ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა

"ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტი საფრთხეშია" - მიმართვა პრეზიდენტს და პრემიერს

60-ზე მეტი მწერალი, გამომცემელი და მთარგმნელი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს და კულტურის მინისტრს მიმართავს, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს და თანამშრომლებს სამუშაო პროცესში ხელი შეუწყონ. ცნობისთვის, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოებისას შექმნილი პრობლემების გამო, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მედეა მეტრეველმა სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით კულტურის მინისტრს მიმართა. მეტრეველის განმარტებით, პროექტის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, შეიცვალა პროექტის ხელმძღვანელი და წიგნის ცენტრს აღარ აქვს გადაწყვეტილებების მიღების უფლება პროექტის ადმინისტრირებაზე, ხარისხიან და დროულ შესრულებაზე. ამან კი, მედეა მეტრეველის თქმით, თავად, როგორც ცენტრის ხელმძღვანელი, ახალი რეალობის წინაშე დააყენა.

60-ზე მეტი მწერალი, გამომცემელი და მთარგმნელი მიიჩნევს, რომ შექმნილი ვითარება უპირობოდ აფერხებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტის მზადების პროცესს.

"უკანასკნელ ეტაპზე, როდესაც ყოველ წუთს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, ნებისმიერი რადიკალური გადაწყვეტილების მიღება ყოვლად გაუმართლებლად მიგვაჩნია. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის გათავისუფლება კი ყოველგვარ ზღვარს სცდება. მედეა მეტრეველის და მისი გუნდის გარეშე 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით ღირსეულად წარდგენას საფრთხე ემუქრება" - ნათქვამია ღია წერილში.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტის შეფერხებაზე საუბრობს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოც.  

"დარჩენილ მოკლე პერიოდში, ნებისმიერი რყევები და მენეჯმენტის ცვლილება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს წიგნის ცენტრის გუნდის დაშლა, დააზარალებს პროექტის შესაბამისი სტანდარტების და შეზღუდული ვადების დაცვით წარმართვას.

პროექტის მაღალსახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და არსებული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, ხელი უნდა შევუწყოთ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს და თანამშრომლებს, გააგრძელონ მუშაობა პროექტის წარმატებულად განხორციელებისთვის" - ნათქვამია განცხადებაში.

დასკვნით ეტაპზე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტს ორი ახალი ხელმძღვანელი დაუნიშნეს. დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი ფრანკფურტში საქართველოს რეპრეზენტატორი, სიმბოლური ხელმძღვანელი იქნება. პროექტის კიდევ ერთ პასუხისმგებელ პირად კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაინიშნა. თავად წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორის მედეა მეტრეველის თქმით, მას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორებთან კომუნიკაცია აუკრძალეს.

"ძალიან ბევრი უპასუხო მეილები გვაქვს წიგნის ბაზრობიდან, ვერაფერს ვერ ვაკეთებთ, აგვიკრძალეს ჩვენ კომუნიკაცია." ჩვენ განვახორციელებთ კომუნიკაციას და გაგაგებინებთ, რა უნდა გააკეთოთო... პავილიონი უნდა გვქონოდა 12 დეკემბერს, ახლა მთხოვენ მაისის ბოლომდე გადადებას. ერთი მხრივ, კანონის დარღვევაზეც მიდის საუბარი და შენ უნდა აიღო პასუხისმგებლობაო და ვერ ავიღებ მე ამ პასუხისმგებლობას. ვშიშობ, ამ მოცემულობაში მაისშიც არ გვექნება პავილიონი, რაც სრული კატასტროფაა" - თქვა მეტრეველმა და კულტურის მინისტრს ინიციატივით მიმართა.

"პროექტის ფარგლებში ცენტრმა უზრუნველყოს უშუალოდ ქართული ლიტერატურული და საგამომცემლო პროგრამის განხორციელება და ლიტერატურული თარგმანების მომზადება. რაც შეეხება მთლიანი პროექტის სხვა საკვანძო საორგანიზაციო მიმართულებებს, რომლებიც დიდი თანხების მართვასთან არის დაკავშირებული (პავილიონი, პიარ კამპანია გერმანიაში, სრული პროექტის ლოჯისტიკა, კულინარიული პროგრამა და სხვა), გადავიდეს იმ უწყების მართვაში, რომელიც, როგორც გადაწყვეტილების მიმღები, უშუალოდ იქნება პასუხისმგებელი, როგორც შინაარსობრივ, ასევე ფინანსურ მართვაზე და შესრულებაზე" - ნათქვამია წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მედეა მეტრეველი პოსტიდან გადადგომას აპირებს.

კულტურის მინისტრი ამბობს, რომ მისთვის "უცბად ასეთი გადაწყვეტილება ძალიან მოულოდნელი იყო". მიხეილ გიორგაძის თქმით, თუ ცენტრის დირექტორი პოზიციას არ შეიცვლის, იძულებული იქნება, მისი განცხადება დააკმაყოფილოს. მისივე განმარტებით, "დღეს პროექტის პასუხისმგებელი არის მანანა ბერიკაშვილი, რომელიც უშუალოდ ყველა სამუშაო პროცესს კოორდინირებს". გიორგაძის თქმით, გადადგომის შემთხვევაში, მედეა მეტრეველი გადააბარებს საქმეებს ახალ ხელმძღვანელს და "გავაგრძელებთ მუშაობას". კულტურის მინისტრს წიგნის ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორის კანდიდატურა ჯერ არ ჰყავს.

2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმარი ქვეყანა იქნება. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან მოლაპარაკებები 2010 წლიდან მიმდინარეობს. 2014 წელს, კულტურის სამინისტრომ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლითაც ქართულმა მხარემ პასუხისმგებლობა აიღო ღონისძიების შესაბამისი სტანდარტებით განხორციელებაზე.

2014 წელსვე, პროექტის ფარგლებში, კულტურის სამინისტრომ შექმნა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, რომელსაც დაევალა როგორც ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ, ასევე საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ეფექტური და წარმატებული მართვა.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტის ბიუჯეტი 16 მილიონი ლარია.

კომენტარები