დონალდ ტრამპის გამოსვლა გაეროში

ტრამპის გამოსვლა გაეროში: უარვყოფთ გლობალიზმს და ვაღიარებთ პატრიოტიზმს

დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე საკუთარი გამოსვლა მისი ადმინისტრაციის მიერ მიღწეული პროგრესის აღნიშვნით დაიწყო, რამაც დარბაზში სიცილი და აპლოდისმენტები გამოიწვია.

"ორ წელზე ნაკლებ დროში ჩემმა ადმინისტრაციამ იმაზე მეტს მიაღწია, რამდენისთვისაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში თითქმის არცერთ ადმინისტრაციას არ მიუღწევია." თქვა ტრამპმა, რასაც სიცილი და ტაში მოჰყვა. "ეს მართალია...ასეთ რეაქციას არ ველოდი, მაგრამ არაუშავს." აღნიშნა მან.

ტრამპმა აშშ-ის ეკონომიკურ წინსვლაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, სამუშაო ადგილების გაზრდაზე, უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და კულტურულ მრავალფეროვნებაზე ისაუბრა.

"ამერიკის შეერთებული შტატები უფრო ძლიერი, უსაფრთხო და მდიდარი ქვეყანა, ვიდრე ეს იყო ორი წლის წინ. ჩვენ ვდგავართ ამერიკისთვის და ამერიკელი ხალხისთვის, ისევე როგორც მსოფლიოსთვის. ჩვენ ასევე ვდგავართ ჩვენი მოქალაქეებისთვის და მშვიდობის მოყვარული ხალხისთვის ყველგან. გვჯერა, რომ როდესაც ქვეყნები პატივს სცემენ მათი მეზობლების უფლებებს და იცავენ საკუთარი ხალხის ინტერესებს, მათ შეუძლიათ უკეთ ითანამაშრომლონ, რათა დაიცვან უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და მშვიდობის მონაპოვრები.

"თითოეული აქ მყოფი არის წარმომადგენელი განსხვავებული კულტურის, მდიდარი ისტორიის და მეხსირების, ტრადიციისა და ღირებულებების მიერ შეკრული ხალხი. სწორედ ამიტომ ამერიკა ყოველთვის აირჩევს დამოუკიდებლობასა და თანამშრომლობას გლობალური მმართველობის ნაცვლად და მე პატივს ვცემ თითოეული ქვეყნის უფლებას, რომ მისდიოს თავის ჩვეულებებს, რწმენებსა და ტრადიციებს. ამერიკის შეერთებული შტატები არ გეტყვით, როგორ იცხოვროთ, იმუშაოთ ან როგორ სცეთ თაყვანი. ჩვენ საპასუხოდ მხოლოდ ჩვენი სუვერენობის პატივისცემას ვითხოვთ." თქვა მან.

ტრამპმა აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში მისი მიდგომების წარმატებულობასაც გაუსვა ხაზი. თავდაპირველად მან ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან მიღწეულ შეთანხმებაზე ისაუბრა:

"ჩვენი მიდგომა ყოველთვის იღებდა ნაყოფს. ბევრი ქვეყნის მხარდაჭერის შედეგად, ჩრდილოეთ კორეასთან ჩვენმა მიდგომამ მშვიდობის ახალი ბიძგით ჩაანაცვლა გლობალური კონფლიქტის საშიშროება. ივნისში, მე სინგაპურში გავემგზავრე იმ ჩენ ინთან შესახვედრად. ჩვენ პროდუქტიული საუბარი და შეხვედრები გვქონდა. შევთანხმდით, რომ ორივე ქვეყნის ინტერესში იყო, რომ დაწყებულიყო კორეული ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღება. შეხვედრის შემდეგ, ჩვენ დავინახეთ დამაიმედებელი გარემობები, რომელსაც ცოტა ხნის წინ თითქმის ვერავინ წარმოიდგენდა. რაკეტები აღარ დაფრინავენ ყველა მიმართულებით. ბირთვული შემოწმებები შეწყდა. ზოგიერთი სამხედრო ნაგებობა უკვე განიარაღებულია, ჩვენი ტყვეები განთავისუფლებულია, ჩვენი დაცემული გმირების ნეშტები სახლში, ამერიკულ მიწაზე განისვენებს. მინდა მადლობა გადავუხადო კიმ ჩენ ინს ამ ნაბიჯების გადადგმისთვის. ბევრი საქმე დარჩა გასაკეთებელი. სანქციები ბირთვულ განიარაღებამდე შენარჩუნდება." თქვა მან და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჯე ინს, იაპონიის პრემიერმინისტრსა და ჩინეთის პრეზიდენტს.

