TI-ის კვლევა: ივანიშვილის დაბრუნებამდე, 69% თვლიდა, რომ ის პოლიტიკაში ჩართული იყო

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) დღეს, 11 მაისს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, რომელიც იქამდე ჩატარდა, სანამ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდებოდა, მოსახლეობის 69% თვლიდა, რომ ის პოლიტიკაში მაინც ჩართული იყო. 

მოსაზრებას არ იზიარებდა 19%, ხოლო 12%-ს პასუხის გაცემა არ სურდა, ან არ იცოდა. 

იმ 69%-დან, ვინც მიიჩნევდა, რომ ივანიშვილი ოფიციალურად დაბრუნებამდეც აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაში, კითხვაზე "მოგწონთ, თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩართულია პოლიტიკაში", 77% პასუხობდა, რომ არ მოსწონს. ფაქტი მოსწონდა 17%-ს, ხოლო 7%-მა არ იცოდა, ან არ სურდა პასუხის გაცემა. 

მათგან, ვინც მიიჩნევდა, რომ ივანიშვილი ოფიციალურ დაბრუნებამდე არ იყო პოლიტიკაში ჩართული (19%), 59%-ს ეს არ მოსწონდა, 33%-ს მოსწონდა, ხოლო 7%-მა არ იცოდა, ან არ სურდა პასუხის გაცემა. 

მილიარდერი ივანიშვილი, რომელმაც 2011 წელს ამჟამად მმართველი პარტია ქართული ოცნება დააარსა, პოლიტიკაში ოფიციალურად 28 აპრილს დაბრუნდა და ის პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდა. პოლიტიკიდან მისი ოფიციალურად წასვლის შემდეგ, არაერთი არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაცია და მედია წერდა, რომ ის ქვეყნის არაფორმალური მმართველი იყო. 

არასამთავრობო ორგანიზაცია TI-ის დაკვეთით, კვლევა "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა" ჩაატარა. კვლევა 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა და მთელი საქართველოს მასშტაბით 1 843 გამოიკითხვა. 

საშუალო ცდომილება 2.8%-ია. 

კვლევა ეხება კითხვებს კორუფციის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტებისადმი ნდობის, ხელისუფლების ძირითადი შტოებისა და ორგანოების მუშაობის, საჯარო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.

წაიკითხეთ ამავე თემაზე - 

TI-ის კვლევა: პრემიერმინისტრს 9% ენდობა სრულად, 19% - საერთოდ არა

TI-ის კვლევა: 50%-ზე მეტი თვლის, რომ პროკურატურა, შსს და სუს ოცნების ინტერესებს ატარებენ

TI-ის კვლევა: მოსახლეობის 45% თვლის, რომ ნარკოტიკის ჩადების პრაქტიკა არსებობს

TI-ის კვლევა: 50%-ზე მეტის აზრით, ნარკოტიკის პირადი მოხმარების გამო, პირს არ უნდა აპატიმრებდნენ

TI-ის კვლევა: 58%-ის აზრით, სასამართლო სისტემა ქართული ოცნების გავლენის ქვეშაა

კომენტარები