ავტომობილების ტექდათვალიერება

ტექდათვალიერების მეორე ეტაპი დაიწყო - ვის ეხება და რა საბუთებია საჭირო

flickr.com

დღეიდან ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა მეორე ეტაპზე გადადის - 1 ივლისიდან ტექნიკური ინსპექტირება სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილმა ავტომანქანებმა უნდა გაიარონ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით უკვე მოქმედებს 37 თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ინსპექტირების ცენტრი 80 ხაზით და მათი რაოდენობა ეტაპობრივად კიდევ გაიზრდება.

უწყებაში ასევე ამბობენ, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა ავტომფლობელს მისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ ცენტრში შეეძლება.

რა დოკუმენტებია საჭირო და რა მოწმდება ტექდათვალიერების დროს

ინსპექტირების ჩასატარებლად სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია წარადგინოს:

  • სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა;
  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

ინსპექტირების დროს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მოწმდება:

  • სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია; 
  • სამუხრუჭო აღჭურვილობა; 
  • საჭით მართვის სისტემა; 
  • ხილვადობა; 
  • ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა; 
  • ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება; 
  • შასი და მისი შემადგენლები; 
  • სხვა მოწყობილობები; 
  • გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება.

ავტომობილის მესაკუთრე დამოუკიდებლად ირჩევს ინსპექტირების ცენტრს, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ადგილისა და თავისი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად. მას ასევე შესაძლებლობა ექნება ვებ-გვერდის (WWW.PTI.GE) საშუალებით მისთვის ხელმისაწვდომ ინსპექტირების ცენტრში, სასურველ დროს დაგეგმოს ვიზიტი.

რომელ ავტოსატრანსპორტო საშუალებას არ შეეხება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულება ეტაპობრივად აქვს საქართველოში რეგისტრირებული, ქართული ნომრების მქონე ყველა სატრანსპორტო საშუალებას, გარკვეული გამონაკლისის გარდა, კერძოდ, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ ეხება:

  • ტრანზიტული ნომრების მქონე და განუბაჟებელ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს;
  • O1, O2 (მისაბმელი 750 კგ-დან 3500 კგ-მდე) და L (მოტოციკლი) კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს;
  • ისტორიული ინტერესის სატრანსპორტო საშუალებებს (ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც დამზადებულია 1960 წლამდე; აღნიშნული ტიპისა და მოდელის სატრანსპორტო საშუალება მოხსნილია წარმოებიდან და აღარ გამოდის; ისტორიულად დაცულია და შენარჩუნებული პირვანდელი მდგომარეობით და მისი ძირითადი კომპონენტების ტექნიკურ მახასიათებლებს არ განუცდიათ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება);
  • იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც ამოღებულია ექსპლუატაციიდან;
  • სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა დამამზადებლის მიერ დადგენილი მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე არ აღემატება 25 კმ/სთ-ს;
  • იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც არ გამოდიან გზაზე (პირობითად: თუ ავტომობილი დგას ავტოსადგომზე რამდენიმე თვის განმავლობაში უძრავად, მფლობელს შეუძლია მას ტესტირება არ ჩაუტაროს, ხოლო როცა გადაწყვეტს ავტომობილის ინსპექტირებას, იგი სადგომიდან ტესტირების ცენტრში აუცილებლად უნდა გადაიყვანოს ევაკუატორის მეშვეობით, რადგან გზაში არ მოხდეს მისი დაჯარიმება).

როგორ გაივლიან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას მარჯვენასაჭიანი ავტომობილები

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მარჯვენასაჭიანი ავტომობილები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ისევე გაივლიან, როგორც სხვა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებები. თუმცა, მარჯვენასაჭიანი ავტომობილები, რომლებმაც პირველადი რეგისტრაცია გაიარეს 2018 წლის პირველი იანვრიდან, აღნიშნული თარიღის შემდეგ საჭის მართვის სისტემაში დამატებითი ცვლილების შემთხვევაში ტექდათვალიერებას ვეღარ გაივლიან.

ასევე აღსანიშნავია, რომ ის მანქანები, რომლებმაც გაიარეს პირველადი ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის პირველი იანვრიდან და ინსპექტირების ანგარიშში დაფიქსირდა საჭის მდებარეობა, ვერ გაივლიან შემდგომ ტექდათვალიერებას საჭის გადატანის შემთხვევაში.

ტექდათვალიერების ეტაპები

საქართველოში სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სრულად ამოქმედებისთვის გარკვეული გარდამავალი პერიოდი დაწესდა და ინსპექტირების მთელი პროცესი 2 წელზე გადანაწილდა.

ავტოსატრანსპორტო საშუალებები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას მათი კატეგორიისა და რეგისტრაციის თარიღის მიხედვით გაივლიან.

ინსპექტირების ვალდებულება აქვს საქართველოში რეგისტრირებულ  ყველა სატრანსპორტო საშუალებას, შემდეგი ეტაპების მიხედვით:

  • 2018 წლის 3 იანვრიდან - ტექნიკურ ინსპექტირებას გადიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილები;
  • 2018 წ. 1 ივლისიდან - სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანების ინსპექტირება
  • 2018 წ. 1 ოქტომბრიდან - M1 3000 კუბურ სანტიმეტრისა ან მეტი მოცულობის ძრავების მქონე ავტომობილების ინსპექტირება
  • 2019 წ. 1 იანვრიდან - M1 (მსუბუქი) კატეგორიის ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირება.

თუ ინსპექტირების გავლისას ავტომობილს აღმოაჩნდა ხარვეზი, მის გამოსასწორებლად მფლობელს ეძლევა 30 კალენდარული დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით. თუ ამ ვადაში განმეორებითი ინსპექტირება იგივე ცენტრში და იმ ნაწილზე ჩატარდება, სადაც ხარვეზი დაფიქსირდა, მომსახურება უფასო იქნება. ხოლო თუ ინსპექტირება ჩატარდება სხვა ინსპექტირების ცენტრში, მაშინ საფასურის გადახდა მოხდება ჩვეულებრივად, დადგენილი წესით. ასევე, მოქალაქეებს ტესტირების სრული ღირებულების გადახდა მოუწევთ იმ შემთხვევაშიც, თუ ხარვეზების გამოსწორების ვადა 30 კალენდარულ დღეს გადაცდება.

აღსანიშნავია, რომ ტესტირების დროს დაფიქსირებული ხარვეზის გამოსწორების ვადაში, ანუ 30 დღის განმავლობაში ავტომობილით სიარული არ იკრძალება.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საფასური, მსუბუქი ავტომობილებისთვის 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის 100 ლარია. ამავე დროს, ჯარიმის ოდენობა ინსპექტირების გავლის გარეშე ავტომობილის მართვისთვის ფიზიკური პირისთვის 50 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირისთვის 200 ლარამდე განისაზღვრა.

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება ქვეყანაში ეტაპობრივად მიმდინარეობს, რათა ავტომობილების და სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა ინტერესები მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული.

უწყების ინფორმაციითვე, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაბამისად ახორციელებენ.

კომენტარები