IBSU-ს სტუდენტები პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

ტაბულა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. მათ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადება შეიტანეს.

სტუდენტებმა მთავრობის ადმინისტრაციის წინ მერხები, სკამები და აუდიტორიის სხვა ნივთები მიიტანეს. მათ აქცია-პერფომანსი მოაწყვეს, რომელიც დაცარიელებული აუდიტორიის იმიტაცია იყო. 

"ცარიელი აუდიტორიები ჩვენი უნივერსიტეტის დღის წესრიგში 10 სექტემბერს დადგება, თუ ჩვენ პირველკურსელები ვერ მივიღეთ. სტუდენტებმა პრემიერის სახელზე განცხადება შეიტანეს, რომელშიც ისინი პრემიერს ამ საკითხში უფრო აქტიურ ჩართულობას სთხოვენ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პრემიერის შემდეგი ნაბიჯი ამ საკითხის დასმა და სტუდენტებთან შეხვედრა იქნება" - თქვა ინტერპრესნიუსის ცნობით IBSU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა სალომე სუხიშვილმა.

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, განათლების განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებას დღეს გამოეხმაურა. მისი თქმით, მთავარია, სტუდენტთა ინტერესები და მოთხოვნები სრულფასოვნად დაკმაყოფილდეს.

განათლების ხარისხის ცენტრის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2019 წლის 20 აგვისტომდე სტუდენტთა ნაკადს ვეღარ მიიღებს. გადაწყვეტილების მიზეზად უნივერსიტეტისთვის 2013 წელს დაკისრებული საგადასახადო ჯარიმა დასახელდა, რომელიც სასწავლებელს გადასახადებისგან თავის არიდების გამო დაუწესდა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საგადასახადო დავალიანება, 715 000 ლარი რამდენიმე დღის წინ დაფარა.

კომენტარები