კანაფის ექსპორტი

კობახიძე: ვუსმენთ საზოგადოებას და ეკლესიას, კანაფის კანონპროექტი ამიტომ შევაჩერეთ

პარლამენტის პრესსამსახური

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი პოლიტიკური ძალა უსმენს საზოგადოებას და ეკლესიას და სწორედ ამის გამო შეაჩერეს კანაფის კულტივაციის, გადამუშავების და ექსპორტის კანონპროექტი. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დადგება საფრთხე, რომ კანონპროექტით წახალისდება ნარკოტიკული საშუალებების არალეგალური მიმოქცევა, დოკუმენტს  პარლამენტიდან გაიწვევენ. 

"კანონპროექტს გამოეხმაურა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომლის მთავარი ღირებულებაა ადამიანი და მისი ღირსების დაცვა, რომლის პრინციპებია ხალხის ინტერესების შესაბამისად მოქმედება და ეკლესიის და პატრიარქის განსაკუთრებული პატივისცემა. 

ჩვენ ვუსმენთ საზოგადოებას და ეკლესიას. სწორედ ამ ღირებულებებიდან და პრინციპებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტში ზემოაღნიშნული კანონპროექტის განხილვის შეჩერების თაობაზე. მიგვაჩნია, რომ ჩვენ პირნათელი ვართ ქართული საზოგადოების და ეკლესიის წინაშე, რადგან წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალებების წარმოებასა და რეალიზებას. თუმცა, არსებობს საფრთხე იმისა, რომ ამ კანონპროექტმა ნარკოტიკული საშუალებების არალეგალური მიმოქცევა წაახალისოს, მივიღებთ გადაწყვეტილებას კანონპროექტის გაწვევის თაობაზე". 

კობახიძე ასევე ამბობს, რომ კანონპროექტის ირგვლივ შექმნილი ვნებათაღელვით "გარკვეულმა ძალებმა ბოროტად ისარგებლეს". 

"სამწუხაროდ, საზოგადოების ვნებათაღელვით ბოროტად ისარგებლეს გარკვეულმა ძალებმა, რომელთა მთავარი ნიშან-თვისებები სწორედ ადამიანის ღირსების უგულებელყოფა და მისი შელახვის მცდელობა, ქვეყანასთან, ხალხთან და საზოგადოებასთან დაპირისპირება, ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაა. 

საზოგადოებას მოვუწოდებთ, ნურავის მივცემთ ვნებათაღელვის თავის სასარგებლოდ ბოროტად გამოყენების საშუალებას.

გამოვხატავთ უდიდეს პატივისცემას უწმინდესისა და უნეტარესის მიმართ, რომლის თითოეული ნაბიჯი და განცხადება განმსჭვალულია სიბრძნით და რომელიც ყოველთვის მიმართულია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების დაცვისკენ. მოვუწოდებთ ყველას, როგორც ჩვენს თანაგუნდელებს, ისე საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ამ საკითხზე საჯარო სივრცეში ემოციური პოლემიკის გაგრძელებისგან", - წერს კობახიძე განცხადებაში. 

პარლამენტში მარიხუანის ექსპორტის შესახებ კანონპროექტის განხილვა ამ ეტაპზე შეჩერდა.

თუმცა: 

საქართველოს მთავრობა მარიხუანას საექსპორტო პოტენციალს სწავლობს - ამის შესახებ განცხადებები გუშინ გაკეთდა. განიხილება მოდელი, რომლის მიხედვითაც საქართველოში მოიყვანენ და გადაამუშავებენ მარიხუანას, რომელიც სამედიცინო მიზნებისთვის იქნება განკუთვნილი. გადამუშავებული პროდუქტი კი ექსპორტზე გავა.

ამ ინიციატივიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელთა მიხედვითაც, მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა.

შსს აცხადებს, რომ მარიხუანის მოხმარება აკრძალული იქნება 21 წლამდე ასაკის პირებისთვის;

  • ამასთან, 21 წლამდე პირის დაყოლიება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე იქნება სისხლის სამართლის დანაშაული;
  • მარიხუანის მოხმარება აკრძალული იქნება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ისე კერძო სექტორში მომუშავე პირებისთვის;
  • მარიხუანის მოხმარებისთვის კანონპროექტი ითვალისწინებს სამოქალაქო უფლებების, მათ შორის გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის პროფესიული საქმიანობის უფლების, ჩამორთმევას;
  • კანონპროექტით არ შეცვლილა მარიხუანას ფლობის და გასაღების მიმართ რეგულაცია. მარიხუანას ფლობა და გასაღება კვლავ სისხლის სამართლის წესით დაისჯება.

რაც შეეხება კანაფის მოყვანა-წარმოებას სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მათ გაითვალისწინეს საზღვარგარეთის განვითარებული ქვეყნების (კანადა, ისრაელი, ჩეხეთი, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი და ა.შ.) პრაქტიკა, სადაც სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-წარმოება ექსპორტისთვის დასაშვებია. შესაბამისად, ახალი კანონპროექტის მიხედვით, სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-წარმოება ექსპორტისთვის მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება, ხოლო ​ლიცენზიის გაცემაზე და პირობების შესრულებაზე განხორციელდება მკაცრი კონტროლი დამოუკიდებელი სააგენტოს მიერ.

სასულიერო პირების ნაწილმა მთავრობის ინიციატივა გააკრიტიკა და პარაკლისიც გადაიხადა. მამა შალვა კაკულიას თქმით, შესაცვლელია ის კონსტიტუციის "პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება" ისეთი ჩანაწერით, რომელიც ადამიანის მიერ საკუთარი თავის დაზიანების უფლებას გამორიცხავს. 

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ კი თქვა, რომ "სამშობლოსთვის გული ხელისუფლებასაც შესტკივა". 

კომენტარები