ამის შემდეგ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და ტერორიზმთან ბრძოლაში სპარსეთის ყური ქვეყნების, საუდის არაბეთის, კატარის და არაბთა გაერთიანებული საემიროების როლი აღნიშნა.

"ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოსთან, იორდანიასთან და ეგვიპტესთან ერთად, რათა ჩამოვაყალიბოთ სტრატეგიული ალიანსი, რათა შუა აღმოსავლეთის ერებს შეეძლოთ უსაფრთოხების და სტაბილურობის გაუმჯობესება თავიანთ რეგიონში. ამერიკის შეერთებული შტატების ჯარებისა და ბევრ ქვეყანასთან ჩვენი თანამშრომლობის წყალობით, მე მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ სისხლისმღვრელი მკვლელები, რომლებსაც ISIS ეწოდებათ განდევნილი ტერიტორიიდან, რომელიც ოდესღაც დაკავებული ჰქონდათ ერაყსა და სირიაში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მეგობრებთან და მხარდაჭერებთან ერთად, რათა აღმოვფხვრათ ისლამისტი ტერორისტების დაფინანსება და მხარდაჭერა, ან ჩვენი საზღვარში შემოღწევის საშუალებები." თქვა მან.

სირიის კონფლიქტის საკითხზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ აუცილებელია დე-ესკალაცია და პოლიტიკური გამოსავლის მოძებნა და ამასთანავე თქვა, რომ ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში აშშ-ის პასუხი არ დააყოვნებს.

დონალდ ტრამპმა ირანზეც ისაუბრა და მას, როგორც გასულ წელს, ტერორიზმის მთავარი დამფინანსებელი უწოდა:

"ირანის ლიდერები ქაოსს, სიკვდილსა და დესტრუქციას თესავენ. ისინი მეზობლების საზღვრებს და ქვეყნების სუვერენიტეტს პატივს არ სცემენ. ამის ნაცვლად, ირანელი ლიდერები ძარცვავენ ქვეყნის რესურსებს და თავად მდიდრდებიან, რათა ახლო აღმოსავლეთში და მის გარეთ უთანხმოება გააღვივონ. ირანელი ხალხი სამართლიანადაა განრისხებული." თქვა მან და აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ უჭერს მხარს ახლო აღმოსავლეთის ბევრი აშშ-ის გასვლას 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმებიდან. ტრამპის თქმით, სწორედ ამ "საშინელი შეთანხმების გამო" ირანის სამხედრო ბიუჯეტი 40%-ით გაიზარდა, რის გამოც მისმა ადმინისტრაციამ "სისხლიან რეჟიმს" ახალი ეკონომიკური სანქციები დაუწესა.

დონალდ ტრამპმა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის ოფიციალურად აღიარებასა და ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობის დამყარებაზეც ისაუბრა:

"აშკარა ფაქტები აღიარება მიზნის მიღწევას მხოლოდ ხელს შეუწყობს. ამერიკის პრინციპული რეალიზმის პოლიტიკა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვიქნებით ტყვეები ძველი დოგმების, დისკრედიტებული იდეოლოგიების და ე.წ. ექსპერტებისა, რომელთაც წლების მანძილზე არაერთხელ დაუმტკიცეს, რომ ცდებოდნენ. ეს ასეა არა მხოლოდ მშვიდობის საკითხზე, არამედ წარმატების. ჩვენ გვჯერა, რომ ვაჭრობა სამართლიანი უნდა იყოს. აშშ-ს ვეღარავინ გამოიყენებს." თქვა მან.

