თურქეთი

ერდოღანი: თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს, სიკვდილით დასჯის აღდგენას ხელს მოვაწერ

Getty Images

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის არმიის სერჟანტის 24 წლის მეუღლის და მათი 11 თვის შვილის დაკრძალვას დაესწრო, რომლებიც გზის პირას დამონტაჟებულმა ბომბმა იმსხვერპლა.

ირანის, ერაყისა და თურქეთის საზღვართან მომხდარ თავდასხმაში თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ქურთ ამბოხებულებს ადანაშაულებენ.

ერდოღანმა მედიასთან საუბრისას პირობა დადო, რომ ქურთისტანის მუშათა პარტიასთან ბრძოლას მანამ გააგრძელებს, "სანამ უკანასკნელ ტერორისტს არ გაანადგურებს."

ერდოღანმა ასევე თქვა, რომ თუ თურქეთის პარლამენტში მხარს დაუჭერენ, სიკვდილით დასჯის შემოღებას ხელს უყოყმანოდ მოაწერს.

"ამ საკითხზე მალე გადავდგამთ ნაბიჯებს." თქვა მან.

თურქეთში უკანასკნელი სიკვდილით დასჯა 1984 წელს მოხდა. სასჯელის უმძიმესი ზომა ქვეყანაში ევროკავშირში შესვლასთვის გატარებული რეფორმების ფარგლებში 2004 წელს გაუქმდა.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი განცხადება ერდოღანმა ერთი წლის წინაც გააკეთა ცერემონიაზე, რომელიც გადატრიალების მცდელობისას დაღუპული 250 ადამიანის ხსოვნას ეძღვნებოდა.

ერდოღანმა მაშინაც აღნიშნა, რომ პარლამენტში დამტკიცების შემთხვევაში ის უყოყმანოდ დაუჭერდა მხარს სიკვდილით დასჯის შემოღებას.

კომენტარები