პრემიერი: საბჭოთა რეჟიმმა შეიწირა საქართველოს დემოკრატიული განვითარება

მთავრობის ადმინიტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის თარიღს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, თუმცა მისი გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია ისევ რუსეთის მიერ.  

"ჩვენი სამშობლოს უახლეს ისტორიაში 25 თებერვალი ერთერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია - 97 წლის წინ ქართველი პატრიოტებისა და იუნკერების სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციით დასრულდა.საბჭოთა რეჟიმის მმართველობამ შეიწირა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და ათასობით ჩვენი თანამემამულის სიცოცხლე.

ამის მიუხედავად, თავისუფლების იდეა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა არასოდეს ჩამქრალა ჩვენს ერში და არ შეწყვეტილა ამ ღირებულებებისთვის ბრძოლა. 
დღეს საქართველო დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქვეყანაა, თუმცა მისი ნაწილი ისევ ოკუპირებულია. ჩვენ არასოდეს შევეგუებით ამას და ყველა სამშვიდობო ბერკეტს გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის გასამთლიანებლად,"- ნათქვამია პრემიერმინისტრის ოფიციალურ განცხადებაში.

ამ დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშა დაშვებულია საქართველოს მთავრობის ადმინიტრაციის შენობაზე, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მდებარე ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

კომენტარები