26 მაისი

საქართველომ ილჰამ ალიევი 26 მაისს, დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეზე მოიწვია

Getty Images

საქართველოს მთავრობამ 26 მაისს, დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეზე აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მოიწვია. 

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ილჰამ ალიევთან გამართა შეხვედრა. შეხვედრაზე მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად, დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღნიშვნის შესახებ ისაუბრეს.

2018 წელს საქართველო, ისევე როგორც აზერბაიჯანი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 100 წლისთავს აღნიშავს. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-1920 წლებში არსებობდა. მისი დამოუკიდებლობა თბილისში, 1918 წლის 28 მაისს, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ორ დღეში გამოცხადდა. 

დიმიტრი ქუმსიშვილი აზერბაიჯანში სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მეოთხე მინისტერიალს ესწრება. ეკონომიკის მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან ბერატ ალბარაიქსთან და კომპანია BP-ის რეგიონალურ პრეზიდენტთან გარი ჯონსთან. 

"სამხრეთის გაზის კორიდორით" საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდება უნდა მოხდეს. გაზსადენი მომავალში დაუკავშირდება ტრანსანატოლიურ (TANAP) და ტრანსადრიატიკულ (ТАР) გაზსადენებს, რომლის შედეგადაც შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზი საბოლოოდ ევროპის ბაზარზე შევა.

კომენტარები