მედიცინა და ფიზიოლოგია

ჰერპესის ვირუსი შესაძლოა ალცჰაიმერის დაავადების განვითარებაში თამაშობდეს როლს

0 კომენტარი
ფოტო: www.nytimes.com

ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე წარუმატებელი კლინიკური კვლევებით იმედგაცრუებული მეცნიერები ბოლო წლებია „მეხსიერების მძარცველი“ დაავადების განვითარების განსხვავებულ ახსნაზე დაფიქრდნენ. 2016 წლის მარტში ჟურნალ Alzheimer’s disease-ში 33- მა მეცნიერმა ერთობლივი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ ალცჰაიმერის განვითარება მიკროორგანიზმებთან შეიძლება იყოს კავშირში.  

ახალი კვლევას, რომელიც 21 ივნისს ჟურნალ Neuron-ში გამოქვეყნდა ამ ჰიპოთეზასთან კავშირი არ ჰქონდა.იკანის მედიცინის სკოლის გენეტიკოსის, ჯოელ დადლის გეგმა დაავადებულ ტვინში მიმდინარე მოლეკულურ ცვლილებებზე დაკვირვება იყო. თუმცა, დაახლოებით 700 ადამიანის ტვინის ქსოვილის შესწავლის შედეგად მან აღმოაჩინა, რომ ადრეული სტადიის ალცჰაიმერის მქონე პაციენტებში გაცილებით უფრო მეტი ჰერპესის ვირუსის ორი კონკრეტული შტამია, ვიდრე ჯანმრთელ საკონტროლო ჯგუფში. ვირუსის გენომი გამოვლინდა ალცჰაიმერის მქონე პაციენტების 30 % - ში და ფაქტობრივად არ გამოვლინდა ჯანმრთელ საკონტროლო ჯგუფში.

კვლევის მიზანი იმ გენების აღმოჩენა იყო, რომლებიც უჩვეულოდ აქტიურები იქნებოდნენ ალცჰაიმერის ადრეულ სტადიაზე. მაგრამ ტვინის ქსოვილი შესწავლის და შემდეგ ჯანმრთელ საკონტროლო ჯგუფთან შედარების შედეგად აღმოჩნდა, რომ ყველაზე მკაფიო განსხვავება გენების აქტივობაში არა ადამიანის, არამედ ჰერპესის ვირუსის გენებში შეინიშნებოდა.

„კვლევა ვირუსების შესასწავლად არ დაგვიწყია, მაგრამ ვირუსებმა თავად შემოგვძახეს.“- ამბობს არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და კვლევის მთავარი ავტორი ბენ რედჰედი.

ამ აღმოჩენამ მეცნიერებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ვირუსი ალცჰაიმერის განვითარებას უწყობს ხელს, მეორე კი მიიჩნევს, რომ ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტების ტვინი უბრალოდ უფრო მოწყვლადია ამ ინფექციის მიმართ.

მეცნიერების მტკიცებით ამ კვლევის მიგნებებმა ადამიანები არ უნდა დააფრთხოს. ჰერპესის ვირუსის ეს კონკრეტული შტამები ფართოდ გავრცელებულია. ჰერპესის ინფექციას 50 წლის ასაკისთვის ადამიანების დაახლოებით 90 % გადაიტანს, რაც არ ნიშნავს, რომ ყოველ მათგანს ალცჰაიმერის დაავადება განუვითარდება. ალცჰაიმერის განვითარების რისკების თვალსაზრისით ეს აღმოჩენა ახალს არაფერს ამბობს. კვლევის ვარაუდია, რომ ვირუსები შესაძლოა ხელს უწყობდნენ დაავადების განვითარებას. ეს არ ნიშნავს, რომ ალცჰაიმერის დაავადება ვირუსის მატარებელ ადამიანთან კონტაქტის შემდეგ შეიძლება გადაგედოთ. კვლევის ავტორების ვარაუდით, ვირუსი გენეტიკურად და ფიზიოლოგიურად მგრძნობიარე ინდივიდებზე მოქმედებს, როგორც დაავადების ხელშემწყობი ფაქტორი. 

ალცჰაიმერის ასოციაციის პრეზიდენტმა ქეით ფარგომ განაცხადა, რომ მეტი კვლევაა ჩასატარებელი იმის დასამტკიცებლად, რომ არსებობს კავშირი ჰერპესის ვირუსსა და ალცჰაიმერის დაავადებას შორის. მისი თქმით, თუ დადასტურდა, რომ მიკროორგანიზმები ალცჰაიმერის განვითარებაში როლს თამაშობენ, ეს საშუალებას მისცემს მეცნიერებს აღმოაჩინონ ახალი ანტივირუსული და იმუნური თერაპიის მეთოდები, რათა მომავალში დაავადების პრევენცია შეძლონ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თავისუფლების ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმი "გავრილოვის ღამე", ნაწილი II - "დარბევა"

კომენტარები