რუსული პროპაგანდა

ივან ილინი, პუტინის საყვარელი ფილოსოფოსი, რომელიც თანამედროვე პოლიტიკას განსაზღვრავს

ივან ილინი
 ტექსტის ავტორი ტიმოთი სნაიდერი იელის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორია. მისი სპეციალობა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ისტორიაა. მისი წერილი რუსი ფაშისტი ფილოსოფოსის ივან ილინის შესახებ, ხსნის თანამედროვე რუსეთის პოლიტიკას, ისევე როგორც ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური პოპულიზმის წარმოშობას.   

ერთმა რუსმა სატანას თვალებში ჩახედა, ღმერთი ფსიქოანალიტიკოსის სავარძელზე მოათავსა და გაიგო, რომ მის ერს მსოფლიოს გამოსყიდვა შეეძლო. აგონიაში მყოფმა ღმერთმა მას მარცხის ისტორიას მოუყვა. პირველად იყო სიტყვა, უბიწოება და სრულყოფილება, და ეს სიტყვა იყო ღმერთი. მაგრამ შემდეგ ღმერთმა ახალგაზრდული შეცდომა დაუშვა. მან შექმნა სამყარო საკუთარი თავის შესავსებად, მაგრამ ამის ნაცვლად ჩაისვარა და სირცხვილით დაიმალა. პირველქმნილი ცოდვა, არასრულყოფილების შექმნა, ღმერთის იყო და არა ადამის. როგორც კი სამყაროში ადამიანები გაჩნდნენ, მათ გაიგეს ფაქტები და განიცადეს გრძნობები, რომლებიც ვეღარ გადაეწყობოდა ღმერთის გონებაში. თითოეული ინდივიდის აზრი და ვნება აღრმავებდა სამყაროზე სატანის გავლენას

ამგვარად, ამ რუსმა ფილოსოფოსმა გაიგო ისტორია როგორც შერცხვენა. არაფერი, რაც სამყაროს შექმნის შემდეგ მოხდა არ ატარებს მნიშვნელობას. სამყარო ფრაგმენტების უსაზრისო ნარევია. რაც უფრო მეტად ცდილობენ ადამიანები სამყაროს გაგებას, მით უფრო ცოდვილი ხდება ის. თანამედროვე საზოგადოებამ, თავისი პლურალიზმით და სამოქალაქო საზოგადოებით, გააღრმავა სამყაროს დეფექტები და გააძევა ღმერთი. ღმერთს ერთადერთი იმედი დარჩა - ღირსეული ერი, რომელიც ლიდერს პოლიტიკურ ტოტალურობაში გაჰყვებოდა და სწორედ ამით დაიწყებდა სამყაროს გამოსწორებას, რამაც თავის მხრივ შეიძლება ღმერთი გამოისყიდოს. რადგან ამ სიტყვის გამაერთიანებელი პრინციპი ამ სამყაროში ერთადერთი სიკეთეა, ნებისმიერი საშუალება, რამაც მისი დაბრუნება შეიძლება გამოიწვიოს, გამართლებულია.

ამრიგად, რუსმა ფილოსოფოსმა, რომელსაც ივან ილინი ერქვა, წარმოიდგინა რუსული ქრისტიანული ფაშიზმი. 1917 წლის რუსულ რევოლუციამდე ცოტა ხნით ადრე მან დაასრულა თავისი დისერტაცია ღმერთის სამყაროსეული მარცხის შესახებ. 1922 წელს მისთვის საძულველი საბჭოთა კავშირიდან გაძევების შემდეგ მხარს უჭერდა ბენიტო მუსოლინის და 1925 წლისთვის ფაშიზმის პოლიტიკური ძალადობის აპოლოგიის წერა დაასრულა. გერმანიაში და შვეიცარიაში გადასახლებისას, 1920-იან და 1930-იან წლებში ის წერდა გადასახლებაში მყოფი თეთრგვარდიელებისთვის, რომლებიც რუსეთის სამოქალაქო ომში დამარცხების შემდეგ ლტოლვილებად იქცნენ;1940-იან და 1950-იან წლებში კი კი მომავლის რუსებისთვის, რომლებიც საბჭოთა ძალაუფლების დასასრულს ნახავდნენ. 

დაუღალავმა მშრომელმა, ილინმა ოცი წიგნი რუსულად და ოციც გერმანულად დაწერა. მისი ზოგიერთი ნაშრომი გრძელი და აზრიანია და მარტივია დაძაბულობის და წინააღმდეგობის აღმოჩენა. თუმცა, აზროვნების ერთი ნაკადი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში შეინარჩუნა, პოლიტიკური ტოტალიტარიზმის და მორალური და მეტაფიზიკური გამართლებაა, რომელიც ფაშისტური სახელმწიფოს პრაქტიკულ მონახაზებში გამოკვეთა. მთავარი ცნებები იყო "კანონი/სამართალი" ან "სამართალცნობიერება " (Pravosaznanie). ახალგაზრდა ილინისთვის, რუსეთის რევოლუციამდელ ნაშრომებში, კანონი განასახიერებდა იმედს, რომ რუსები მონაწილეობას მიიღებდნენ უნივერსალურ ცნობიერებაში, რომელიც მათ თანამედროვე სახელმწიფოს შექმნის შესაძლებლობას მისცემდა. ზრდასრული, კონტრრევოლუციუნერი ილინისთვის, გარკვეული ცნობიერება (გული ან სული და არა გონება) ნებას რთავდა რუსებს განეცადათ ძალაუფლების თვითნებური დებულებები როგორც კანონი. მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილის შემდეგ ილინი დავიწყებას მიეცა, 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მისი შრომები კვლავ აქტუალური გახდა და გზას უკვლევს ადამიანებს, რომლებიც დღეს რუსეთს მართავენ.

ადრეული ოცდამეერთე საუკუნის რუსეთი ახალი ქვეყანაა, რომელიც 1991 წელს საბჭოთა კავშირის რუსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა. ის უფრო პატარაა, ვიდრე ძველი რუსეთის იმპერია და დროშიც განცალკევებულია მისგან საბჭოთა ისტორიის სამოცდაათი წლით. თუმცა, თანამედროვე რუსეთის ფედერაცია ჰგავს ილინის ახალგაზრდობის პერიოდის რუსეთის იმპერიას ერთ საკვანძო ასპექტში: მან არ დაამყარა კანონის უზენაესობა ხელისუფლების პრინციპად. ილინის კანონის გაგების ტრაექტორია, იმედიანი უნივერსალიზმიდან თვითნებურ ნაციონალიზმამდე, აღწერს რუსი პოლიტიკოსების დისკურსს ვლადიმერ პუტინის ჩათვლით. ვინაიდან ილინმა მოახერხა კანონის უზენაესობის კრახის რუსულ ღირსებად წარმოჩენა, რუსი კლეპტოკრატები იყენებენ მის იდეებს, რათა ეკონომიკური უთანასწორობა ეროვნულ პატიოსნებად წარმოაჩინონ. 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვლადიმერ პუტინმა გამოიყენა ილინის უფრო კონკრეტული იდეები გეოპოლიტიკის შესახებ, თავის ამოცანაში გადათარგმნოს რუსული პოლიტიკის მიზნები, საშინაო რეფორმებიდან საზღვარგარეთ ექსპანსიამდე. საერთაშორისო პოლიტიკის "სულიერ საფრთხეების” შესახებ დისკუსიად გარდაქმნით, ილინის ნაშრომები დაეხმარა რუსულ ელიტებს, რომ წარმოეჩინათ უკრაინა, ევროპა და შეერთებული შტატები, როგორც ეგზისტენციალური საფრთხეები რუსეთისთვის.

ივან ილინი იყო ფილოსოფოსი, რომელმაც რუსული პრობლემები გერმანელ მოაზროვნეებთან დააკავშირა. ეს იმ ადგილისთვის და დროისთვის ტიპიური რამ იყო. ის რომანოვების დინასტიის გვიანი პერიოდის შვილი იყო. მამამისი რუსი აზნაური, დედა კი გერმანელი პროტესტანტი იყო, რომელიც მართლმადიდებელი გახდა.1901 - 1906 წლებში, როგორც მოსკოვში მცხოვრები სტუდენტისთვის, ილინის კვლევის საგანი ფილოსოფია იყო, რაც იმანუელ კანტის ეთიკურ აზროვნების შესწავლას გულისხმობდა. ნეოკანტიანელებისთვის, რომლებიც მაშინ დომინირებდნენ როგორც ევროპის ასევე რუსეთის უნივერსიტეტებში, ადამიანები განსხვავდებოდნენ ღმერთის სხვა ქმნილებებისგან აზროვნების უნარით, რომელიც მათ გონივრული არჩევანის საშუალებას აძლევდა. ადამიანებს შეეძლოთ თავისუფლად დამორჩილებოდნენ კანონს, რადგან მათ მისი გაგება და მისი სულის მიღება შეეძლოთ.

რუსეთის მოაზროვნე კლასებისთვის კანონი სასურველი რამ იყო. რუსეთის სამართლის სტუდენტები, შესაძლოა ევროპელ კოლეგებზე მეტად, მას პოლიტიკური ტრანსფორმაციის წყაროდ აღიქვამდნენ. კანონი წარმოადგენდა ანტიდოტს "პროიზვოლის" რუსული პრობლემის გადასაჭრელად, რომელიც ავტოკრატი ცარის თვითნებურ მმართველობას აღნიშნავდა. ახალგაზრდული ოპტიმიზმის მიუხედავად ილინს უჭირდა აღექვა რუსი ხალხი იმ გონების პროდუქტებად, რომლის შესახებაც კანტი წერდა. ის ელოდებოდა დიდ რევოლუციას, რომელიც დააჩქარებდა რუსეთის მასების განათლებას. როცა რუსეთ-იაპონიის ომმა შექმნა პირობები რევოლუციისთვის 1905 წელს, ილინი იცავდა თავისუფალი შეკრების უფლებას. თავის შეყვარებულთან, ნატალია ვოკაცთან ერთად მან თარგმნა გერმანული ანარქისტული პამფლეტი რუსულად. 1906 წელს ცარი იძულებული გახდა ეღიარებინა ახალი კონსტიტუცია, რომელმაც შექმნა ახალი რუსული პარლამენტი. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტი არჩეული იყო ისე, რომ იმპერიის ძალაუფლებას ინარჩუნებდა, პარლამენტს კანონმდებლობის ძალა ჰქონდა. ცარმა პარლამენტი ორჯერ დაითხოვა და შემდეგ უკანონოდ შეცვალა საარჩევნო სისტემა, რათა დარწმუნებულ ყოფილიყო, რომ ის კიდევ უფრო კონსერვატიული იქნებოდა. შეუძლებელი იყო იმის თქმა, რომ ახალმა კონსტიტუციამ რუსეთში კანონის უზენაესობა დაამყარა.

