აბრეშუმის გზა

ბახტაძე: რეგიონში ერთადერთი ვართ, ვისაც ჩინეთსა და EU-სთან აქვს თავისუფალი ვაჭრობა

ფინანსთა სამინისტრო

მსოფლიო ბანკის ორგანიზებით ახალი აბრეშუმის გზის პროექტის შესახებ აშშ-ში გაიმართა დისკუსია "სარტელი და გზა", რომელშიც ახალი აბრეშუმის გზის პროექტის განვითარებაში ჩართული ქვეყნების ფინანსთა მინისტრები მონაწილეობდნენ. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც, რომელმაც საქართველოს უპირატესობად ორ უმსხვილეს ბაზარს - ევროკავშირსა და ჩინეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები დაასახელა.

"ჩვენი მიზანია, საქართველო გავხადოთ ჰაბი რეგიონალური განვითარების თვალსაზრისით, სავაჭრო-ეკონომიკური, ლოგისტიკური და ფინანსური მიმართულებით. ამ კუთხით, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი, რადგან ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც პარალელურად აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი მსოფლიოს ორ უმსხვილეს პლატფორმას - ჩინეთსა და ევროკავშირს შორის. დისკუსიის ფარგლებში, ჩვენ ვისაუბრეთ ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე, იმ პროექტებზე, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ პარტნიორ ქვეყნებთან - თურქეთთან, აზერბაიჯანთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ერთად. საქართველოში 2021 წლამდე ვგეგმავთ ყველა ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულებას, როგორებიც არის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზაცია, ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში.  სასიხარულოა, რომ მსოფლიო ბანკი აპირებს თვითონ აქტიურად იყოს ჩართული ამ იდეის განხორციელებაში. შესაბამისად, ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ უფრო მოქნილი დაფინანსება მოვიპოვოთ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად",- ამბობს ბახტაძე.

მსოფლიო ბანკმა აღნიშნულ დისკუსიაზე წარადგინა საკუთარი გეგმა უფრო აქტიურად იყოს ჩართული ახალი აბრეშუმის გზის პროექტის დაფინანსებაში. 

"ერთი გზა ერთი სარტყელი" ჩინეთის მთავრობის ინიციატივაა, რომლის ღირებულებაც $900 მილიარდს აჭარბებს. ამ პროექტის ფარგლებში მსოფლიოს ათობით ქვეყანაში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. მაგალითად, ცენტრალურ აზიაში შენდება ახალი ავტო და სარკინიგზო მაგისტრალები, პაკისტანში აშენდა უმსხვილესი პორტი და ასე შემდეგ. 

ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 2018 წლის იანვარში ამოქმედდა. მსოფლიოში სულ რამდენიმე ქვეყანაა, ვისაც ერთდორულად ჩინეთთან და ევროკავშირთან აქვს ასეთი შეთანხმება.სხვა ასეთი ქვეყნებია შვეიცარია და ჩილე. 

კომენტარები