ძალადობა

შვედეთში მიიღეს კანონი, რომლითაც თანხმობის გარეშე სექსი გაუპატიურებად ჩაითვლება

Getty Images

შვედეთში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც თანხმობის გარეშე სექსი გაუპატიურებაა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის არ შეიცავს მუქარას ან დაძალებას. 

ახალი კანონის თანახმად, რომელიც ძალაში 1-ლი ივლისიდან შევიდა, ადამიანმა სექსზე მკაფიო ვერბალური ან ფიზიკური თანხმობა უნდა გამოხატოს 

ბრალმდებლებს ამიერიდან არ სჭირდებათ დაამტკიცონ, რომ მსხვერპლზე იძალადეს ან იყვნენ მოწყვლად სიტუაციაში იმისთვის, რომ გაუპატიურება დაადგინონ. 

აქტივისტები საკანონმდებლო ცვლილებებს დადებითად შეხვდნენ, თუმცა, სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები ამბობენ, რომ ეს არ გაზრდის გაუპატიურებაში ბრალდებულთა რიცხვს. 

კანონით, რომელიც პარლამენტმა 257 ხმით 38-ის წინააღმდეგ მიიღო, შვედეთი უერთდება სხვა ევროპულ ქვეყნებს - დიდ ბრიტანეთს და გერმანიას, სადაც სექსი თანხმობის გარეშე გაუპატიურებად მიიჩნევა. 

კანონი ამბობს, რომ თანხმობის არარსებობა დანაშაულის ტოლფასია და დაფუძნებულია აშკარა რამეზე: სექსი უნდა იყოს ნებაყოფლობითი.  

"თუ ადამიანს სურს სექსუალური კავშირის დამყარება ვინმესთან, ვინც არააქტიურია ან ორაზროვანი დამოკიდებულება აქვს, მან უნდა გაარკვიოს, ამ ადამიანს სურს თუ არა სექსი", - ნათქვამია კანონის ტექსტში. 

წინა კანონმდებლობით, ბრალმდებლებს უნდა დაემტკიცებინათ, რომ ბრალდებულმა მოწყვლად, მაგალითად ნასვამ მსხვერპლზე იძალადა.

ახალი კანონი ორ ახალ დანაშაულს გვთავაზობს - დაუდევარი გაუპატიურება და დაუდევარი სექსუალური ძალადობა - რაც 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

"დაუდევრობის ასპექტი ფოკუსირდება ფაქტზე, როდესაც ერთ-ერთი მხარე სექსში ნებაყოფლობით არ მონაწილეობს. ეს შესაძლებელს გახდის სექსუალურად მოძალადე მეტი ადამიანის გამოვლენას და დასჯას", - აცხადებს შვედეთის მთავრობა. 

ევროპის ქვეყნების უმეტესობას ჯერაც არ აქვს მსგავსი კანონი. სექსი თანხმობის გარეშე გაუპატიურებად მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, ბელგიაში, ლუქსემბურგში, გერმანიასა და კვიპროსში ითვლება. 

რაც შეეხება შვედეთს, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, აქ გაუპატიურების რიცხვი იზრდება. მთავრობა აცხადებს, რომ ახალგაზრდა გოგოები მუდმივად ამ რისკის ქვეშ არიან, თუმცა გაუპატიურების შემთხვევების დიდი ნაწილი აღურიცხავი რჩება. 

კომენტარები