გაეროს გენერალური ასამბლეა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო

2018 წლის 12 ივნისს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ". 

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მხარდაჭერის პოზიტიური დინამიკა შენარჩუნებულია. 

გაეროს გენერალური ასამბლეა აღნიშნულ რეზოლუციას 2008 წლიდან იღებს, რითიც განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიცაა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი და უსაფრთხო დაბრუნების უფლება.

რეზოლუცია წმინდა ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს, რაც მისი მიზნებიდანაც კარგად ჩანს, ის იძულებით გადაადგილების შესახებ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ეფუძნება, გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ასევე ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

რეზოლუცია აღნიშნავს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ აუცილებლობას.

საგარეო უწყება აცხადებს, რომ რეზოლუციას პრაქტიკული დატვირთვა აქვს, ვინაიდან მოუწოდებს გაეროს გენერალურ მდივანს, ყოველწლიურად მოამზადოს ანგარიში საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე. 

სამინისტროს განცხადებით, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნული რეზოლუციის მიღებით საქართველოს საკითხი კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორუმის დღის წესრიგში, ის იპყრობს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას. 

კომენტარები