არჩევნები 2018

ჩუგოშვილი: რუსთავში ენმ-ის ამომრჩევლები ხელმეორედ ხმის მიცემას ცდილობენ

თამარ ჩუგოშვილი
ტაბულა

პარლამენტის ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა "ქართული ოცნების" ოფისში ბრიფინგი გამართა და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობაზე და გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა:

"მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი, ამ ეტაპისთვის საკმაოდ მაღალი აქტივობა ფიქსირდება. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღესთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაციები  იყო და იყო ბევრი საუბარი იმაზე, რომ ამ არჩევნების დღის დანიშვნა კვირის დღეს იქნებოდა პრობლემების შემცველი ვხედავთ,  რომ მოქალაქეები აქტიურად გამოხატავენ თავიანთ ნებას. 12 საათის ოფიციალური მონაცემებით 19.6 %  ამომრჩევლის გამოცხადებულია.

მიუხედავად ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია , რომ ყველა მოქალაქემ დააფიქსიროს თავისი ნება ამ არჩევნებში, მივიდეს საარჩევნო უბანზე და მისცეს ხმა. ასევე გვინდა მოვუწოდოთ კერძო დამსაქმებლებს, რომლებიც მუშაობენ დღეს,  რომ თანამშრომლებს შესაძლებლობა მისცენ , მივიდნენ არჩევნებზე და გამოხატონ ნება." - თქვა მან.

თამარ ჩუგოშვილი რუსთავსა და აბაშაში დაფიქსირებულ დარღვევებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ აუცილებელია ამ ფაქტებზე რეაგირება:

"მინდა გამოვეხმაურო რუსთავში უკვე მასიურ ფაქტებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ხელმეორედ ხმის მიცემის მცდელობებს. ჩვენ უკვე მოგაწოდეთ ინფორმაცია იმ უბნების და პირების შესახებ, რომლებსაც ასეთი მცდელობები ჰქონდათ. ამას ემატება 39-ე უბანზე მერი მამალაძის მიერ ასევე მცდელობა, რომ ხელმეორედ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, რასაც უკვე სისტემური ხასიათი აქვს. ეს ფაქტები დაადასტურა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც, ეს არის მძიმე კანონდარღვევა და შესაბამისად ამ ყველაფერზე იქნება კანონით გათვალისწინებული რეაგირება.

ასევე, მინდა გამოვეხმაურო აბაშაში დაფიქსირებულ ფაქტს, რომელშიც ქართული ოცნების საკრებულოს წევრის მხრიდან ფიქსირდება დარღვევა, იგი მიყვება ამომრჩეველს ჯიხურში, რაც ასევე კანონდარღვევაა და აუცილებელია, რომ ამ დარღვევაზეც იყოს შესაბამისი კანონით გათვალისწინებული რეაგირება." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. 12:00-სთვის, ამომრჩეველთა აქტივობა 19.6%-ია. ეს 688 551 ამომრჩეველია.

არასამთავრობო ორგანიზაციების, ისევე როგორც ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლები ამბობენ, რომ მთავარი დარღვევა, რაც უბნებზე ამ დროისთვის გამოიკვეთა, ამომრჩევლის ნების კონტროლი და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაა.

Facebook-ზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ შეჰყვა აბაშის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატი ლეონტი ნადარეიშვილი ამომრჩეველს კაბინაში და ბიულეტენზე ნომერი მის მაგივრად შემოხაზა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რუსთავის ოლქში დაფიქსირდა მარკირებული ამომრჩევლების მიერ ხმის მეორეჯერ მიცემის მცდელობა.

კომენტარები