საყოველთაო ჯანდაცვა

მაჭავარიანი ითხოვს, მაღალშემოსავლიანებმაც შეძლონ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობა

საქართველოს პარლამენტი

ქართული ოცნების დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი პრემიერმინსტრ მამუკა ბახტაძეს სთხოვს რომ საყოველთაო ჯანდაცვაში არსებული საშემოსავლო ბარიერები მოიხსნას. მაჭავარიანის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტების დიფერენციაციამ ნეგატიური შედეგი გამოიღო, რის გამოც მას სადაზღვევო პაკეტისთვის საკმაოდ დიდი თანხის გადახდა უწევს. მართალია მაჭავარიანი სიტყვით გამოსვლაში 1000 ლარს ახსენებს, თუმცა სინამდვილეში საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობა არ შეუძლიათ მათ, ვისი ანაზღაურებაც წელიწადში 40 ათასს აღემატება.

"ჩვენმა პარლამენტმა მიიღო სხვადასხვა რეგულაციები, საყოველთაო ჯანდაცვა გავყავით სხვადასხვა ნაწილებად, რამაც ჩემი აზრით არ გამოიწვია დადებითი შედეგები. თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ რა ეკონომია გამოიწვია იმან რომ ეს ჯანდაცვა გაიყო. რაღაც ზღვარი დაედო თუ ვის ეკუთვნის საყოველთაო ჯანდაცვა და ვის არა. ამით მინდა გულახდილად, თამამად განვაცხადო რომ ძალიან ბოროტად საგებლობენ სადაზღვევო კომპანიები, რადგან ჩვენ - ვისი ხელფასიც 1000 ლარზე მეტია, იძულებულები ვართ, რა პირობებიც არ უნდა შემოგვთავაზონ, მაღალი გადასახადის ფასად დავეზღვიოთ,"- ამბობს მაჭავარიანი.

2017 წელს მიღებული ცვლილებებით, მოქალაქეებს რომელთა შემოსავალიც თვეში 3.3 ათას ლარზე, ანუ წელიწადში 40 ათას ლარზე მეტი იყო, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობა შეეზღუდათ. ამასთანავე, ერთმანეთისგან გაიყო საშუალო და საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე პირთა სადაზღვევო პაკეტები.

აღნიშნული ცვლილებას ორი მიზეზი ჰქონდა, პირველი საბიუჯეტო ეკონომიის მიღება იყო. 2015, 2016 და 2017 წლებში საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი დროზე ადრე ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფოს პროგრამის გადასარჩენად დიდძალი თანხების გამოყოფა მოუწია. ამის მიზეზი ხარჯების უკონტროლობა იყო. 2015 წელს მთავრობამ პროგრამას 100 მილიონი, 2016 წელს 50 მილიონი, ხოლო 2017 წელს კი 40 მილიონი დაამატა. 

2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვაზე 704 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც 2017 წლის ფაქტობრივ შესრულებაზე მხოლოდ 4 მილიონი ლარით მეტია. იქიდან გამომდინარე, რომ ყოველწლიურად პროგრამის შენახვა იმაზე ძვირი ჯდება, ვიდრე ეს ბიუჯეტის თავდაპირველი ვერსიით არის გათვალისწინებული, არსებობს ალბათობა რომ ის 2018 წელსაც ნაადრევად ამოიწუროს.

კომენტარები