აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნები

ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტად მეოთხე ვადით აირჩიეს

RFE/RL

ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტი მეოთხედ გახდა. ის ქვეყანას სათავეში კიდევ 7 წლით გააგრძელებს.

ამ ეტაპზე დათვლილია ბიულეტენების 65%, რომელთა 86%-ის ხმებიც სწორედ ალიევს ერგო.

ოპოზიციამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. ოპოზიციური პარტიების განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩევნები ძალადობის ფონზე ჩატარდა. მათი თქმით, იყო ე.წ კარუსელებიც - ერთმა და იმავე ადამიანებმა ხმა რამდენჯერმე მისცეს. 

ილჰამ ალიევმა გამარჯვება უკვე აღნიშნა. მან ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა. 

"ყოველთვის ვგრძნობდი ხალხის მხარდაჭერას.აზერბაიჯანის მოსახლეობამ ხმა უსაფრთხოებას, პროგრესს და განვითარებას მისცა. თქვენი მხარდაჭერა არის იმ სამუშაოს შეფასება, რაც ჩვენ ბოლო 15 წლის მანძილზე გავწიეთ. 15 წლის მანძილზე აზერბაიჯანის ეკონომიკა 3,2-ჯერ გაიზარდა. თუმცა ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები უნდა ვიყოთ. წინ, ახალი გამარჯვებებისკენ!“ - თქვა ალიევმა.

აზერბაიჯანის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები შემოდგომაზე უნდა გამართულიყო, თუმცა, ქვეყნის პირველი პირების თქმით, წლის ბოლოს დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებების გამო გაზაფხულისთვის გადმოიწია. 

56 წლის ილჰამ ალიევი აზერბაიჯანს 2003 წლიდან მართავს. მან პრეზიდენტის პოსტი თავისი მამის, ჰეიდარ ალიევის შემდეგ დაიკავა, რომელიც ჯერ აზერბაიჯანის პირველი კომუნისტური პარტიის ლიდერი იყო, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი ქვეყნის პირველი პრეზიდენტი. 

კომენტარები