საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით რუკაზე გამოსახვა შესაძლოა, დასჯადი გახდეს

საქართველოს ტერიტორიის შემლახავი რუკის დამზადება, რეკლამირება, ექსპორტი, იმპორტი, რაიმე საგანზე გამოსახვა შესაძლოა დასჯადი გახდეს. 

შესაბამისი კანონპროექტის პარლამენტისთვის წარდგენას გეგმავს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი სესიაშვილი.

როგორც სესიაშვილმა ტაბულას უთხრა, აღნიშნული ინიციატივის მიზეზი, რუსული პროპაგანდაა. 

"ჩვენი ქვეყნის რუკის დამახინჯება ხდება. ეს არის საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა. მე მოლოდინი მაქვს, რომ ამას ექნება როგორც პრევენციული ხასიათი, ასევე ექნება სამართლებრივი შედეგები. რამდენადაც თუ ვინმე შელახავს ჩვენ სიმბოლიკებს და ტერიტორიულ მთლიანობას, თავისთავად ცხადია, ის უნდა იყოს ადეკვატურად დასჯილი",- ამბობს დეპუტატი.  

მისივე თქმით, სავარაუდოდ, კანონპროექტი ერთ კვირაში დარეგისტრირდება. 

"კანონპროექტი მზად მაქვს. გარკვეულ კონსულტაციებს გავდივარ, რომ სამართლებრივად გამართული იყოს პროექტი და ალბათ, ერთ კვირაში დავარეგისტრირებ",- თქვა ირაკლი სესიაშვილმა. 

კომენტარები