1909 წელს უნივერსიტეტში სამართლის ლექტორად დანიშვნის შემდეგ ილინმა გამოაქვეყნა  სტატია რუსულ და გერმანულ ენაზე, რომელიც სამართალსა და ძალაუფლებას შორის არსებულ კონცეპტუალურ განსხვავებებზე საუბრობდა. თუმცა, როგორ უნდა გავხადოთ სამართალი ფუნქციონალური პრაქტიკაში და აქტუალური ცხოვრებაში? როგორც ჩანს, კანტმა ცარიელი სივრცე დატოვა სამართლის/კანონის სულსა და ავტოკრატიის რეალობას შორის. ილინს იმედს აძლევდა გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელის ვარაუდი, რომ დრო ამ მტკივნეულ დაპირისპირებას აღმოფხვრიდა. ისტორია არის სამყაროში სულის (Geist) ეტაპობრივი შეღწევა. თითოეული ეპოქა წინამდებარეეზე მაღლა იდგა და მოიტანა კრიზისი, რომელიც შემდეგი ეპოქის იმედს იძლევა. გამხეცებული მასები დაემსგავსებიან განათლებულ მეგობრებს, ყოველდღიურობის ენთუზიაზმი განსაზღვრავს პოლიტიკურ წესრიგს.

ფილოსოფოსი, რომელსაც ესმის ეს იდეა, სულის ტრანსპორტი ხდება. თავისი  და წინა თაობის რუსი ინტელექტუალების მსგავსად ილინი ჰეგელისკენ იყო მიდრეკილი და 1912 წელს ჰეგელიანური რენესანსიც კი გამოაცხადა. თუმცა, მრავალრიცხოვანმა რუსულმა გლეხობამ დააეჭვა რუსულ საზოგადოებასთან სამართლის კომუნიკაციის შესაძლებლობაში. ურბანული ცხოვრების მისმა გამოცდილებამ გაუჩინა ეჭვი, რომ ისტორიული ცვლილება მხოლოდ სულის საკითხი არ იყო. ის ხედავდა რუსებს, მისივე სოციალური გარემოს და კლასის წარმომადგენლებს, რომლებიც საზიზღრად მატერიალისტები იყვნენ. 1910 წელს მან მან ოპონენტები სექსუალურ პერვერსიებში დაადანაშაულა.

1913 წელს ილინი ღელავდა, რომ პერვესია ეროვნული რუსული სინდრომი იყო და ზიგმუნდ ფროიდი რუსეთის მხსნელად გამოაცხადა. ფროიდის ილინისეულ ინტერპრეტაციაში, ცივილიზაცია გაჩნდა ჩვენი საბაზისო ინსტინქტების დათრგუნვის კოლექტიური შეთანხმების შედეგად. ინდივიდი იხდიდა ფსიქოლოგიურ საფასურს და სწირავდა თავის ბუნებას კულტურას. მხოლოდ ფსიქოანალიტიკოსის სავარძელზე ხანგრძლივ კონსულტაციას შეეძლო არაცნობიერი განცდების ზედაპირზე ამოტანა. ფსიქოანალიზმა მას შესთავაზა ჰეგელისგან განსხავებული სურათი.  მაშინაც კი როცა ილინი ჰეგელზე თავის დისერტაციას ამზადებდა, ის საკუთარ საკუთარ თავს რუსული ფსიქოთერაპიის პიონერად მიიჩნევდა და 1914 წელს შეყვარებულთან ერთად ვენაში ფროიდთან კონსულტაციაზე გაემგზავრა. ამგვარად, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას ილინი ვენაში, ჰაბსბურგის მონარქიის დედაქალაქში იმყოფებოდა, რომელიც ახლა უკვე რუსეთის მტერი იყო.

"ჩემი შინაგანი გერმანელები, უფრო მაღელვებს ვიდრე გარეგანი." - წერდა ილინი 1915 წელს, გერმანიის და ჰაბსბურგის რუსეთის იმპერიასთან ომის შესახებ. "შინაგანი გერმანელი", რომელმაც მას სხვები აათვისებინა, მისთვის ედმუნდ ჰუსერლი იყო, ვისთან ერთადაც ის გოტინგენში 1911 წელს სწავლობდა. ჰუსერლი, ფენომენოლოგიას სკოლის დამფუძნებელი ცდილობდა აღეწერა მეთოდი, რომლის მეშვეობით ფილოსოფოსი სამყაროში აზროვნებით აღწევს. ფილოსოფოსი თავისი პიროვნების და დაშვებების დავიწყებას და შემდეგ საგნის თავისთავადობაში განცდას ცდილობს. როგორც ილინი წერდა, ფილოსოფოსმა მენტალურად უნდა ფლობდეს (perezhit’) საგანს, ვიდრე მის თვითკმარ და ამომწურავ მკაფიოობას მიაღწევს.

ილინმა ჰუსერლის მეთოდი გაამარტივა ფილოსოფიურ აქტად, რომელშიც ფილოსოსს შეუძლია გააშეშოს სამყარო და ნებისმიერი რამ მასში - სხვა ფილოსოფოსები, სამყარო, ღმერთი - თავისი გონების გაშეშებით. ისე როგორც მართლმადიდებელ მორწმუნეს ხატის ყურებისას, ილინის აზრით, მას ფიზიკურ სამყაროში მეტაფიზიკური რეალობის დანახვა შეეძლო. ვინაიდან ის დისერტაციას ჰეგელის შესახებ წერდა, ის ფილოსოფიურ ტექსტში ღვთიურ სუბიექტს აღიქვამდა და ის ერთ ადგილზე გააჩერა. ჰეგელი გულისხმობდა ღმერთს, როცა ის სულზე წერდა, დაასკვნა ილინმა, და ჰეგელი ცდებოდა როცა ისტორიაში მოძრაობას ხედავდა. ღმერთი სამყაროში საკუთარ თავს ვერ განახორციელებს, რადგან ღმერთის სუბსტანცია სამყაროსგან განსხვავებულია. ჰეგელმა ვერ აჩვენა, რომ ყველა ფაქტს პრინციპი აერთიანებდა, რომ ყველა შემთხვევითობა გეგმის ნაწილი იყო, რომ ყველა დეტალი მთელს შეეადგენდა და ასე შემდეგ. ღმერთმა წამოიწყო ისტორია და შემდეგი გავლენისგან დაიბლოკა.

წინააღმდეგობრივი გერმანული იდეების ნაჩქარევ და ენთუზიაზმით აღსავსე თაყვანისცემაში, ილინი ტიპიური რუსი ინტელექტუალი იყო. დისერტაციაში, ჰუსერლის თავისებური გაგებით, მან შეძლო გარკვეული წესრიგში მოექცია თავისი "შინაგანი გერმანელები." რუსი პოლიტიკური მოაზროვნისთვის კანტმა თავდაპირველი პრობლემა დასახა: როგორ დავამყაროთ კანონის უზენაესობა. ჰეგელმა პრობლემის თითქოს გადაჭრა პრობლემა - სული, რომელიც ისტორიაში ვითარდება. ფროიდმა გადააკეთა რუსეთის პრობლემა სექსუალურ პრობლემად. ჰუსერლმა კი ილინს მისცა შესაძლებლობა პოლიტიკური მარცხის და სექსუალური სირთულეების პასუხისმგებლობა ღმერთზე გადაეტანა. ფილოსოფია ნიშნავდა მედიტაციას, რომელიც ღმერთთან კონტაქტს უშვებდა და ღმერთის მკურნალობას იწყებდა. ფილოსოფოსმა კონტროლის ქვეშ აიყვანა ყველაფერი თავის თვალსაწიერში: სხვა ფილოსოფოსები, სამყარო, ღმერთი. თუმცა, ღმერთთან კონტაქტის დამყარების შემდეგაც, ისტორია გრძელდებოდა, "მოვლენათა ნაკადი დინებას განაგრძობდა."  

ილინის მიერ ღმერთის განჭვრეტის პარალელურად, ადამიანები ხოცავდნენ ერთმანეთს და კვდებოდნენ მილიონობით ევროპის გარშემო. ილინი წერდა თავის დისერტაციებს, როცა რუსეთის იმპერია აგროვებდა და კარგავდა ტერიტორიებს პირველი მსოფლიო ომის აღმოსავლეთ ფრონტზე. 1917 წლის თებერვალში ცარისტული რეჟიმი ახალმა კონსტიტუციურმა წესრიგმა ჩაანაცვლა. ახალი მთავრობა სუსტი იყო, რადგან მან გააგრძელა ძვირადღირებული ომი. ამ წლის აპრილში, გერმანიამ ვლადიმერ ლენინი რუსეთში შეაგზავნა და  ბოლშევიკებმა მეორე დიდი რევოლუცია ნოემბერში მოაწყვეს, რომელიც გლეხებს მიწას და ყველას მშვიდობას პირდებოდა. ილინი ამ დროს დისერტაციის დაცვას ცდილობდა. როცა მან 1918 წელს დისერტაცია დაიცვა, ძალაუფლებაში უკვე ბოლშევიკები იყვნენ, წითელი არმია სამოქალაქო ომში იბრძოდა და ჩეკა რევოლუციას ტერორით იცავდა.

