამ მაინც შესაძლოა შემოღწევა. გაუგებარია ეს ახსნა, საზღვარი არის ქვეყნის მთელ პერიმეტრზე და მას ან იცავ ან ვერ იცავ, ასე სანახევროდ დაცვა საზღვრის არ არსებობს ასეთი ცნება. უსაფრთხოების სამსახურმა  დღეს განაცხადა, რომ მათთვის პრიორიტეტი არის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა, როგორ მოახერხეს შემოღწევა ეს მეორეხარისხოვან საკითხად დასვეს.

რეალურად პირველ რიგში მოქალაქეთა უსაფრთხოება იწყება სწორედ იქედან, რომ ასეთმა ჯგუფმა ვერ უნდა შეძლოს ქვეყანაში შემოღწევა, ამ თემის გამეორეხარისხოვნება არ გამოვა უბრალოდ." - ამბობს თარგამაძე.

გივი თარგამაძის თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ჩატაევისა და მისი ჯგუფის შემოშვება სახელმწიფოებრივ დონეზე იყო გადაწყვეტილი, თუმცა მეორეს მხრივ იგი დარწმუენბულია, რომ “საშუალო თუ დაბალ დონეზე ამ ჯგუფს მფარველები და შემომყვანები ჰყავდა“.

კომენტარები