არჩევნები 2018

წულუკიანი: ქვეყნის შიგნით-გარეთ ვთანხმდებით, არჩევნები სამართლიან გარემოში ჩატარდა

იუსტიციის სამინისტრო

"ყველა ვთანხმდებით იმაზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ ეს არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და სამართლიან გარემოში," - თქვა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, საქართველოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებაზე კითხვის საპასუხოდ.

"მოხარულები ვართ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები შეუფერხებლად ჩატარდა. შეშფოთებას გამოვთქვამთ მრავალი დარღვევის გამო, რაც ამ არჩევნებში ვნახეთ, მაგრამ ყურადღებით დავაკვირდებით როგორ მოხდება ახალი კონსტიტუციის იმპლემენტაცია და ვფიქრობ, რომ მომდევნო წლის პირველი ნახევარი საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისათვის გამოცდა იქნება," - აღნიშნული იყო სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში

წულუკიანის თქმით, კანდიდატებს შორის იყო დაძაბული კომუნიკაცია, რომელიც ძაბავდა ფონს არა მხოლოდ კანდიდატებს შორის, არამედ მათ მხარდამჭერებსა და შესაბამისი პარტიების აქტივს შორის.

"ეს, რა თქმა უნდა, მომავალში უნდა გავითვალისწინოთ. კარგი იქნება, თუ ყველა პარტია - იქნება ეს მმართველი თუ ოპოზიციური, კიდევ უფრო მეტი სერიოზულობით მოეკიდებიან უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციებს. ეს რეკომენდაციები ამ არჩევნებისთვის იყო სისტემატური. ეს, ალბათ, პირველი არჩევნებია ბოლო 6 წელში, როცა უწყებათაშორის კომისიას უწევდა ერთი და იგივე რეკომენდაცია რამდენჯერმე გაემეორებინა იმიტომ, რადგან ზოგიერთი პარტიული აქტივისტი - ზოგჯერ ოპოზიციის, ზოგჯერ მმართველი პარტიის - არ ითვალისწინებდა მათ," - აღნიშნა წულუკიანმა.

მან ასევე ისაუბრა საარჩევნო სიებისა და პირადობების საკითხზე: 

„მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პერიოდის არაერთი ბრალდება, მათ შორის საარჩევნო სიაზე, პირადობებზე, საარჩევნო ადმინისტრაციის თითქოსდა გადაცდომებზე, არ და ვერ დადასტურდა. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ იყო სხვა შენიშვნები, რაც აუცილებლად უნდა გაანალიზდეს იმისთვის, რომ მომავალი არჩევნები კიდევ უფრო მაღალი ხარისხით ჩატარდეს," - თქვა იუსტიციის მინისტრმა. 

წულუკიანს ჰკითხეს ფარულობის პრინციპის დარღვევებზეც:  

„ჩვენ ვიხილეთ ხანდახან გაუთვითცნობიერებულობა, როდესაც ადამიანებმა და მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა არ იცოდნენ, რომ ფარულობის პრინციპის დარღვევა არ შეიძლება, რომ არ შეიძლება შვილიშვილმა ბებიის ნაცვლად მისცეს ხმა და ა.შ. ამიტომ ეს ხარვეზები, რა თქმა უნდა, არის გასაანალიზებელი, იმისათვის რომ თუ სადმე საკანონმდებლო ცვლილებებით უნდა გამოსწორდეს, ეს გამოსწორებული იქნეს, თუ არის პრაქტიკის პრობლემა, მაშინ შესაბამის ოფიციალურ პირებს კვალიფიკაციის ან გადამზადების კურსები შევთავაზოთ, რათა ყველამ იცოდეს, რა წერია კანონში," - აღნიშნა თეა წულუკიანმა. 

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გამორჩეულად კრიტიკულად შეაფასეს, როგორც ადგილობრივმა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებმა. მაგალითისთვის, ეუთო აღნიშნავდა, რომ, ერთი მხარე საფუძველს მოკლებული უპირატესობით სარგებლობდა; ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების გაზრდილმა მასშტაბმა კიდევ უფრო წაშალა ზღვარი პარტიასა და სახელმწიფოს შორის. ორგანიზაციის ანგარიშში გამოყოფილი იყო - დაშინება, ადმინისტრაციული რესურსი, ნეგატიური კამპანია, ხისტი რიტორიკა, ძალადობრივი ინციდენტები.

კომენტარები