"ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებულ აუდიოჩანაწერებზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

facebook.com/OfficialPOG

"ომეგა ჯგუფთან" საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. 

"თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო 2018 წლის 12 სექტემბერს. აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს თან დაერთო ყველა ის აუდიოჩანაწერი, რომელიც გამოძიების მიმდინარეობისას სხვადასხვა მედიასაშუალებებით დამატებით გავრცელდა.

გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიება. ამ ეტაპზე სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან გამოთხოვილი აუდი ჩანაწერების ავთენტიკურობის და მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

ასევე, მიმდინარეობს ჩანაწერებში სავარაუდოდ მონაწილე პირების გამოკითხვის პროცესი. თბილისის პროკურატურაში გამოსაკითხად დაბარებულია ზ.ო., თუმცა მისი ადვოკატის განცხადებით, იგი იმყოფება დიდ ბრიტანეთში და მიმდინარე თვის ბოლოს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ გამოცხადდება საგამოძიებო ორგანოში. ასევე საზღვარგარეთ იმყოფება საუბრის კიდევ ერთი სავარაუდო მონაწილე ი.ჩ., რომელიც ქვეყანაში დაბრუნებისთანავე დაიკითხება მოწმის სახით.

გარდა ამისა, თბილისის პროკურატურამ, გამოკითხვის მიზნით, 2018 წლის 25 სექტემბერს, მოწმის სახით გამოიძახა ომეგა ჯგუფში შემავალი სამი კომპანიის დირექტორი, თუმცა მათი ადვოკატის ცნობით, აღნიშნული პირები უწყებაში მითითებულ დროს ვერ მივიდოდნენ და ისინი საგამოძიებო ორგანოში 2018 წლის 27 სექტემბერს გამოცხადდებიან. ამასთან, გამოძიებამ, ომეგა ჯგუფში შემავალი კომპანიების საგადასახადო ვალდებულებების დადგენის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურიდან უკვე გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია. დაიკითხება ჩანაწერებში მოქმედი ყველა პირი და დამატებითი ინფორმაცია ეცნობება საზოგადოებას", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში გავრცელდა რამდენიმე ჩანაწერი, რომლებიც სავარაუდო კორუფციაზე მიუთითებს. ერთ-ერთ ჩანაწერში "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან მისი კონკურენტი კომპანიის წარმომადგენლები საუბრობენ და სიგარეტის ბაზრის განაწილების გეგმას იხილავენ. ჩანაწერში საუბარია სიგარეტის რეალიზაციიდან 50%-იანი წილის "ქართული ოცნების" ფონდისთვის გადაცემაზე. გავრცელებულ კიდევ ერთ ფარულ აუდიო ჩანაწერში ზაზა ოქუაშვილს სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი მისთვის და სხვა მაღალჩინოსნებისთვის ავტომობილების გადაცემას სთხოვს. 24 სექტემბერს კი გავრცელდა კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი, სადაც ოქუაშვილისა და "ომეგა ჯგუფის" კონკურენტი კომპანია "თბილისის თამბაქოს" ერთ-ერთი აქციონერის, გიორგი ჩუბინიშვილის საუბარია ასახული. ჩანაწერის მიხედვით, თითოეული სიგარეტის კოლოფის რეალიზაციის შედეგად ქართული ოცნების ფონდში 2.5 თეთრი მიემართება. გავრცელებული აუდიო ჩანაწერები ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის.

კომენტარები