#ანთროპოლოგია

თანამედროვე ადამიანი ერთი წინაპარი პოპულაციისგან არ წარმოშობილა

სამხრეთ და ჩრდილოეთ აფრიკაში აღმოჩენილი ქვის ხანის კულტურული არტეფაქტები
www.gizmodo.com

ანატომიურად თანამედროვე ადამიანის წარმოშობის აქამდე არსებული ნარატივის მიხედვით, Homo Sapiens-ი 300 000 წლის წინ, აღმოსავლეთ აფრიკის ტერიტორიაზე, ერთი კონკრეტული პოპულაციისგან წარმოიშვა.

ახლახან, ნამარხების სიღრმისეული შესწავლის, არქეოლოგიური და გენეტიკური კვლევების საფუძველზე მეცნიერთა საერთაშორისო გუნდი განსხვავებულ დასკვნამდე მივიდა.

ადამიანის ევოლუციის ახალი, ალტერნატიული მოდელის თანახმად, ჩვენი სახეობისთვის დამახასიათებელი გამორჩეული თვისებები მოზაიკურად, აფრიკის მთელი კონტინენტის მასშტაბით გაჩნდა.

თანამედროვე ადამიანის მახასიათებლები, როგორებიცაა ტვინის სფერული ფორმა, წარზიდული ნიკაპი და პატარა სახე ერთმანეთისგან ფიზიკური გარემოს მიერ იზოლირებულ სხვადასხვა პოპულაციებში განვითარდა.

კლიმატის მერყეობის გამო, სხვა შემთხვევებში მთების, ტყეების და უდაბნოების მიერ იზოლირებული პოპულაციები პერიოდულად ერთმანეთთან შეჯვარებას და კულტურის გაცვლას ახერხებდნენ. ახალი ჰიპოთეზის თანახმად, თანამედროვე ადამიანი სწორედ ამ პროცესმა ჩამოაყალიბა.

"დღემდე ხალხში გავრცელებული იყო ერთი პოპულაციიდან წარმოშობის ვერსია... მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ამ საკითხს ზედმეტად მარტივად ვუდგებოდით", - ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის არქეოლოგი და კვლევის ხელმძღვანელი ელეანორ სკერი.

Trend in Ecology and Evolution - ში გამოქვეყნებულმა კვლევამ ახსნა მთელს კონტინენტზე აღმოჩენილი Homo Sapiens-ის განსხვავებული ფორმის ნამარხების არსებობა. კვლევის ავტორების დასკვნით, ადამიანის წარმოშობა მულტირეგიონული, მულტიეთნიკური და მულტიკულტურული მოვლენა იყო.

კომენტარები