თბილისის საქალაქო სასამართლო

ბექა წიქარიშვილს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

რადიო თავისუფლება

თბილისის საქალაქო სასამართლომ თეთრი ხმაურის მოძრაობის დამფუძნებელ ბექა წიქარიშვილს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს განმარტებით, ჯარიმა ვერ უზრუნველყოფდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების მიზნებს. 

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან თეთრი ხმაურის მოძრაობის დამფუძნებელი ბექა წიქარიშვილი და რეჟისორი თორნიკე ბზიავა გუშინ, გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ დააკავეს. ისინი ნარკოდანაშაულში ბრალდებულისთვის 8-წლიანი პატიმრობის მისჯას აპროტესტებდნენ.

"ორმა პირმა დაარღვია წესრიგი, კერძოდ, სასამართლოს ეზოში გასვლის შემდეგ, ერთ-ერთი მათგანი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა სასამართლოს, ხოლო მეორემ შენობის მიმართულებით ისროლა აგური, რის შედეგადაც ჩაიმსხვრა ცენტრალური შემოსასვლელის მინა. სასამართლო მანდატურის სამსახურმა აღკვეთა ქმედება და წესრიგის დაცვის მიზნით ორივე მათგანი დააკავა”, - აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლო.

ბექა წიქარიშვილის და თორნიკე ბზიავას მიმართ საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის დაუმორჩილებლობა) მუხლებით დაიწყო. გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის შუშის ჩატეხის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. შსს-ში ტაბულას განუმარტეს, რომ ამ გამოძიების ფარგლებში, შესაძლოა, ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების ბრალეულობაც გამოიკვეთოს.

თორნიკე ბზიავა გუშინვე, 500-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

კომენტარები