პირველმა მსოფლიო ომმა შანსი მისცა რევოლუციონერებს, მაგრამ გზა გაუხსნა კონტრრევოლუციონერებსაც. ევროპის მასშტაბით, ულტრამემარჯვენეები ხედავდნენ ბოლშევიკურ რევოლუციაში შესაძლებლობას, ასე განხორციელდა რევოლუციის და კონტრრევოლუციის დრამა, განსხვავებული შედეგებით გერმანიაში, უნგრეთში და იტალიაში. არსად იყო კონფლიქტი ისეთი ხანგრძლივი და სისხლიანი როგორც რუსეთის იმპერიაში, სადაც სამოქალაქო ომი წლების განმავლობაში გრძელდებოდა, მოიტანა შიმშილი, დარბევები  და იმდენივე სიცოცხლე შეიწირა, რამდენიც მთლიანად პირველმა მსოფლიო ომმა. ევროპაში ზოგადად და რუსეთში კონკრეტულად, სიცოცხლის წარმოუდგენელმა დანაკარგებმა, უსასრულო ომმა და იმპერიის დაცემამ მოიტანა იდეები, რომლებიც სხვა შემთხვევაში უადგილო იქნებოდა. ომი გარეშე ლენინიზმი მარქსისტული აზროვნების ისტორიის ნაწილი იქნებოდა, ლენინის რევოლუციის გარეშე კი ილინი არ გამოიტანდა მემარჯვენე პოლიტიკურ დასკვნებს თავის დისერტაციაში.

ლენინი და ილინი არ იცნობდნენ ერთმანეთს, ამის მიუხედავად მათი გადაკვეთა რევოლუციაში და კონტრრევოლუციაში წარმოუდგენლად დიდი იყო. ლენინის პატრონიმი “ილიჩი” იყო და ის “ილინის” ფსევდონიმით წერდა, ნამდვილი ილინს ამ ნაშრომების მიმოხილვები აქვს დაწერილი. როცა ილინი ჩეკამ დააკავა როგორც რევოლუციის მტერი, ილინის ფილოსოფიური შრომების პატივისცემის ნიშნად ლენინი ჩაერია. ინტელექტუალური ურთიერთობა ამ ორ კაცს შორის, რომელიც 1917 წელს დაიწყო და დღევანდელ რუსეთშიც გრძელდება, ჰეგელის ტოტალურობის ორმხრივ პატივისცემაში გამოიხატება. ორივე აღიქვამდა ჰეგელს რადიკალურად განსხვავებულად და თანხმდებოდა საკვანძო საკითხებზე, როგორებიცაა საშუალო კლასის განადგურების საჭიროება, მაგრამ ვერ თანხმდებოდნენ უკლასო საზოგადოების საბოლოო ფორმის შესახებ.

ლენინი ეთანხმებოდა ჰეგელს, რომ ისტორია კონფლიქტით მიმდინარე პროგრესის ისტორიაა. როგორც მარქსისტს, მას სწამდა, რომ ეს სოციალურ კლასებს შორის არსებული კონფლიქტია: ბურჟუაზია, რომელიც ფლობდა საკუთრებას და პროლეტარიატი, რომელიც კომერციას შესაძლებელს ხდიდა. ლენინმა მარქსისზმს დაუმატა დებულება, რომ მშრომელთა კლასს, რომელიც კაპიტალიზმა ჩამოაყალიბა და თავისი მიღწევები უნდა დაიბრუნოს, სჭირდება რჩევა დისციპლინირებული პარტიისგან, რომელსაც ისტორიის კანონები ესმის. 1917 წელს ლენინი იმდენად შორს წავიდა, რომ ამტკიცებდა, რომ ადამიანები, რომლებმაც ისტორიის კანონები იციან, ასევე იციან, თუ როდის დაერღვიონ ისინი- რუსეთში სოციალისტური რევოლუციის წამოწყებით, სადაც კაპიტალიზმი სუსტი იყო და მშრომელთა კლასი მცირე. ამის მიუხედავად, ლენინი არ აყენებდა ეჭვქვეშ, რომ არსებობდა ადამიანის კეთილი ბუნება, რომელიც ისტორიული მდგომარეობის მიერ მახეშია მოქცეული და შესაბამისად ისტორიული ქმედებებით გამოთავისუფლებას ექვემდებარება, 

ლენინის მსგავსი მარქსისტები ათეისტები იყვნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ სულში ჰეგელი გულისხმობდა ღმერთს ან სხვა თეოლოგიურ ცნებას და ჩაანაცვლეს სული საზოგადოებით. ილინი ტიპიური ქრისტიანი არ იყო, მაგრამ მას სწამდა ღმერთის. ილინი ეთანხმებოდა მარქსისტებს, რომ ჰეგელი ღმერთს გულისხმობდა და ამტკიცებდა, რომ ჰეგელის ღმერთმა შექმნა არასრულყოფილი სამყარო. მარქსისტებისთვის, კერძო საკუთრება პირველქმნილი ცოდვის ფუნქციას ასრულებდა და მისი გაქრობა ადამიანის სიკეთეს გამოათავისუფლებდა. ილინისთვის თავად შესაქმის აქტი იყო თავდაპირველი ცოდვა, არ არსებობდა ისტორიის კარგი მომენტი და ადამიანის კარგი თვისებები. ილინის აზრით, მარქსისტები მართლები იყვნენ, საშუალო კლასები  რომ სძულდათ და მეტიც, საკმარისად არ ეზიზღებოდათ ისინი. საშუალო კლასის სამოქალაქო საზოგადოება ამყარებს პლურალურ ინტერესებს, რომელიც აზიანებს “ძალაუფლების მქონე ეროვნულ ორგანიზაციას”, რომელიც ღმერთს სჭირდება. ვინაიდან საშუალო კლასები ღმერთს უკუაგდებენ ისინი უკლასო ეროვნულმა საზოგადოებამ უნდა ჩაანაცვლოს. მაგრამ არ არსებობს ისტორიული ტენდენცია ან ისტორიული ჯგუფი, რომელიც ამას გააკეთებს. დიდი ტრანსოფორმაცია სატანური ინდივიდუალურობიდან ღვთიურ ტოტალურობამდე უნდა დაიწყოს ისტორიის მიღმა.

ილინის თანახმად, გათავისუფლება დაიწყება არა ისტორიის გაგებით, არამედ მისი განადგურებით. რადგანაც მიწიური გახრწნილია და ღვთიური წესრიგი მიუწვდომელი, პოლიტიკური ხსნა გამოგონილი, ფიქტიური რეალობიდან უნდა მოსულიყო. 1917 წელს ილინს ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ რუსეთი გახდებოდა სახელმწიფო კანონის უზენაესობით. ლენინის რევოლუციამ დაარწმუნა ილინი მისი ფილოსოფიური იდეების პოლიტიკურობაში. ბოლშევიზმა დამტკიცა, რომ ღმერთის მიერ შექმნილი სამყარო ისეთი ნაკლოვანი იყო, როგორც ილინი ფიქრობდა. რასაც ილინი “ათეიზმის უფრსკულს” ეძახდა იყო ახალი რეჟიმი, რომელმაც საბოლოოდ დაუდასტურა სამყაროს დეფექტები და თანამედროვე იდეების ძალა გააძლიეროს ეს რეჟიმი.

რუსეთის დატოვების შემდეგ ილინი ამტკიცებდა, რომ კაცობრიობას სჭირდება გმირები, დიადი პერსონაჟები ისტორიის მიღმა, რომელსაც თავისი ნებით ძალაუფლების მოპოვება შეუძლია. თავის დისერტაციაში, პოლიტიკა გამოიხატებოდა სწრაფვაში დაკარგული ტოტალურობის აღდგენისკენ და ვარაუდში, რომ ერმა უნდა დაიწყოს მისი რესტავრაცია. ეს იყო იდეოლოგია, რომელიც ფორმას და სახელს ელოდა.

ილინმა რუსეთი 1922 წელს დატოვა, იმ წელს როცა ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირი. მისი წარმოსახვა მალე ბენიტო მუსოლინის რომზე მარშსმა მიიპყრო, პუტჩმა, რომელმაც მსოფლიოს პირველი ფაშისტური რეჟიმი მოიტანა. ილინი დარწმუნებული იყო, რომ გაბედული კაცების გაბედული ჟესტები გადააკეთებდა ყოფიერების ნაკლოვან ბუნებას. ის იტალიაში წავიდა და გამოაქვეყნა სტატიები, რომლებშიც “დუჩეს” მიმართ აღტაცებას გამოხატავს. ამ დროს ის წერდა წიგნს “ბოროტებისთვის წინააღმდეგობის გაწევისას ძალადობის გამოყენების შესახებ.” თუ ილინის დისერტაციამ საფუძველი ჩაუყარა ფაშიზმის მეტაფიზიკურ დაცვას, ეს წიგნია ახალწარმოქმნილი სისტემის გამართლებას წარმოადგენდა. დისერტაცია ღმერთის მიერ ტოტალურობის უნებლიე დაკარგვას შეეხება, მეორე წიგნში კი ღმერთის შვილის სწავლების საზღვრებზეა საუბარი. ღმერთის ტრავმის გაგების შემდეგ ილინმა “თვალებში სატანას ჩახედა.”

ქრისტეს ცნობილმა სწავლებამ, რომელიც მარკოზის სახარებაშია წარმოდგენილი, ილინის ინტეპრეტაციაში უცნაური მნიშვნელობა შეიძინა.

