მედიცინა და ფიზიოლოგია

გენურად რედაქტირებულმა ღორებმა შესაძლოა ფერმერებს მილიარდები დაუზოგოს

მეცნიერებმა ღორებს გენური რედაქტირება გაუკეთეს
www.bbc.com

მეცნიერებმა გენური რედაქტირების მეშვეობით შექმნეს ღორები, რომლებიც შინაური საქონლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფილტვის დაავადებისადმი იმუნურები არიან. ღორის რეპროდუქციული და რესპირატორული სინდრომი ევროპის მეღორეობის ინდუსტრიას წელიწადში დაახლოებით ორი მილიარდი დოლარით აზარალებს.

ამ სინდრომით დაავადებული ღორის ხორცის საკვებად მიღება უსაფრთხოა, მაგრამ ვირუსი ღორებში იწვევს სუნთქვის პრობლემებს, გოჭების სიკვდილს და ორსული ღორებში ნაშიერის დაკარგვას. დაავადების ეფექტური მკურნალობა არ არსებობს და უსაფრთხოების მკაცრი ნორმების მიუხედავად ინგლისში ღორების 30 % ინფიცირებულად მიიჩნევა. დნმ-ის იმ მცირე მონაკვეთის წაშლის შემდეგ, რომელიც ღორებს ამ დაავადებისადმი მოწყვლადს ხდიდა  ცხოველებში დაავადების ყველა ნიშანწყალი გაქრა.

„ამას სრულ იმუნურობას ვეძახით. ეს მიღწევა უზარმაზარი პროგრესია, როგორც ცხოველების კეთილდღეობის ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით. თუმცა რამდენიმე წელი გავა სანამ გენურად რედაქტირებული ღორის ხორცის ჭამას დავიწყებთ“, - უთხრა პრესას როზლინის ინსტიტუტის მკვლევარმა ქრისტინ თაით-ბურკარდმა, რომელიც Journal Of Virology-ში გამოქვეყნებული ნაშრომის პირველი ავტორია.

ევროპაში გენეტიკურად მოდიფიცირებული ცხოველების კვების ინდუსტრიაში მკაცრად რეგულირებულია. მკვლევართა გუნდი ამბობს, რომ გაურკვეველია ეს რეგულაციები გენურად რედაქტირებულ ცხოველებსაც თუ შეეხება. 

გენური რედაქტირება განსხვავდება გენეტიკური მოდიფიკაციის სხვა, ძველი მეთოდებისგან, რომლებიც ერთი ორგანიზმიდან მეორეში გენების გადატანას გულისხმობს. ამისგან განსხვავებით, გენური რედაქტირება დნმ-ის ცალკეული მონაკვეთების ან გენეტიკური კოდის ცალკეული ასოების წაშლას გულისხმობს.

ადამიანები ათწლეულებია მოვიხმართ გენეტიკურად მოდიფიცირებულ საკვებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნის თანახმად არ დაფიქსირებულა არცერთი შემთხვევა, როცა გენეტიკურად მოდიფიცირებულმა საკვებმა ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა იქონია. მიუხედავად ამისა, საზოგადოებაში მაინც არსებობდა შიშები, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების საკვებად გამოყენებასთან დაკავშირებით.

რესპირატორული და რეპროდუქციული სინდრომით დაავადებულ ღორებში მეცნიერებმა გენეტიკური კოდის დაახლოებით 450 ასო წაშალეს, რამაც უჯრედის გარეთ მოთავსებულ ერთ-ერთ რეცეპტორში ის სეგმენტი გააქრო, რომელსაც ვირუსი უმაგრდება. ეს ნიშნავს, რომ ვირუსი  გენურად რედაქტირებული ღორის უჯრედში შეღწევას და იქ გამრავლებას ვეღარ შეძლებს. 

„გენეტიკურად რედაქტირებული ღორი ისევ 100 %-ით ღორია... ან 99.9999999 %-ით ღორი. ეს არაა სიახლე, რომელმაც ადამიანები უნდა დააფრთხოს.“ - ამბობს თაით-ბურკარდი. მისი მტკიცებით კვლევამ აჩვენა, რომ გენური რედაქტირებით დნმ-ის ცვლილებას ცხოველების ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე უარყოფითი გავლენა არ აქვს.

ნაშრომი კომპანია Genus PIC-ს მიერაა დაფინანსებული, რომელიც ამ მომენტისთვის კვლევებს აგრძელებს, რათა ეს ტექნოლოგია კომერციული გახადოს. კომპანიის სამეცნიერო ხელმძღვანელის, ჯონათან ლაითნერის თქმით კომერციალიზაციას პირველად ამერიკაში ცდიან, რადგან აქ ნაკლები რეგულაციებია და საზოგადოების მიმღებლობა გენურად რედაქტირებული ხორცის მიმართ გაცილებით მაღალი იქნება ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში.

მაშინ როცა არ არსებობს ღორის რეპროდუქციული და რესპირატორული სინდრომის მკურნალობის ეფექტური მეთოდი, დაავადების ერთ-ერთი სიმპტომი იმუნური სისტემის შეფერხებაა, რომელიც ღორებში მეორეული ინფექციებს იწვევს. მეორეული ინფექციის სამკურნალოდ ფერმერები ანტიბიოტიკებს იყენებენ. გაერთიანებული სამეფოს მეღორეობის ეროვნული ფედერაციის მთავარი მრჩეველი მიიჩნევს, რომ ღორების გენური რედაქტირება ფერმებში ანტიბიოტიკების ჭარბი გამოყენების პრობლემასაც მოაგვარებს.

ღორის რეპროდუქციული და რესპირატორული სინდრომი მხოლოდ ერთ-ერთი დაავადებაა, რომლის განკურნებაც გენური რედაქტირებით იგეგმება. როზლინის ინსტიტუტის მეცნიერები ასევე მუშაობენ ღორის აფრიკული ცხელების, თევზის დაავადებების, ე-კოლის და კამპილობაქტერის რეზისტენტულობაზე.

კომენტარები