კრიმინალი

ენმ-ის წევრზე თავდასხმისთვის ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრ ალექსანდრე კვახაძეზე თავდასხმისთვის ერთი პირი დააკავეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ძალადობის ბრალდებით დაკავებულია 1990 წელს დაბადებული ი.შ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქე ა.კ.-ს მიმდინარე წლის 17 იანვარს დაუკავშირდა თავისი მეზობელი - ი.რ. და შეხვედრა სთხოვა. იგი ი.რ.-სა და მის  ნაცნობს - შ.ი.-ს 18 იანვარს, თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე, სკვერში შეხვდა. ი.რ.-მ გარკვეული თანხა სთხოვა ა.კ.-ს, რაზეც მან უარი უთხრა. ასევე, დადგინდა, რომ ი.რ.-მ, სასურველი თანხის მიღების მიზნით, ა.კ.-ს მობილური ტელეფონის ლომბარდში ჩაბარება სთხოვა, რაზეც კვლავ უარი მიიღო. ამის შემდეგაც მათ საუბარში ჩაერთო შ.ი., რომელმაც ა.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა", - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს და ჯარიმას ან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრის თქმით, ფიზიკური დაზიანებები საკუთარ სახლთან მიაყენეს. ალექსანდრე კვახაძის ინფორმაციით, პირები, ვინც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, 600 ლარს ითხოვდნენ. 

"ჩემს სახლთან შემხვდნენ იქვე მცხოვრები პირები და მთხოვეს თანხა, რომელიც დაახლოებით ორჯერ აღემატება ჩემს ყოველთვიურ შემოსავალს. ასევე, მთხოვდნენ, ეს თანხა ონლაინ სესხის სახით გამომეტანა. ამაზე ვუთხარი პრინციპული და კატეგორიული უარი, რის შემდეგაც წამოვიდა მუქარა და შეურაცხმყოფელი სიტყვები. ამის მიუხედავად, მე უარზე ვიყავი, რომ მიმეცა მათთვის თანხა, რის შემდეგაც თავს დამესხნენ და ფიზიკურად გამისწორდნენ", - თქვა კვახაძემ.

კომენტარები