ჯასთინ მაკენზი

ბრიტანეთის ელჩი: ენერგიული სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს ერთერთი ძლიერი მხარეა

ბრიტანეთის საელჩო

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასთინ მაქენზი სმითი სამოქალაქო სექტორს მხარს უჭერს. საელჩოს მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, სმითი ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოებას ქვეყნის ერთერთ ძლიერ მხარედ ასახელებს.

"ვფიქრობ, რომ სამოქალაქო საზოგადოების მრავალფეროვნება და ენერგია საქართველოს ერთერთი ძლიერი მხარეა და წარმოადგენს თანამედროვე ქართული დემოკრატიის მნიშვნელოვან ნაწილს,"- ჯასთინ მაქენზი სმითი, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში.

ელჩის განცხადება მმართველი გუნდის მხრიდან სამოქალაქო სექტორის მიმართ კრიტიკის გახშირებას ემთხვევა. გუშინ, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკრიტიკა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც ბოლო პერიოდში კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დროული და ეფექტური გამოძიება მოითხოვეს და ხაზი გაუსვეს ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის მიმართულებით არსებულ პრობლემებს.

"აბსოლუტურად არასერიოზული განცხადებაა. ეს არის 13 კაცი და ქალი, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური მიკერძოებული შეხედულებები. ცამეტივეს. საქართველოში ჩამოყალიბებულია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება არასამთავრობო სექტორი, ცალკეა ეს პოლიტიკური გაერთიანება, რომელმაც არჩევნებში რომ მიიღოს მონაწილეობა, 1%-საც ვერ აიღებს. სამოქალაქო საზოგადოება არის ცალკე,"- თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

"ომეგა ჯგუფის" საქმეზე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაზე დღეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა, რომ ეს ორგანიზაციები პრაქტიკულად პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ.

"ეს 13 არასამთავრობო ორგანიზაცია არა მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესებს ატარებს, არამედ ისინი რეალურად პოლიტიკური პარტიები არიან. შესაბამისად, თუ მათ აქვთ პოლიტიკური ამბიციები და როგორც ჩანს ეს აქვთ, ჩამოყალიბდნენ პოლიტიკურ პარტიებად ფორმალურადაც. ამისთვის იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში არსებობს პოლიტიკურ პარტიათა რეესტრი და ჩვენ მზად ვართ ისინი პოლიტიკურ პარტიებად დავარეგისტრიროთ",- ამბობს წულუკიანი. 

13-მა არასმთავრობო ორგანიზაციამ საერთო განცხადება ორშაბათს გამოაქვეყნა

კომენტარები