ტრამპის თქმით ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის მიმართ დიდი პატივისცემა აქვს, თუმცა აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებში დისბალანსი მიუღებელია. "ამერიკა არასოდეს მოიბოდიშებს საკუთარი მოქალაქეების დაცვისათვის."

მან OPEC და ორგანიზაციის წევრი ქვეყნებიც დაადანაშაულა: "ჩვენ ამ ქვეყნებს უანგაროდ ვიცავთ და შემდეგ ისინი ჩვენით სარგებლის ნახვას ცდილობენ, ნავთობზე ფასებს გვიზრდიან. ეს კარგი არაა. ჩვენ გვსურს, რომ მათ შეწყვიტონ ნავთობზე ფასების ზრდა და დაიწყონ მისი შემცირება."

ტრამპმა ენერგოუსაფრთხოებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ მომწოდებელზე დამოკიდებულება ქვეყანას ასუსტებს. "ამიტომ ვულოცავთ პოლონეთის მსგავს ქვეყნებს, რომლებიც ბალტიის გაზსადენის მშენებლობაში მონაწილეობენ, რათა რუსეთზე არ იყვნენ დამოკიდებული. გერმანია სრულად იქნება რუსეთზე ენერგოდამოკიდებული, თუ კურსს არ შეცვლის." თქვა მან.

თითქმის 40 წუთიან გამოსვლაში ტრამპმა რუსეთი სწორედ ამ კონტექსტში, მხოლოდ ერთხელ ახსენა.

მან ისაუბრა სამხრეთ ამერიკის რეგიონში არსებულ გამოწვევებზეც.

"არც ისე დიდი ხნის წინ ვენესუელა დედამიწაზე ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა იყო. დღეს, სოციალიზმმა ნავთობით მდიდარი სახელმწიფო გააკოტრა და ხალხი სიღატაკეში ჩააგდო. თითქმის ყველგან უცდიათ სოციალიზმი ან კომუნიზმი. მას ტანჯვა, კორუფცია და გახრწნა მოაქვს. სოციალიზმის ძალაუფლებისადმი წყურვილს ექსპანსიისა და რეპრესიისაკენ მივყავართ. ყველა ქვეყანამ უნდა თქვას უარი სოციალიზმზე და იმ უბედურებაზე, რაც მას მოაქვს. ამიტომ ჩვენ ვთხოვთ აქ შეკრებილ ქვეყნებს შემოგვიერთდნენ ვენესუელაში დემოკრატიის აღდგენის მოწოდებაში. დღეს ჩვენ ვაანონსებთ დამატებით სანქციებს რეპრესიული რეჟიმისათვის, რომელის სამიზნეს მადუროს შიდა წრე და ახლო მრჩევლები წარმოადგენენ."

ტრამპმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოც გააკრიტიკა და თქვა, რომ ამერიკა მათ არ დაუბრუნდება, სანამ საფუძვლიან რეფორმებს არ განახორციელებენ.

"ამერიკას ამერიკელები მართავენ. ჩვენ გლობალიზმის იდეოლოგიას უარვყოფთ და პატრიოტიზმის დოქტრინას ვაღიარებთ." თქვა მან.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკა დახმარების გაწევის კუთხით წამყვანი ქვეყანაა, თუმცა მას უკან ცოტა აძლევს. ამიტომ მან სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს დაავალა შეაფასოს რა მუშაობს და რა არა და ის ქვეყნები, რომელიც "აშშ-ის დოლარებს იღებენ" იცავენ თუ არა მის ინტერესებს. "ამიერიდან ჩვენ დახმარებას მხოლოდ მათ გავუწევთ, ვინც პატივს გვცემს." თქვა ტრამპმა.

"ერთად ავირჩიოთ პატრიოტიზმის, წინსვლის და სიამაყის მომავალი. მშვიდობა და თავისუფლება ვარჩიოთ დომინაციასა და დამარცხებას." თქვა მან გამოსვლის დასასრულს.

 

კომენტარები