საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლა

ქუმსიშვილი: ღუდუშაურის კლინიკაში მყოფ ყველა პაციენტს ვესაუბრე, ყველა კონტაქტურია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ღუდუშაურის კლინიკაში გუდაურში დაშავებული პაციენტები მოინახულა. ქუმსიშვილის თქმით, ღუდუშაურის კლინიკაში მყოფ ყველა პაციენტს პირადად ესაუბრა და ყველა მათგანი კონტაქტურია, მათ შორის უკრაინის მოქალაქე ქალი, რომლის მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო. მისივე ინფორმაციით, გუშინდელი ინციდენტის დროს დაშავებული ერთერთი პაციენტი ოლეგ ვიტროკი უკვე გაეწერა საავადმყოფოდან და კვლავ დაბრუნდა გუდაურში სასრიალოდ.

„პირველ რიგში, კარგი ამბით მინდა დავიწყო - დღეს დილით ადრე ოლეგ ვიტროკი გაეწერა საავადმყოფოდან და კვლავ გუდაურში დაბრუნდა სასრიალოდ, რაც ძალიან სასიხარულოა. ეს ნიშნავს, რომ ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახულია. რაც შეეხება უკრაინელ ქალბატონს, რომელიც ამ დრომდე რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ის კონტაქტურია, თუმცა მნიშვნელოვანი ჩარევა კვლავ საჭიროა. რაც შეეხება ორსულ ქალბატონს, ჩემი ინფორმაციით, ყველაფერი კარგად არის, ნაყოფის გულისცემა ისმინება და დარწმუნებული ვარ, რომ იქაც ყველაფერი კარგად დასრულდება. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ოჯახის წევრები დაბინავებული არიან სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, ყველა მათგანი უზრუნველყოფილია სამჯერადი კვებით. მათთვის გამოყოფილია მანქანები, ასევე მიმაგრებული ყავთ ადამიანი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში პირველადდა ყველა სხვა სახის დახმარებას აღმოუჩენს“, - ამბობს ქუმსიშვილი. 

გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გუშინ გამოვიდა და უეცრად უკუსვლით მოძრაობა დაიწყო, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ტურისტები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დაშავებულების მკურნალობის ხარჯს სახელმწიფო, ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია სრულად აანაზღაურებს.

აღსანიშნავია, რომ კურორტი გუდაური შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიას" ეკუთვნის, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

კომენტარები