"ნუ განიკითხავთ, რაითა არა განიკითხნეთ. ნუ დაჰგმობთ, და არ დაიგმობით; მიუტევეთ და მოგეტევებათ; გაეცით და მოგეცემათ: ვინაიდან რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით თქვენ. ვინაიდან როგორი განსჯითაც განსჯით, იმნაირითვე განისჯებით, და რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით თქვენ. ან რატომ ხედავ ბეწვს შენი ძმის თვალში, ხოლო შენსაში დირესაც ვერა გრძნობ? ანდა როგორ ეუბნები შენს ძმას: მოიცა, ამოგიღო ბეწვი თვალიდან, და თვითონ შენ კი დირე გაქვს თვალში. თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერეღა ნახავ, როგორ ამოიღო შენი ძმის თვალიდან ბეწვი"


ილინისთვის ესაა დამარცხებული ღმერთის განწირული შვილის სიტყვები. სინამდვილეში, სწორი ადამიანი არ ფიქრობს თავის განზრახვებზე ან არ ცდილობს სხვების პერსპექტივის დანახვას, ის აღიარებს აბსოლუტურ სიკეთეს და ბოროტებას და ასახელებს მტრებს გასანადგურებლად. "არ განიკითხო"-ს სწორი ინტერპრეტაციაა , რომ ყოველი დღე განკითხვის დღეა, ადამიანი განიკითხება იმის გამო, რომ არ დახოცავს ღმერთის მტრებს როცა მას ამის გაკეთების შანსი ჰქონდა. ღმერთის გარეშე, ამ მტრებს ილინი განსაზღვრავდა.

შესაძლოა იესოს ყველაზე ცნობილი მცნებაა გიყვარდეს შენი მტერი მათეს სახარებიდან:

“ქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ.ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ნუ აღუდგებით წინ ბოროტს: არამედ ვინც შემოგკრას მარჯვენა ყვრიმალში, მეორეც მიუშვირე მას."

ილინის თანახმად, ამ პასაჟში საპირისპირო იგულისხმებოდა. სწორად გაგებული სიყვარული ტოტალურობას ნიშნავს. არ აქვს მნიშვნელობა ერთ ინდივიდს მეორეს სიყვარული უნდა თუ არა, სიყვარული მხოლოდ მაშინ არსებობს, თუ ინდივიდი დამორჩილებულია საზოგადოებას. ასეთი სიყვარული ნიშნავს “ბრძოლას დედამიწაზე ღვთიური წესრიგის მტრების წინააღმდეგ.” ილინისთვის ქრისტიანობა სიყვარულის სახელით ძალადობას ნიშნავდა. ყველა ვინც უარყოფდა ამ ლოგიკას სატანის მოციქული იყო “ვინც ეშმაკის წინააღმდეგ ბრძოლას უარყოფს, თავადაც ეშმაკია” -წერდა ის.

ასე იქცა თეოლოგია პოლიტიკად. დემოკრატიები არ შეეწინააღმდეგენ ბოლშევიზმს, არამედ დაუშვეს ის, შესაბამისად ისინი უნდა განადგურნენ. ერთადერთი გზა ბოროტების გავრცელების შესაჩერებლად საშუალო კლასების განადგურება, სამოქალაქო საზოგადოების აღმოფხვრა და კანონის მათი ინდივიდუალისტური და უნივერსალური გაგების ეროვნულ ცნობიერებად გარდაქმნაა. ბოლშევიზმი არაა საშუალო კლასის დაავადების ანტიდოტი, არამედ მისი გამონაზარდია. საბჭოთა და ევროპული სახელმწიფოები ძალადობრივმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა უნდა დაამხოს.

ილინი იყენებდა სიტყვა სულს (Dukh) ფაშისტების ვნების აღსაწერად. ფაშისტური მიერ ძალაუფლების მოპოვება ხსნის აქტია. ფაშიზმი ნამდვილი მხსნელია, რადგან ის ხვდება, რომ მსხვერპლი, რომელიც უნდა შეიწიროს მტერია. ილინმა მუსოლინისგან “რაინდული ღირსების” ცნება აიღო.

ილინს მიაჩნდა, რომ რუსი ინტელექტუალების როლი, ფაშისტური იდეების გამავრცელება უნდა ყოფილიყო. ჟურნალში, რომლის რედაქტორიც ის 1927-1930 წლებში იყო, მან დაწერა ლოზუნგი “ჩემი ლოცვა მახვილივითაა და ჩემი მახვილი ლოცვასავით”. ილინმა თავისი წიგნი “ბოროტებისთვის წინააღმდეგობის გაწევისას ძალადობის გამოყენების შესახებ”თეთრგვარდიელებს მიუძღვნა, რომლებიც ბოლშევიკურ რევოლუციას ეწინააღმდეგებოდნენ. ეს წიგნი მათი მომავლის გზამკვლევი უნდა ყოფილიყო.

ილინს აწუხებდა, რომ ფაშიზმი არა რუსებმა, არამედ იტალიელებმა გამოიგონეს. “რატომ მიაღწიეს წარმატებას იტალიელებმა იქ, სადაც ჩვენ მარცხი განვიცადეთ? 1927 წელს რუსული ფაშიზმის მომავალზე წერისას, მან სცადა რუსული პირველობის დამყარება, იმის თქმით, რომ თეთრგვარდიელების წინააღმეგობა ბოლშევიზმის მიმართ ფაშისტური მოძრაობის პრეისტორია იყო. თეთრგვარდიელთა მოძრაობა უფრო ფართო და ღრმა იყო ვიდრე ფაშიზმი რადგან ის ინარჩუნებდა კავშირს რელიგიასთან და ტოტალურობის მოთხოვნას. “ჩემი თეთრგვარდიელი ძმები, ფაშისტები ” - წერდა ილინი და ამტკიცებდა, რომ ამ მოძრაობამ რუსეთში ძალაუფლება უნდა მოიპოვოს, რომ მოვა ამის დრო და რომ “თეთრი სული” უკვდავია.

ილინის მიერ რუსეთის ფაშისტური მომავლის გამოცხადება 1920 წელს, მის მიერ 1910 წელს გამოთქმული იმედის სრული უარყოფა იყო, რომ რუსეთი კანონის უზენაესობის მქონე ქვეყანა უნდა გამხდარიყო. “ფაქტი ისაა, რომ ფაშიზმი პატრიოტული თვითნებობის გამომსყიდველი სიჭარბეა.”- წერს ის. 

თვითნებობა (Proizvol) თანამედროვე რუსული პოლიტიკური დისკუსიის ცენტრალური კონცეფციაა და აფრთხობდა ყველა რუს რეფორმატორს, რომელიც კანონის გზით პროგრესს ემხრობოდა. ახლა პრაიზვოლი პატრიოტული გახდა. “გამოსყიდვა” კიდევ ერთი რუსული კონცეფციაა. ესაა ზედსართავი, რომელშიც რუსი მართლმადიდებელი ქრისტიანები გოლგოთაზე ქრისტეს მსხვერპლს გამოხატავენ - ერთის სიკვდილი ბევრის გამოსყიდვის სანაცვლოდ. ილინი მას იყენებს გარეშე პირების მკვლელობის აღმნიშვნელად, რათა ერმა შეძლოს ტოტალიტარული პოლიტიკის განხორციელება და გამოისყიდოს დაკარგული ღმერთი.

ერთი სიტყვით, ორი უნივერსალური კონცეფცია, სამართალი/კანონი და ქრისტიანობა, შეუთავსებელია. უკანონობის სულმა კანონის სული უნდა ჩაანაცვლოს, მკვლელობის სულმა მოწყალების სული.

მიუხედავად იმისა, რომ ილინის შთაგონება ფაშისტური იტალია იყო, ის პოლიტიკური დევნილი 1922 - 1933 წლებში გერმანიაში იყო. ის ბერლინიდან აკვირდებოდა მემკვიდრეობისთვის ბრძოლას ლენინის სიკვდილის შემდეგ, რომელმაც ძალაუფლებაში იოსებ სტალინი მოიყვანა. შემდეგ ის თვალს ადევნებდა სტალინის მცდელობას გარდაექმნა ბოლშევიკების პოლიტიკური გამარჯვება სოციალურ რევოლუციად. 1933 წელს ილინმა გრძელი წიგნი გამოაქვეყნა შიმშილის შესახებ, რომელიც საბჭოთა აგრიკულტურის კოლექტივიზაციამ მოიტანა.

ილინმა მალევე შეაქო ჰიტლერის ძალაუფლების სათავეში მოქცევა 1933 წელს. ილინის აზრით, ჰიტლერი სწორად მოიქცა, როცა კანონის უზენაესობა გააუქმა. ილინისთვის ჰიტლერი, ისევე როგორც მუსოლინი, იყო ისტორიის მიღმა მყოფი ლიდერი, რომლის მისიაც მთლიანად თავდაცვითია. “ბოლშევიზმს უნდა მოჰყოლოდა რეაქცია და მოჰყვა კიდეც” - წერდა ილინი. ევროპულ ცივილიზაციას სიკვდილი მიუსაჯეს, მაგრამ ვიდრე მუსოლინი იტალიაშია და ჰიტლერი გერმანიაში, ევროპული კულტურა გადაურჩება სიკვდილს. ნაცისტებმა განახორციელეს სული, რომელიც რუსებმა უნდა გაიზიარონ.

ილინის თანახმად, ნაცისტები მართლები იყვნენ, როცა ებრაულ ბიზნესებს ბოიკოტი გამოუცხადეს და ებრაელებს გერმანიის კრახი დააბრალეს. მეტიც, ილინს უნდოდა დაერწმუნებინა რუსები და ევროპელები, რომ ჰიტლერი მართალი იყო, როცა ებრაელებს ბოლშევიზმის აგენტებად მიიჩნევდა.

