არაფორმალური მმართველობა

ბახტაძე: ბუნებრივია, მე ვარ პასუხისმგებელი ჩვენი ამომრჩევლების და საზოგადოების წინაშე

"ბუნებრივია, მე ვარ პასუხისმგებელი ჩვენი ამომრჩევლების და ქართველი საზოგადოების წინაშე" - პრემიერმინუსტრმა მამუკა ბახტაძემ Financial Time-ის ანალიტიკოსის ედუარდ ლუსის კითხვაზე პასუხი დღეს კიდევ ერთხელ გასცა. მას მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, "ვის წინაშე ხართ ანგარიშვალდებული, რადგან თქვენმა პასუხმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია".

"ჩემი აზრით, პოზიცია ერთგვაროვანი იქნებოდა, ვინც მოუსმენდა ჩემს კომენტარს. მე მახსოვს, როცა რკინიგზაში ვმუშაობდი, კომენტარის გაკეთება მომიწია იმაზე, ჩვენი ოპონენტები რომ ამბობდნენ, რომ ორსართულიანი მატარებელი ვერ გაივლიდა გვირაბში, ასეთი ტიპის საკითხებზე მე ვფიქრობ, კომენტარი ზედმეტია და შეგვიძლია ამ ყველაფერს ღიმილით შევხედოთ. ბუნებრივია, მე ვარ პასუხისმგებელი ჩვენი ამომრჩევლების და ქართველი საზოგადოების წინაშე" - თქვა ბახტაძემ.

რაც შეხება არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, პრემიერის თქმით, "ჩვენი ოპონენტები კვლავ განაგრძობენ მცდელობას, რომ არასწორი სურათი დაუხატონ საზოგადოებას". მამუკა ბახტაძის აზრით, "საზოგადოება ყველაფერს ძალიან ნათლად ხედავს".

"ბიძინა ივანიშვილი გახლავთ მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ჩვენ საქართველოში ვაშენებთ საპარლამენტო რესპუბლიკას, საპარლამენტო დემოკრატიას, ჩვენ არ ვცდილობთ, რომ პოლიტიკა იყოს პერსონიფიცირებული, ჩვენ სწორედ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკა იყოს დეპერსონიფიცირებული და შევქმნათ შესაბამისი ინსტიტუტები და განვსაზღვროთ ის პოლიტიკა, რომელიც ჩვენ მიგვაღწევინებს საერთო მიზანს.

საუბარი იმაზე, რომ ადამიანი, რომელიც არის მმართველი პოლიტიკური ძალის და პარტიის თავმჯდომარე, თურმე არაფორმალურად მართავს ქვეყანას, ეს ღიმილისმომგვრელია. გუშინ ბევრმა ჩვენმა პარტნიორმა ეს ღიად დააფიქსირა. ჩემი აზრით, საზოგადოება ყველაფერს კარგად აფასებს და პირიქით, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისთვის არ არის ეს ის საკითხი, რომელიც მათ დამატებით პოლიტიკურ ქულებს მოუტანს - ყველა კარგად ხვდება, არაფორმალურ მმართველობაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება საპარლამენტო რესპუბლიკაში, როცა ადამიანი არის მმართველი პოლიტიკური ძალის თავმჯდომარე" - თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, თბილისში გამართული გლობალური ფორუმის ფარგლებში, Financial Time-ის ანალიტიკოსმა ედუარდ ლუსმა საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს ჰკითხა - "თქვენ ბიძინა ივანიშვილთან ხართ ანგარიშვალდებული? ვინ არის თქვენი ბოსი?".

კომენტარები