ბოლო ხუთი წელი საქართველოს მთავრობა თავისივე მოსახლეობას არწმუნებდა, რომ ისინი სასწაულის მომსწრეები იყვნენ: მასობრივი ამნისტიის, დამნაშავეთა ნახევარზე მეტის ციხეებიდან გამოშვების და სასჯელების შემცირების მიუხედავად, დანაშული განუხრელად მცირდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მსჯელობა საღ აზრს ეწინააღმდეგება, ხალხის უმეტესობა მაინც ფიქრობდა, რომ სწორია მთავრობა და არა - ლოგიკა. ბოლო ორი წელი მთავრობამ დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნებაც შეწყვიტა - ვის სჭირდება ციფრები, როცა სიტყვაზე გენდობიან. გავიდა დრო და ეს სასწაული ჩვეულებრივი შარლატანობა აღმოჩნდა. ოღონდ, ჩვენ ამას ვერ გავიგებდით, ევროკავშირს რომ არ ეთქვა: ასე გაგრძელება აღარ შეიძლებაო. გერმანიის მთავრობამ საჯაროდ განაცხადა, რომ ქართველი კრიმინალებისა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემდგომი ზრდის შემთხვევაში, უკვე მიღწეულია კონსენსუსი, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლას შეუჩერებენ. უკრაინასა და მოლდოვას, რომლებმაც თითქმის ჩვენთან ერთად მიიღეს უვიზო მიმოსვლა, მსგავსი საფრთხე არ ემუქრებათ.

როგორ მივედით იქამდე, რომ აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე უსაფთხო ქვეყნიდან ევროკავშირში კრიმინალის ერთერთ უმსხვილეს ექსპორტიორად ვიქეცით?

სჯობს, ისევ ციფრებს მივმართოთ: ყველაზე ნაკლები ადამიანი, რაც საქართველოს ციხეებში მჯდარა, იყო დაახლოებით 5 ათასი. ეს იყო შევარდნაძის დროს, როდესაც კანონიერი ქურდობა ყველაზე სასურველი პროფესიების ჩამონათვალში ლიდერობდა. კომუნისტების დროს ქართველი პატიმრების რაოდენობა დაახლოებით 18 ათასს შეადგენდა. და მიუხედავად რეპრესიული სახელმწიფოსი, მოქალაქეები არ იყვნენ დაცულები არც ჩვეულებრივი და არც კანონიერი ქურდებისაგან. "სისხლიანი ცხრა წლის" დროს პატიმრების მაქსიმალური რაოდენობა შეადგენდა 24 ათასს, თუმცა 2012 წლისათვის 22 ათასამდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ეს კლება უკვე მაშინ დაეტყო დანაშაულის სტატისტიკას. როგორც კი პატიმრების რაოდენობა შემცირდა, მაშინვე დაიწყო დანაშაულმა ზრდა.

დღეს, ციხეებში 9 ათასი პატიმარი ზის. თუ 24 ათასიდან 22 ათასამდე შემცირებამ იმ ხელისუფლების პირობებში გამოიწვია დანაშაულის ზრდა, 22 ათასიდან 9 ათასამდე შემცირება რას იზამდა ამ ხელისუფლების პირობებში, ამის განსჯა საღი აზრისთვის მომინდვია. ვინც საღ აზრს არ ენდობა, ჰკითხოს გერმანიის, ან შვედეთის, ან საფრანგეთის მთავრობას. ნებისმიერს, საკუთარის გარდა.

და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი: გარიგება ხელისუფლებასა და ორგანიზებულ დანაშაულს შორის. კიევი-თბილისის რეისებიდან გამქრალი კანონიერი ქურდების ისტორიები ყველას გვახსოვს. არჩევნებზე კოორდინატორებად გამოყვანილი "შპანაც" ყველამ საკუთარი თვალით ვნახეთ. ამგვარი გარიგება მთლიანად და კატასტროფულად ანგრევს სამართალდამცავ სისტემას. შედეგიც ვნახეთ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობის ათეულობით მოწმიდან, პრაქტიკულად არავინ ითანამშრომლა პოლიციასთან. ასე იქნება ამის მერეც, მანამ, სანამ ვითარება რადიკალურად არ შეიცვლება.

ვითარება რომ შეიცვალოს, ქვეყანა ისევ უსაფრთხო გახდეს და უვიზო რეჟიმი არ გაგვიუქმონ, ორი რამაა სასწრაფოდ გასაკეთებელი: ორგანიზებულ დანაშაულთან დადებული კონტრაქტი უნდა გაუქმდეს და ის ადამიანები, რომლებიც დამნაშავეების მიმართ ლოიალობით გამოირჩევიან, უნდა წავიდნენ ხელისუფლებიდან. და ეს უნდა მოხდეს ხისტად და დემონსტრაციულად. და მეორე, პატიმრების რაოდენობა უნდა გაიზარდოს. 9 ათასი პატიმრით კრიმინალი ისევ "შესანიშნავ მდგომარეობაში" დარჩება.

კომენტარები