ილინის მიერ გაგებული “იუდეობოლშევიკური” იდეა წარმოადგენდა იდეოლოგიური კავშირს თეთრგვარდიელებსა და ნაცისტებს შორის. მტკიცება, რომ ებრაელები ბოლშევიკები არიან და ბოლშევიკები ებრაელები თეთრგვარდიელთა პროპაგანდის ნაწილი იყო. ცხადია, კომუნისტების უმეტესობა არ იყო ებრაელი და ებრაელების დიდ უმრავლესობას კომუნიზმთან არაფერი აკავშირებდა. ამ ორი ჯგუფის ერთმანეთთან დაკავშირება არ ყოფილა შეცდომა ან გაზვიადება, არამედ რელიგიური ნარატივის ნაციონალურ ერთობაში გარდაქმნის მცდელობა იყო. იუდობოლშევიზმის ცნება ეყრდნობოდა მართლმადიდებელი ქრისტიანების ცრურწმენას, რომ ებრაელები იცავდნენ სიკეთის და ბოროტების რეალობების ზღვარს. ეს მტკიცება თანამედროვე პოლიტიკაში გადაითარგმნა და აღწერა რევოლუცია, როგორც ჯოჯოხეთი და ებრაელები, როგორც მისი მცველები. ილინის ფილოსოფიაში ღმერთი სუსტია, სატანა დომინანტი, ჯოჯოხეთის იარაღი კი თანამედროვე სამყაროს იდეებია.

რუსეთის სამოქალაქო ომის განმავლობაში და მის შემდეგ, ზოგიერთი თეთრგვარდიელი გერმანიაში გადასახლდა. ზოგიერთმა მათგანმა თან მოიტანა თანამედროვე ანტისემიტიზმის მთავარი ტექსტი, „სიონის სწავლულ უხუცესთა პროტოკოლები“ და ბევრი სხვა ტექსტი, რომლის თანახმად მათ მარცხზე  გლობალური ებრაული შეთქმულებაა პასუხისმგებელი. თეთრგვარდიელთა იუდობოლშევიზმის ცნებამ სრულყო ადოლფ ჰიტლერის ანტისემიტიზმი. ამ მომენტამდე, ჰიტლერს გერმანიის მტრად ებრაეული კაპიტალიზმი წარმოედგინა, როგორც კი გაიგო, რომ ებრაელები პასუხისმგებლები არიან კაპიტალიზმზეც და კომუნიზმზეც მან საბოლოო ნაბიჯი გადადგა და დაწერა “მაინ კამპფი”, რომელშიც ამბობს, რომ  ებრაელები ყველა ბოროტების საფუძველია, რომელიც გერმანელ ხალხს ემუქრება. ამ თვალსაზრისით, ჰიტლერი რუსული თეთრგვარდიელთა მოძრაობის მოსწავლე იყო. თეთრგვარდიელთა მთავარ იდეოლოგს, ილინს სურდა რომ სამყაროს გაეგო, რომ ჰიტლერი მართალია.

1930 წლის შემდეგ, ილინმა  ეჭვქვეშ დააყენა, რომ ნაცისტური გერმანია რუსული ფაშიზმის მიზანს ეხმარებოდა. ეს ბუნებრივი იყო, რადგან ჰიტლერს მიაჩნდა, რომ რუსები "ქვეადამიანები" იყვნენ და გერმანია მხარს უჭრდა ევროპელ ფაშისტებს  მხოლოდ მაშინ, როცა ისინი ნაცისტებისთვის იყვნენ სასარგებლო. ილინმა თეთრგვარდიელების გაფრთხილება დაიწყო ნაცისტების შესახებ და გერმანული მთავრობასთან პრობლემები შეექმნა. მან დაკარგა სამსახური და 1938 წელს დატოვა გერმანია და შვეიცარიაში გადასახლდა. მან შეინარჩუნა რწმენა, რომ თეთრგვარდიელები იტალიურ ფაშიზმზე და გერმანულ ნაციონალ-სოციალიზმზე მაღლა დგანან და ოდესმე რუსები უფრო უპირატეს ფაშიზმს ჩამოაყალიბებენ.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას ილინი ციურიხში იყო. ეს დამაბნეველი მომენტი იყო კომუნისტებისთვისაც და მათი მტრებისთვისაც, რადგან კონფლიქტი საბჭოთა კავშირის და ნაცისტური გერმანიის შეთანხმების, მოლოტოვ-ლიბენტროპის დადების შემდეგ დაიწყო. 1939 წლის სექტემბერში, პოლონეთს თავს დაესხა ნაცისტური გერმანიაც და საბჭოთა კავშირის, მათი ჯარები კი ერთმანეთს შუაში შეხვდნენ. ილინს სჯეროდა, რომ ნაცისტების და საბჭოთა კავშირის ალიანსი დიდ ხანს არ გასტანდა, რადგან სტალინი ჰიტლერს უღალატებდა. 1941 წელს საპირისპირო მოხდა, ვერმახტი საბჭოთა კავშირს დაესხა თავს. მიუხედავად იმისა, რომ ილინს აღარ მოსწონდა ნაცისტები, მან დაწერა, რომ გერმანული თავდასხმა საბჭოთა კავშირზე ბოლშევიზმის განკითხვა იყო. სტალინგრადში საბჭოთა კავშირის გამარჯვების შემდეგ ნათელი გახდა, რომ გერმანია წააგებდა ომს. ილინმა ისევ შეიცვალა თავისი პოზიცია. შემდეგ წლებში მან დაიწყო საუბარი ომზე, როგორც დასავლურ შეტევაზე რუსული ღირსების წინააღმდეგ.

რუსული უდანაშაულობა ილინის მთავარი თემა გახდა. როგორც კონცეფცია ის ჩამოყალიბდა ილინის ფაშისტურ თეორიაში: სამყარო გახრწნილი იყო და მას სჭირდებოდა ხსნა ერისგან, რომელსაც ტოტალიტარული პოლიტიკის უნარი ჰქონდა, ეს ერი რუსეთი იყო. ასაკში შესვლასთან ერთად ილინი უყურებდა რუსულ წარსულს არა როგორც ისტორიას, არამედ როგორც ციკლურ მითს, რომელშიც თანშობილი ღირსება თავდასხმისგან უნდა დავიცვათ. რუსეთი უბიწო იმპერია იყო, რომელსაც მუდმივად თავს ესხმოდნენ ყველა მხრიდან. რუსეთის იმპერია წარმოიშვა მცირე ტერიტორიისგან მოსკოვის გარშემო, ყველა დროის ყველაზე დიდი ქალაქისგან, ისე რომ თავს არავის არასდროს დასხმია. ექსპანსიის დროსაც, რუსეთი მსხვერპლი იყო, მაგრამ ევროპელებს არ ესმით, რომ რუსეთი ტერიტორიების ათვისებისას თავს იცავს. ილინის სიტყვებით, რუსეთი კონტინენტული ბლოკადის მხვერპლია, ასე რომ მთელი მისი წარსული თავდაცვაა. “რუსი ერი, ქრისტიანობაზე მოქცევის შემდეგ, ათასი წლის ისტორიულ ტანჯვას ითვლის. “

მიუხედავად იმისა, რომ ილინმა ასობით მოსაწყენი გვერდი დაწერა რუსეთის ისტორიის შესახებ, მან ასევე მკაფიოდ თქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდა და რა გააკეთეს რუსებმა სინამდვილეში. ეს უაზრო ისტორიაა და მხოლოდ მშრალი ფაქტებია. ჭეშმარიტება ამ ერის შესახებ არის “წმინდა და ობიექტური” მიუხედავად მტკიცებულებებისა, რუსული ჭეშმარიტება უხილავი, გამოუთქმელი და  ღვთიურია. რუსეთი არაა ქვეყანაინდივიდებით და ინსტიტუციებით, მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ასე ჩანდეს, ის უკვდავი ცოცხალი არსებაა. “რუსეთი ბუნების ორგანიზმი და სული” “ცოცხალი ორგანიზმი” “ცოცხალი ორგანული მთელი” და ა.შ. ილინი წერდა უკრაინელებზე ბრჭყალებში, რადგან მისი აზრით ისინი რუსული ორგანიზმის ნაწილები იყვნენ. ილინი შეპყრობილი იყო შიშით, რომ ადამიანები დასავლეთში ამას ვერ გაიგებდნენ და უკრაინის ნებისმიერი ფორმით ხსენებას აღიქვამდა, როგორც შეტევას რუსეთზე. რადგან რუსეთი ორგანიზმია, მას ვერ გავყოფთ, მხოლოდ გავკვეთავთ.

ილინის კონცეფცია რუსეთის პოლიტიკის ღვთიური ბუნების შესახებ მოითხოვდა არა მხოლოდ ინდივიდუალურობის და პლურალიზმის მოსპობას, არამედ ჰუმანურობის განადგურებას. ორგანული ერთობის ფაშისტური ენა, რომელიც ომმა დისკრედიტაცია გაუკეთა, ილინისთვის საკვანძო მნიშვნელობის იყო. ომს მისი აზროვნება არ შეუცვლია. მან არ უარყო ფაშიზმი, ისე როგორც ომამდელმა მხარდამჭერებმა, თუმცა ის განასხვავებდა ფაშიზმის კარგ და ცუდ ფორმებს. მან არ მიიღო მონაწილეობა ევროპის გადანაცვლებაში მემარცხენე პოლიტიკაში ან დემოკრატიის რეაბილიტაციაში. მან არ აღიარა, რომ ევროპული კოლონიალიზმის ეპოქა დასრულდა. ის სამაგალითოდ მიიჩნევდა ფრანკოს ესპანეთს და სალაზარის პორტუგალიას, მემარჯვენე ავტორიტარულ რეჟიმებს.

მეორე მსოფლიო ომი არ იყო ბოლშევიზმის განკითხვა, როგორც ეს ილინს 1941 წელს წარმოედგინა. ამ ომიდან წითელი არმია გამარჯვებული გამოვიდა, საბჭოთა საზღვრები გაფართოვდა და ახალი, ასლი რეჟიმები დამყარდა აღმოსავლეთ ევროპაში. დროის დინებამ შეუძლებელი გახადა იმის წარმოდგენა, რომ თეთრგვარდიელი ემიგრანტები ოდესმე რუსეთში დაბრუნებოდნენ. ამ პერიოდში ილინმა კონსტიტუციური წესრიგის რეკომენდაციების და პოლიტიკური ესეების წერა დაიწყო. მისმა უკანასკნელმა ესეიმ  “ჩვენი მიზნები” (Nashi Zadachi) პოსტ-საბჭოთა რუსეთში მის აღორძინებას შეუწყო ხელი. ეს რეკომენდაციები ჰგავს ომამდელ ფაშისტურ სისტემებს და წარმოადგენს მისი ძველი ნაშრომების შეჯამებას, რომლებშიც ილინი ფაშიზმის მეტაფიზიკურ და ეთიკურ ლეგიტიმაციას ცდილობს.

