თავდაცვის სამინისტრო

პრემიერი: თავდაცვის სამინისტრომ სარეზერვო სისტემის ახალი კონცეფცია შეიმუშავა

მთავრობის ადმინისტრაცია

თავდაცვის სამინისტრომ სარეზერვო სისტემის ახალი კონცეფცია შეიმუშავა. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა კვირიკაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის დაწყების წინ გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მოქმედი რეზერვის და მობილიზაციის სისტემა სერიოზულ გარდაქმნასა და დახვეწას რომ საჭიროებს, ეს "უახლესმა ისტორიამაც ნათლად აჩვენა. 

"ახალი კონცეფცია, რომელიც არის შემუშავებული, ტოტალურ თავდაცვაში საქართველოს მოქალაქეების ჩართულობას და სამობილიზაციო რესურსის ოპტიმალურად გამოყენებას ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სამობილიზაციო რეზერვთან ერთად აქტიური რეზერვის სამი სხვადასხვა სახე არის გათვალისწინებული ახალი კონცეფციის მიხედვით, ეს არის - ნებაყოფლობითი, საკონტრაქტო და ანაზღაურებადი. ჩვენ ეს სისტემა საშუალებას გვაძლევს, რომ საქართველოს მოქალაქემ თავისი ადგილი ამ სისტემაში ისე მოძებნოს, რომ ის არ მოწყდეს სამოქალაქო აქტივობას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი,"- განაცხადა პრემიერმინისტრმა. 

კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა თავდაცვის სამინისტროს და მინისტრს ლევან იზორიას. პრემიერმინისტრი ამბობს, რომ დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო განხილვები, რომელიც დღევანდელი დღიდან დაიწყება, ძალიან პროდუქტიული იქნება. 

"დარწმუნებული ვარ, პარლამენტის გარდა ჩაერთვებიან, ასევე, ამ მიმართულების ექსპერტები ამ განხილვაში და, შედეგად, ჩვენ მივიღებთ იმ სისტემას, რომელიც იქნება დაბალანსებული, სწორი და იმ საჭიროებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია,"- ამბობს კვირიკაშვილი. 

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უწყების მიერ მომზადებული რეზერვის ახალი კონცეფციის მიზანი მოქალაქეების ფართო ჩართულობის უზრუნველყოფა და სამობილიზაციო რესურსის ოპტიმალურად გამოყენებაა. 

მათივე ცნობით, ახალი კონცეფციის თანახმად ორი ტიპის რეზერვი შეიქმნება - აქტიური და სამობილიზაციო. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქტიური რეზერვი იქნება ნებაყოფლობითი, კონტრაქტი გაფორმდება 5 წლამდე ვადით, ხოლო 5-წლიანი პერიოდი შრომის საერთო სტაჟში ჩაითვლება. გაწვევის შემთხვევაში რეზერვისტს სამუშაო ადგილი და ხელფასი შეუნარჩუნდება. 

აქტიური სარეზერვო სამსახური 3 ნაწილად დაიყოფა:

  • შეიარაღებული ძალების რეზერვი;
  • ტერიტორიული რეზერვი;
  • სპეციალისტთა რეზერვი. 

კომენტარები