ენერგეტიკა

ბახტაძე ბაქოში მიდის, ადასტურებს რომ საუბარი კასპიურ მილსადენზეც იქნება

საქართველოს პარლამენტი

მამუკა ბახტაძე 30 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით ბაქოში მიემგზავრება. ის ილჰამ ალიევთან გამართავს შეხვედრას. ტაბულას კითხვაზე იქნება თუ არა განსახილველ საკითხთა შორის ტრანსკასპიური მილსადენი, ბახტაძე პასუხობს:

"ჩვენ ბაქოში განვიხილავთ ყველა მნიშვნელოვან რეგიონალურ პროექტს, რომელიც საშუალებას მოგვცემს რომ გამოვიყენოთ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი, მათ შორის განვიხილავთ იმ პროექტსაც, რომელიც თქვენ ახსენეთ,"- ამბობს ბახტაძე. 

რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანს ანგელა მერკელი სტუმრობდა. გერმანიის კანცლერმა სიტყვით გამოსვლისას მხარი დაუჭირა სახმრეთ კავკასიური მილსადენის პროექტს. მისი თქმით, ეს პროექტი ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. 

ეს კასპიის ზღვის საერთაშორისო სტატუსის განსაზღვრის შემდეგ საქართველოს მთავრობის მეთაურის პირველი ვიზიტია აზერბაიჯანში. 12 აგვისტოს აზერბაიჯანმა, რუსეთმა, ყაზახეთმა, თურქმენეთმა და ირანმა ხელი მოაწერეს კასპიის ზღვის საერთაშორისო სტატუსის განსაზღვრის ხელშეკრულებას. მართალია საზღვრებთან დაკავშირებით ამ ქვეყნებს შორის მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა, თუმცა 12 აგვისტოს შეთანხმება ტრანსკასპიური მილსადენის აშენებას რეალობასთან მაინც აახლოებს. 

რაც შეეხება უკვე არსებულ მილსადენებს, 2018 წლის 12 ივნისს ოფიციალურად გაიხსნა თურქეთზე გამავალი ტრანსანატოლიური მილსადენი (TANAP), რომელიც სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაგრძელებას წარმოადგენს. მისი მშენებლობა $8.5 მილიარდი დოლარი დაჯდა. შემდგომში ის ტრანსადრიატიკული (ТАР) გაზსადენის მეშვეობით ბუნებრივ აირს ევროკავშირს მიაწვდის. მილსადენის 58% აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია SOCAR-ს ეკუთვნის, 30% თურქეთის მთავრობას, 12% კი BP-ს. 

სამხრეთ-კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტის ფარგლებში საქართველოში $2 მილიარდიანი ინვესტიცია ჩაიდო. 

პროგნოზის თანახმად, „შაჰ-დენიზის“ საბადოს II ფაზის ათვისების შემდეგ 2019-2020 წლიდან, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გაზის ჯამური მოცულობები მნიშვნელოვნად გაიზრდება - 1.2 მილიარდი კუბური მეტრით. 2026 წლიდან ეს მოცულობა 1.6 მილიარდ მეტრ კუბამდე გაიზრდება. 

კომენტარები