ილინის თანახმად უნდა აღმოცენდეს "ეროვნული დიქტატორი" რომელიც მოვა ადგილიდან, რომელიც ისტორიის მიღმაა, გამოგონილი რეალობიდან. ეს ლიდერი (Gosudar) უნდა იყოს სათანადოდ მამაკაცური, როგორც მუსოლინი. მამაკაცურობის მყიფე შეგრძნება თვალშისაცემია.- "ძლიერ მამაკაცთან თავისუფლება თავისით მოვა.” ადამიანები ძირს დაემხობიან რუსეთის ცოცხალი ორგანიზმის წინაშე. ლიდერი საკუთარ თავს სამართლიან და მამაკაცურ სამსახურში გააძლიერებს. ილინის სქემაში ეს ლიდერი პიროვნულად იქნება  პასუხისმგებელი პოლიტიკური ცხოვრების ყველა ასპექტზე, როგორც მთავარი აღმასრულებელი, კანონმდებელი, მოსამართლე და სამხედრო ლიდერი. მისი ძალაუფლება შეუზღუდავია. ნებისმიერი პოლიტიკური სელექცია არადემოკრატიული უნდა იყოს, რადგან დემოკრატიულმა არჩევნებმა ინდივიდუალიზმის ბოროტების ინსტიტუციონალიზაცია მოიტანა. “დემოკრატიის პრინციპი, უპასუხისმგებლო ადამიანური ატომია. ხმების დათვლა არის პოლიტიკის ყალბი არითმეტიკული გაგება. “ ილინის აზრით, რუსებმა უნდა უარყონ ხმათა რაოდენობის ბრმა რწმენის პოლიტიკური მნიშვნელობა. არჩევნები უნდა ემსახურებოდეს ინდივიდუალობის დათმობას, არჩევნები უნდა იყოს რიტუალი, რომლის მეშვეობით რუსები დაემორჩილებიან თავიანთ ლიდერს.

ილინისთვის ომამდელი ფაშიზმის პრობლემა ერთპარტიული სახელმწიფო იყო. ერთი პარტია ზედმეტად ბევრია. რუსეთი უპარტიო სახელმწიფო უნდა იყოს, არცერთი პარტია არ უნდა აკონტროლებდეს სახელმწიფოს ან ახდენდეს გავლენას მოვლენათა განვითარებაზე. პარტია საზოგადოების ერთ სეგმენტს წარმოადგენს, სეგმენტაციას კი თავი უნდა ავარიდოთ. პარტიები უნდა არსებობდნენ, მაგრამ მხოლოდ როგორც მახე ამბიციური ადამიანებისთვის ან ელექტორალური მორჩილების რიტუალი.

იგივე ითქმის სამოქალაქო საზოგადოებაზეც: ის უნდა არსებობდეს, როგორც სიმულაკრი. რუსებს უნდა ჰქონდეთ ინტერესები და ჰობი, მაგრამ მხოლოდ ტოტალური სხეულის ჩარჩოში, რომელიც მოიცავს ყველა სოციალურ ორგანიზაციას. საშუალო კლასი ამ სხეულის ფსკერზე უნდა იყოს და ამ სისტემის მთელი წონას გრძნობდეს. ისინი ფაქტების და გრძნობების მწარმოებლები და მომხმარებლები არიან იმ სისტემაში, რომლის მიზანიც ფაქტობრიობის და გრძნობების დაძლევაა.

“რუსეთის თავისუფლებაში” (ტექსტი, რომელდანაც 2014 წელს პუტინმა ციტატა მოიყვანა) ილინი გულისხმობს არა თავისუფლებას რუსი ინდივიდებისთვის, არამედ თავისუფლებას რუსებისთვის, რომ გაიგონ საკუთარი ადგილი მთელში. პოლიტიკურმა სისტემამ უნდა შექმნას ორგანულ-სულიერი ერთობა ხალხთან და ხალხის ერთობა სახელმწიფოსთან. პირველი ნაბიჯი სიტყვისკენ დასაბრუნებლად უნდა იყოს “ერთი ერის ყველა ხალხის მეტაფიზიკური ერთობა”, გრძნობების ავი ბუნება უნდა გაქრეს და ადამიანის მრავალფეროვნება უნდა  დაიძლიოს.

თანამედროვე რუსეთი მედიით დამძიმებული ავტორიტარული კლეპტოკრატიაა და არა რელიგიური ტოტალიტარული ერთობა, რომელსაც ილინი წარმოიდგენდა. თუმცა, მისი კონცეფციები გვეხმარება გავიგოთ რუსული პოლიტიკის ბევრი მეტნაკლებად საინტერესო და ბუნდოვანი საკითხი. ვლადიმერ პუტინი პოსტ-საბჭოთა ეპოქის პოლიტიკოსია, რომელიც გამოგონილი რეალობიდან მოვიდა. ვინაიდან სწორედ ისაა, ვინც ილინის იდეები პოლიტიკაში დანერგა, მისი აღზევება ძალაუფლებაში ასევე ილინის ისტორიის ნაწილია.

პუტინი უცნობი იყო, როცა ის პოსტ-საბჭოთა რუსეთის პირველმა პრეზიდენტმა 1999 წელს პრემიერ-მინისტრად აირჩია. პუტინი პოლიტიკური ქასთინგით შეარჩიეს. ელცინის თანაშემწეებმა დაუსვეს საკუთარ თავს კითხვა “ვინაა ყველაზე პოპულარული პერსონაჟი რუსულ ტელევიზიაში” გამოკითხვამ აჩვენა, რომ ეს 1970 წლების გადაცემის გმირი იყო - საბჭოთა ჯაშუში, რომელიც გერმანულად მეტყველებდა.  ეს ერგებოდა პუტინს, ყოფილ კგბ-ს ოფიცერს, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიაში მსახურობდა. პრემირ-მინისტრად მისი დანიშვნის შემდეგ, პუტინმა თავისი რეპუტაცია უფრო სისხლიანი ისტორიებით აიმაღლა. როცა რუსეთის ქალაქებში შენობების აფეთქებები დაიწყო, პუტინმა მუსლიმები დაადანაშაულა და ჩეჩნეთში ომი დაიწყო. თანამედროვე მტკიცებულებების თანახმად, ეს ბომბები თავად რუსეთის უსაფრთხოების ორგანიზაციამ ფსბ-მ მოათავსა. 2000 წელს პუტინი პრეზიდენტად აირჩიეს.

ადრეულ 2000-იანებში პუტინი ამბობდა, რომ რუსეთი შესაძლოა გამხდარიყო კანონის უზენაესობის მქონე ქვეყანა. ამის ნაცვლად მან მოიტანა ეკონომიკური დანაშაული, გარდაქმნა ზოგადი კორუფცია ოფიციალურ კლეპტოკრატიად. როგორც კი სახელმწიფო დანაშაულის ცენტრი გახდა კანონის უზენაესობა შეუსაბამო გახდა, უთანასწორობა გაიზარდა, რეფორმა კი წარმოუდგენელი. ვინაიდან პუტინის გამარჯვება რუს ოლიგარქებზე ასევე ნიშნავდა კონტროლს მათ სატელევიზიო სადგურებზე, მან ხელში ჩაიგდო მედია საშუალებები.

დასავლური გასართობი ინფორმაციის ტრენდი რუსეთში ლოგიკურ დასკვნამდე მივიდა, შექმნა ალტერნატიული რეალობა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა რუსული ღირსების რწმენას და ფაქტების მიმართ ცინიზმს. ამ ტრანსფორმაციის ავტორია ვლადისლავ სურკოვი, რუსული პროპაგანდის გენიოსი. ფინანსური და მედია რესურსების ხელში ჩაგდების შემდეგ პუტინს, რუსული ტერმინი რომ გამოვიყენოთ, მხოლოდ სულიერი რესურსიღა სჭირდებოდა. ასე დაიწყო პუტინმა 2005 წელს ილინის ფილოსოფიის რეაბილიტაცია.

ამ წელს, პუტინმა ილინის ციტირება დაიწყო თავის მიმართვებაში ფედერალური ასამბლეის მიმართ და მისი ნეშტი რუსეთში გადმოასვენა. შემდეგ ილინის ციტირება სურკოვმა დაიწყო. პროპაგანდისტი ემხრობოდა ილინის იდეას, რომ “რუსული კულტურა მთელის გააზრებაა” და შეაჯამა თავისი შრომები, როგორც იმ ნარატივის წარმოება, რომ რუსეთი უდანაშაულოა და მას მუდმივად თავს ესხმიან. სურკოვის მტრობა ფაქტების მიმართ ისეთივე ღრმაა, როგორც ილინის, და ილინის მსგავსად ის ამას თეოლოგიური საფუძვლებით ამართლებს. დიმიტრი მედვედევი, პუტინის პოლიტიკური პარტიის ლიდერი ილინის წიგნებს ახალგაზრდებს ურჩევს. ბოლო წლებში ილინი გამოჩნდა რუსეთის მოთვინიერებული ოპოზიციის ლიდერების გამოსვლებში. ილინს ციტირებს რუსეთის კონსტიტუციური სასამართლოს ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრი და რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქები.

