სპეცოპერაცია კლუბებში

გახარია სპეცოპერაციაზე: გვაქვს შინაგანი რწმუნებულება, რომ მოვიქეცით სწორად

გიორგი გახარია
ეკონომიკის სამინისტრო

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, 12 მაისს, კლუბებში ბასიანი და გალერი სპეცოპერაცია მოქალაქეების უფლებების დაცვით ჩატარდა. 

გახარია ამის შესახებ პარლამენტში საუბრობს. 

"ეს იყო დაგეგმილი მოვლენა. ჩვენ გვაქვს სასამართლოს განჩინებით 20-ზე მეტი კონკრეტული ფაქტი, როგორც კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე კლუბის შიგნით. არც ერთ კლუბში, სადაც ჩვენ დადასტურებული საკონტროლო შესყიდვა არ გვქონდა გატარებული, არანაირი კლუბის შიგნით არ გვქონდა განხორციელებული. 

მაგალითად, ჩვენ გვაქვს გადაღებული და განახეთ ასეთი შემთხვევა, როცა ერთ-ერთი კლუბის წინ, შესასვლელთან, ხვდება ორი ახალგაზრდა, ერთი გამოდის კლუბიდან, საუბრობენ გარკვეულ ყიდვა-გაყიდვის აქტზე, რომლის დროსაც ხდება შეთანხმება ფასზე, რის შემდეგაც მყიდველი ამბობს, რომ არ მაქვს გარკვეული თანხა, ხურდაზეა საუბარი და გამყიდველი იღებს ამ თანხას და ეუბნება, რომ არ არის პრობლემა, ხურდას დაგიბრუნებ, შედის ყველანაირი დაცვის ავლით ამ კლუბში, შემდეგ ამ კლუბიდან ბრუნდება, გადმოსცემს კონკრეტულ ნარკოტიკულ საშუალებას და აბრუნებს ხურდას. 

ეს ერთი შემთხვევა, მეორე შემთხვევა პირდაპირ მიგვითითებს სისტემურ კავშირზე ნარკოტიკის გამსაღებლებსა და კლუბს შორის, ეს გახლავთ უს, როდესაც ერთ-ერთ კლუბში ნარკოტიკის გაყიდვას ახორციელებდა დაცვის უფროსი, ადმინისტრაციის წევრი. 

შესაბამისად ჩნდება კითხვა, როდესაც მსგავსი მტკიცებულებები გაგვაჩნია, უნდა შევსულიყავით თუ არა კლუბში. მე ვფიქრობ, აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს. თუ ფორმაზე არსებობს რამე შეკითხვა, ჩვენ მზად ვართ, ამაზეც გავცეთ პასუხები, რამეთუ აბსოლუტურად გვაქვს შინაგანი რწმუნებულება იმაში, რომ მოვიქეცით სწორად და მოვიქეცით ჩვენი მოქალაქეების უფლებების მაქსიმალური დაცვით. 

თუ უფლებამოსილების გადამეტების ერთი ფაქტი მაინც დადასტურდება, ჩვენ გვექნება ღია, ტრანსპარენტული რეაქცია ამაზე", - თქვა მინისტრმა. 

სპეცოპერაცია ღამის კლუბებში 12 მაისს ჩატარდა. ბასიანსა და გალერიში სამართალდამცველები შეიჭრნენ და იქ მყოფ ადამიანებს ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს, მოგვიანებით კი ამ ფაქტის გასაპროტესტებლად შეკრებილი ადამიანები დაარბიეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს სპეცოპერაცია იყო, რომელიც მათ 8 ნარკორეალიზატორის დასაკავებლად ჩაატარეს. 

მოგვიანებით სახალხო დამცველმა თქვა, რომ ეს ადამიანები არა კლუბის ტერიტორიაზე, არამედ გარეთ დააკავეს. 

14 მაისს კი პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. გაიმართა სასამართლოც - დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. უწყების ინფორმაციით, ყველა მათგანს მხოლოდ ნივთიერება მდმა ჰქონდა.

12 მაისს, 15:00საათზე პარლამენტის წინ შეკრებილმა ათასობით ადამიანმა სწორედ წინა ღამით მომხდარი გააპროტესტა. აქციის ორგანიზატორების მოთხოვნა ასევე იყო შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა. იმ დღეს გახარია განცხადებებს არ გამოხმაურებია, კომენტარი მხოლოდ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა და თქვა, რომ "ღამის ეკონომიკა აუცილებლად განვითარდება". 

აქციაზე შეკრებილ ადამიანებს გიორგი გახარია 13 მაისის საღამოს შეხვდა. მანამდე პარლამენტის ორივე მხარეს ნეო-ნაცისტური, რადიკალური ჯგუფები შეიკრიბნენ. მათ ტერიტორიის "გათავისუფლება" უნდოდათ. 

13 მაისის შეთანხმების საფუძველზე, რომელიც თეთრი ხმაურის მოძრაობასა და გახარიას შორის შედგა, აქცია დაიშალა. მინისტრმა აქტივისტებს სწორედ ორი საკითხის შესრულების დაპირება მისცა: რომ იმსჯელებდნენ 12 მაისის ღამით მომხდარზე, დაისჯებოდნენ ისინი, ვინც გადაცდომა ჩაიდინა და რომ განიხილებოდა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხი. აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან, მათი უსაფრთხოების დაცვის მოტივით, პარლამენტის შენობის შიდა ეზოს გავლით, ყვითელი ავტობუსებით გაიყვანეს. რადიკალური ჯგუფის წარმომადგენლები მხოლოდ ამის შემდეგ დაიშალნენ. 

კომენტარები