არჩევნები 2018

ბაქრაძე: თუ იქნება მეორე ტური და გავა ბატონი ვაშაძე, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ

ტაბულა

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე ევროპული საქართველოსა და რუსთავი 2-ის დაკვეთით შესრულებული ეგზიტპოლების შედეგებს ეხმაურება. ორივე ეგზიტპოლის მიხედვით, მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე გადიან, ხოლო ევროპული საქართველო მესამე ადგილზეა. ბაქრაძის განცხადებით, თუ საბოლოო შედეგი ეგზიტპოლების შედეგებს დაემთხვევა, ევროპული საქართველო მხარს ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭერს. 

"ჩვენი და რუსთავი 2-ის კვლევა ადასტურებს, რომ ძალიან მაღალი ალბათობით იქნება მეორე ტური და ადასტურებს იმას, რომ ოპოზიციას გააჩნია რეალური შანსი მეორე ტურში გასამარჯვებლად. ჩვენი ამოცანის მეორე ნაწილი, რომ არ მიგვეცა სალომესთვის პირველ ტურში გამარჯვების საშუალება, შესრულებულია. მინდა მოვუწოდო კომისიის წევრებს ევროპული საქართველოდან, რომ დაიცვან თითოეული ხმა და ბოლომდე შეასრულონ თავიანთი მოვალეობა. რაც შეეხება მეორე ტურს, თქვენ იცით, რომ ჩვენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან ბრიუსელში გაფორმებული გვაქვს შესაბამისი მემორანდუმი, მთელი კამპანიის განმავლობაში ერთგული ვიყავით და ვიცავდით ამ დოკუმენტს. მიუხედავად ძალიან სერიოზული და ფუნდამენტური განსხვავებებისა ევროპულ საქართველოს და ნაციონალურ მოძრაობას შორის, დღესაც ჩვენ ვასრულებთ ამ მემორანდუმის ბოლო პუნქტს, რომელიც მეორე ტურს შეეხება. თუ იქნება მეორე ტური და მეორე ტურში გავა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ბატონი ვაშაძე, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ და მე მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, რომ დაუჭირონ მას მხარი.” - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

ბაქრაძემ ასევე ისაუბრა ევროპული საქართველოს შედეგებზე, მისი განცხადებით, ევროპული საქართველოს მხარდაჭერა გაზრდილია და ის ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. 

“ ეგზიტპოლები ადასტურებს იმას, რომ მიუხედავად გაზრდილი მხარდაჭერისა ევროპულმა საქართველომ და მე, როგორც კანდიდატმა, ვერ შევძელით ჩვენი ამოცანის პირველი ნაწილის შესრულება, რაც არჩევნებში გამარჯვება იყო. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს და ვუთხრა, რომ ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება მომავალში. მაგრამ ჩვენს ბრძოლას ჰქონდა მეორე კომპონენტი, რომელიც საერთო ოპოზიციურ ბრძოლას ეხება ხელისუფლების წინააღმდეგ. "

კომენტარები