2008-2012 წლებში ოთხწლიანი შუალედის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც პუტინი პრემირ-მინისტრი იყო და მედვედევს გაპრეზიდენტების ნება დართო, პუტინი დაუბრუნდა უმაღლეს ოფისს. თუ 2000 წელს პუტინი მოვლინა რუსეთს, როგორც გმირი გამოგონილი რეალობიდან, 2012 წელს ის დაბრუნდა როგორც კანონის უზენაესობის გამანადგურებელი.  ილინი, რომელმაც კანონის უზენაესობის მარცხი რუსული ღირსების  დამადასტურებელ არგუმენტად გამოიყენა, დაეხმარა პუტინს გარდაექმნა თავისი  პირველი ვადის მარცხი, უუნარობა დაემყარებინა კანონის უზენაესობა, საარჩევნო დაპირებად და რუსული ღირსების დადასტურებად. თუ რუსეთი ვერ გახდება კანონის უზენაესობის ქვეყანა, ის გაანადგურებს მეზობლებს, რომლებიც ამას აკეთებენ და ამისკენ მიისწრაფვიან. “პოლიტიკა მტრის ამოცნობის და განადგურების ხელოვნებაა.” -წერდა ილინი. ოცდამეერთე საუკუნის მეორე ათწლეულში, პუტინს დაპირებები იყო არა რუსული კანონების, არამედ ჰიპერ-ლეგალური მეზობლების დამარცხების შესახებ.

ევროკავშირი, მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკა და რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი ეფუძნება დაშვებას, რომ საერთაშორისო ლეგალური შეთანხმებები, კანონის უზენაესობის მქონე ქვეყნებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის წინაპირობაა. 2011 და 2012 წლებში, პუტინმა შექმნა ახალი იდეოლოგია, რომელიც ემყარება ილინის ფილოსოფიას და ხედავს რუსეთის მოდელს ევროპასთან დაპირისპირებაში. გაზეთ “იზვესტიაში” 2011 წლის 3 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიაში პუტინმა გამოაცხადა, რომ ევრაზიული კავშირი გააერთიანებს სახელმწიფოებს, რომლებიც ვერ ამყარებენ კანონის უზენაესობას. 2012 წელს “ნეზავისიმაია გაზეტაში” პუტინი ციტირებს ილინს და ამბობს, რომ სახელმწიფოთაშორისი ინტეგრაცია ღირსების საკითხია და არა მიღწევების. კანონის უზენაესობა არა უნივერსალური სწრაფვა, არამედ უცხო დასავლური ცივილიზაციის ნაწილია, მაშინ როცა რუსული კულტურა აერთიანებდა რუსეთს პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან, როგორებიცაა უკრაინა. ერთ-ერთ სტატიაში, რომელიც მოსკოვსკიე ნოვოსტიში 2012 წლის 27 ნოემბერს გამოქვეყნდა, პუტინმა პოლიტიკური დასკვნები გამოიტანა. ილინი წარმოიდგენდა, რომ რუსეთი არის სულიერი ორგანიზმი, რომელიც ემსახურება არა მხოლოდ მართლმადიდებლურ ერებს, არამედ ევრაზიული კონტინენტის ყველა ერს, არამედ მსოფლიოს ყველა ერს. პუტინმა გამოაცხადა, რომ ევრაზია დაძლევს ევროკავშირს და თავს მოუყრის მის წევრებს უფრო დიდ ერთეულში, რომელიც ვლადივოსტოკიდან ლისბონამდე იქნება გადაჭიმული.

პუტინის თავდასხმა კანონის უზენაესობაზე დაიწყო მაშინ, როცა ის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორედ აირჩიეს. კანონის უზენაესობის სახელმწიფოს საფუძველი არის სამართალმემკვიდრეობის პრინციპი, წესების წყება, რომელიც ერთ ადამიანს მეორის ჩანაცვლების საშუალებას აძლევს ისე, რომ სისტემა კი არ ჩამოინგრეს, არამედ დადასტურდეს. 2012 წელს პუტინი დაბრუნდა ძალაუფლებასთან ისე, რომ გაანადგურა ასეთი პრინციპის ფუნქციონირების ყველა შანსი რუსეთის უახლოეს მომავალში. მან დაიკავა პრეზიდენტის ოფისი და საპარლამენტო უმრავლესობა არჩევნებით, რომლებიც დაუფარავად გააყალბა, პროტესტის მონაწილეები კი უცხოელ აგენტებად მონათლა.

რუსეთისთვის სამართალმემკვიდრეობის პრინციპის ძირის გამოთხრით, მან შეუძლებელი გახადა, რომ რუსეთის პარლამენტი ვინმე სხვას ეკონტროლებინა. ამ დროს ის ილინის რეკომენდაციებით ხელმძღვანელობდა. არჩევნები იქცა რიტუალად, ისინი ვინც ასე არ ფიქრობდა მედიის მიერ მოღალატეებად მოინათლა. პროტესტების პარალელურად პუტინი რუს ფაშისტ მწერალთან ერთად რადიოში საუბრობდა, თუ რას იტყოდა ივან ილინი რუსეთის მდგომარეობაზე. “შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყანა რეაბილიტირდა და განიკურნა დრამატული მოვლენის შემდეგ, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განვითარდა და ჩვენ ახლა ძლიერი და ჯანმრთელი სახელმწიფო ვართ? ცხადია არა, ის ჯერ კიდევ ავადაა; მაგრამ აქ უნდა გავიხსენო ივან ილინი: “კი, ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ ავადაა, მაგრამ ჩვენ არ გავრბივართ ავადმყოფი დედის საწოლიდან. “

პუტინმა ილინის ციტატა საკმაოდ უცნაურ კონტექსტში მოიყვანა. ილინი საბჭოთა კავშირიდან ჩეკას მიერ იყო გაგდებული - ინსტიტუციის, რომელიც პუტინის დამსაქმებლის, კგბს წინამორბედია. ილინისთვის, რუსეთის დაავადება არა საბჭოთა კავშირის დაშლა, არამედ მისი შექმნა იყო. როგორც ილინმა ჩეკას დამკითხავს უთხრა: “მე მიმაჩნია, რომ საბჭოთა ძალაუფლება არის გარდაუვალი ისტორიული შედეგი დიდი სოციალური და სულიერი დაავადების, რომელიც რუსეთში საუკუნეებია ვითარდება. ილინი ფიქრობდა, რომ კგბ-ს ოფიცრებს (რომელიც არის პუტინი) უნდა აეკრძალოთ პოლიტიკაში შესვლა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ილინი მთელი ცხოვრება საბჭოთა კავშირის დაშლაზე ოცნებობდა.

პუტინის მიერ ილინის ნეშტის გადმოსვენება იდუმალი გათავისუფლება იყო ამ წინააღმდეგობისგან. ილინი რუსეთიდან საბჭოთა უსაფრთხოების სერვისმა გააძევა; პუტინმა ილინი დამარხა მონასტერში, რომელშიც ნკვდ-მ, ჩეკას შვილობილმა და კგბს წინამორბედმა, დამარხა ათასობით საბჭოთა მოქალაქის ფერფლი, რომლებიც დიდი ტერორის შედეგად დაიხოცნენ. როცა პუტინმა ილინის საფლავთან ყვავილები მიიტანა, ის რუს მღვდელთან ერთად იყო, რომელსაც მიაჩნდა რომ ნკვდ-ს ჯალათები რუსი პატრიოტები და კარგი ადამიანები იყვნენ. გადამარხვის დროს რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელი იყო ადამიანი, რომელიც კგბ-ს ყოფილი აგენტი იყო. ბოლო-ბოლო ილინის გამართლება მასობრივი მკვლელობისთვის იყო იგივე რაც ბოლშევიკების: აბსოლუტური სიკეთის დაცვა. როგორც ილინის მეორე წიგნის კრიტიკოსებმა თქვეს ილინი “ღმერთის სახელით ჩეკისტი” იყო. ის შესაფერისად დაიმარხა, როგორც ღვთისკაცი ჩეკისტი, ყველა შესაძლო ღირსებით, ღვთისკაცების მიერ, რომლებიც ჩეკისტები იყვნენ და ჩეკისტების მიერ, რომლებიც ღვთისკაცები იყვნენ.

ილინის სული და სხეული დაბრუნდა რუსეთს, რომლის დატოვებაც მოუწია. ეს დაბრუნება, მისი თანმხლები უყურადღებობით წინააღმდეგობასთან, მისი უპატივცემულობით ფაქტებთან, არის მისი მემკვიდრეობის  გამოხატულება. ილინი ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა სისტემას, თუმცა, როგორც კი საბჭოთა კავშირმა 1991 წელს არსებობა შეწყვიტა ის ისტორიად იქცა - ილინისთვის წარსული არაფერია, მარადიული ღირსების შესახებ შეთხზული ამბის მშრალი მასალის გარდა.

                                         *

რუსეთში ილინი ფაშისტური იდეების ერთადერთი ადგილობრივი წყარო არაა, რომელსაც ვლადიმერ პუტინი ციტირებს. ასევე არის ლევ გუმილევი და თანამედროვე რუსი ფაშისტები, როგორებიცაა ალექსანდრ პროხანოვი და ალექსანდრ დუგინი. დუგინია ის, ვინც რუსეთში ევრაზიის იდეა პოპულარული გახადა და მისი მაგალითები ნაცისტური გერმანია და დასავლეთ ევროპული ფაშიზმია. თუმცა, ოცდამეერთე საუკუნის მეორე ათწლეულში მხოლოდ ილინის იდეები აკმაყოფილებს რიტორიკული სიცარიელების ამოვსებას, ქმნის “სულიერ რესურსს” კლეპტოკრატიული მანქანისთვის. 2017 წელს როცა რუსეთის სახელმწიფო გადააწყდა სირთულებს საბჭოთა კავშირის ასიწლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით, ილინი წარმოაჩინეს როგორც მისი გმირი ოპონენტი.

რუსული პოლიტიკა ილინის რეკომენდაციებს მისდევს. რუსეთის 2012 წლის კანონი “უცხოელ აგენტებზე”, რომელიც პუტინმა მიიღო წარმოადგენს ილინის დამოკიდებულებას სამოქალაქო საზოგადოებასთან. ილინს სჯეროდა, რომ რუსეთის “თეთრგვარდიული სული” გააცოცხლებს ევროპის ფაშისტებს; 2013 წლიდან კრემლი აფინანსებს ევროპის ულტრამემარჯვენე პარტიების პროპაგანდას.

რუსეთის კამპანია ევროკავშირის “დეკადანსის” წინააღმდეგ, რომელიც 2013 წელს დაიწყო, თანხვედრაშია ილინის მსოფლმხედველობასთან. ილინის აკადემიური მოღვაწეობა მისი პიროვნული სექსუალური შფოთვის გამოხატულებაა. თავიდან მან რუსეთს ჰომოსექსუალური უწოდა, შემდეგ შეყვარებულთან ერთად თერაპია გაიარა, შემდეგ კი ამაში ღმერთი დაადანაშაულა. პუტინი თავიდან მაისურის გარეშე ფოტოსესიებში ჩაერთო, შემდეგ განქორწინდა, შემდეგ ევროკავშირი დაადანაშაულა რუსეთის ჰომოსექსუალობაში. ილინმა სექსუალიზება გაუკეთა იმას, რასაც უცხოურ საფრთხეს ეძახდა. მაგალითად, ჯაზი მისთვის ნაადრევი ეაკულაციის სიუჟეტი იყო. როცა 2013 წელს უკრაინელებმა ევროპული მომავლის გარშემო გაერთიანება დაიწყეს, რუსულმა მედიამ ჰომოდიქტატურის საკითხი წამოჭრა.


ილინის გავლენის ყველაზე მარტივი მაგალითი უკრაინის მიმართ  რუსეთის დღევანდელი დამოკიდებულებაა. რუსეთის ფედერაციის მსგავსად, უკრაინა ახალი ქვეყანაა, რომელიც საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1991 წელს ჩამოყალიბდა. ის რუსეთის შემდეგ საბჭოთა კავშირის ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანაა, მან გრძელი საზღვარი აქვს რუსეთთან ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით და ევროკავშირთან დასავლეთით. საბჭოთა კავშირის დაშლიდან ორი ათწლეულის განმავლობაში, რუსულ-უკრაინული ურთიერთობები ორმხრივად განისაზღვრებოდა საერთაშორისო სამართლის მიერ, რუსები იყენებდნენ ტრადიციულ ცნებებს, როგორებიცაა სუვერენულობა და ტერიტორიული მთლიანობა. როდესაც 2012 წელს პუტინი ძალაუფლებას დაუბრუნდა, ლეგალიზმი კოლონიალიზმმა ჩაანაცვლა. 2012 წლიდან რუსეთის პოლიტიკა უკრაინის მიმართ დაუბრუნდა თავდაპირველ პრინციპებს და ეს პრინციპები ილინისაა. პუტინის ევრაზიული კავშირი, გეგმა რომელიც მან ილინის იდეებზე დაყრდნობით გამოაცხადა, უკრაინის მიერთებას გულისხმობდა. პუტინმა უკრაინის ევრაზიასთან მოზიდვის მცდელობა დაასაბუთა ილინის “ორგანული მთელის” მოდელით, რომ რუსეთი და უკრაინა ერთი ხალხია.

ილინის რუსული ორგანიზმის იდეა დაეჯახა უკრაინის უფრო პროზაულ იდეას სახელმწიფოს რეფორმის შესახებ. 2013 წელს, უკრაინაში, ევროკავშირი პოლიტიკური დებატის საგანი გახდა და ზოგადად პოპულარული იყო. ასოცირების ხელშეკრულება უკრაინასა და ევროკავშირს შორის აღქმული იყო, როგორც კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევის გზა. დაშინების და დაპირებების მეშვეობით, პუტინმა 2013 წლის ნოემბერში შეძლო უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანიკუვიჩის დარწმუნება, რომ მას ხელი არ მოეწერა შეთანხმებისთვის, რომელზეც მოლაპარაკებები უკვე დაწყებული იყო.  ამან ახალგაზრდა უკრაინელები ქუჩაში გამოიყვანა. როცა უკრაინის მთავრობამ (რუსეთთან ერთად) ძალა გამოიყენა, ასობით ათასი უკრაინელი მოქალაქე კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე შეიკრიბა. მათი მთავარი პოსტულატი, როგორც გამოკითხვებმა ჩვენა, კანონის უზენაესობა იყო. მასობრივი ხოცვის შემდეგ, რომელმაც ასამდე უკრაინელი მოკლა, იანუკოვიჩი რუსეთში გაიქცა. მისი მთავარი მრჩეველი, პოლ მანაფორტი, შემდეგ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მენეჯერი გახდა.

რუსეთში გაქცევის შემდეგ, რუსული სამხედროები უკვე მობილიზებულები იყვნენ უკრაინაში შესაჭრელად. როგორც კი რუსი სამხედროები უკრაინაში 2014 წლის სექტემბერში შეიჭრნენ, რუსეთის ცივილიზაციურმა რიტორიკამ (რომლის მთავარი წყაროც ილინია) ბევრი დასავლელი დამკვირვებლის ყურადღება მიიპყრო. 2014 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში, მსჯელობის საკითხები იყო არის თუ არა უკრაინა რუსული კულტურის ნაწილი, ან იყო თუ არა რუსული მითი წარსულის შესახებ როგორმე მეზობელი ტერიტორიის დაპყრობის მიზეზი.

იმ თვალსაზრისის მიღებით, რომელიც ასეთად ილინმა ჩამოაყალიბა, როგორც ცივილიზაციის და არა კანონის საკითხი, დასავლელმა დამკვირვებლებმა გამოტოვეს კონფლიქტის მნიშვნელობა ევროპისთვის და ამერიკისთვის. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის “კულტურულ ჯახად” განხილვამ გამოტოვა ფაქტი, რომ  კანონის უზენაესობაზე თავდასხმა დასავლურ ინსტიტუციებზე თავდასხმა იყო. პრო-ევროპელ უკრაინელებს უნდოდათ თავი აერიდენიბათ რუსული სტილის კლეპტოკრატიისთვის, პუტინს კი ამ მცდელობის უნაყოფობის დამტკიცება უნდოდა. 

ილინის არგუმენტები ყველგან იყო როცა რუსი სამხედროები უკრაინაში მრავალჯერ შეიჭრნენ. 2014 წლის იანვარში, როცა რუსმა სამხედროებმა ყირიმში შეჭრისთვის მობილიზაციის ბრძანება მიიღეს, რუსეთის ყველა მაღალჩინოსან ბიუროკრატს და რეგიონულ მმართველს გადაეგზავნა ილინის “ჩვენი მიზნების” ასლი. რუსეთის სამხედრო დანაყოფების მიერ ყირიმის ოკუპაციის და პარლამენტის მიერ ანექსიის მხარდაჭერის შემდეგ, პუტინმა ისევ მოიყვანა ილინის ციტატა თავის გასამართლებლად. რუსმა მთავარსარდალმა, დონეცკის და ლუჰანსკის ოკუპაციის დროს, აღწერა ომის საბოლოო მიზანი ცნებებში, რომელსაც ილინი კარგად გაიგებდა “ ყველა გაცილებით მარტივად იცხოვრებს, თუ სამყაროს გადავარჩენთ ისეთი დემონური კონსტრუქციებისგან, როგორიც აშშ-ა. ერთ დღესაც სწორედ ეს მოხდება.”

ყველა, ვინც თვალს ადევნებდა რუსულ პოლიტიკას 2016 წელს, შენიშნავდა, რომ რუსულ ელიტას ერჩივნა დონალდ ტრამპი რესპუბლიკელების კანდიდატად. ამ წლის გაზაფხულს, რუსეთის სამხედრო დაზვერვა დონალდ ტრამპს გამარჯვებაში შეტანილი წვლილის გამო ტრაბახობდა. ამერიკულ დემოკრატიაზე რუსული თავდასხმის მთავარი იარაღი სიყალბე იყო. დონალდ ტრამპი კიდევ ერთი მასკულინობის კრიზისის მქონე კლეპტოკრატია, რომელიც გამოგონილი რეალობიდან მოვიდა, ამ შემთხვევაში სატელევიზიო რეალითი შოუდან. მისი კამპანია მხარდაჭერილი იყო დახვეწილი ტყუილებით, რომელსაც რუსეთი მისი ოპონენტის შესახებ ავრცელებდა.

ოფისში ტრამპი პუტინის პოლიტიკური პოსტ-სიმართლის იმიტაციას აკეთებს, ავსებს საჯარო სივრცეს ტყუილებით, შემდეგ აბრალებს ინსტიტუციებს, რომელთა მიზანი ფაქტების ძიებაა და შემდეგ სარგებელს იღებს მიღებული დაბნეულობით. რუსეთის მიერ ტრამპის მხარდაჭერამ შეამცირა ამერიკელების რწმენა ინსტიტუციებში, რომელიც რუსეთმა თავად ვერ შექმნა. ეს რწმენა ისედაც იკლებდა, ამერიკის მედიის კულტურის და მზარდი უთანასწორობის გავლენით.

ილინი პოსტსაბჭოთა ეპოქის წინასწარმეტყველი უნდა ყოფილიყო და შესაძლოა ის არის კიდეც. მისი ურწმუნობა სამყაროს მიმართ აძლევს საშუალებას პოლიტიკას ვითარდებოდეს გამოგონილ რეალობაში. მან უკანონობა ღირსებად აქცია, რომელიც ისეთივე აბსოლუტურია, როგორიც დასავლეთის განადგურების მოთხოვნა. ის გვაჩვენებს, როგორ ბადებს მყიფე მასკულინობა მტრებს, როგორ უარყოფს ქრისტიანობის დამახინჯებული ვერსია იესოს, როგორ აკეთებს ეკონომიკური უთანასწორობა უბიწოების იმიტაციას და როგორ მიედინება ფაშისტური იდეები პოსტმოდერნში. ეს აღარაა რუსული ფილოსოფია, დღეს ეს უკვე ამერიკული ცხოვრებაა.

კომენტარები