გარდაცვლილი მუშა

სამტრედიის რკინიგზის სადგურის თანამშრომელი სამორიგეო კოშკურიდან გადმოვარდა და დაიღუპა

რკინიგზის სადგურ სამტრედია I -ზე სამუშაოს შესრულებისას სამორიგეო კოშკურიდან 56 წლის მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი" ავრცელებს.

მათივე თქმით, რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის შრომის ინსპექტორები ტრაგედიას ადგილზე შეისწავლიან და შესაბამის დასკვნას უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებენ.


ფოტო: რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი

"შეგახსენებთ, შრომის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტმა გასულ წელს შეამოწმა სს "საქართველოს რკინიგზა" და სამუშაო პროცესში, შრომის უსაფრთხოების დარღვევის უამრავი ფაქტი იქნა გამოვლენილი. გაცემული სარეკომენდაციო წერილი შვიდას გვერდს შეადგენს.

აგრეთვე ძალაში შევიდა და ამოქმედდა ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონი, რომელიც დამსაქმებელს რიგ ვალდებულებებს აკისრებს, მათ შორის უსაფრთხო სამუშაო გარემოს ორგანიზების პროცესში პროფკავშირის ჩართვისა და მონაწილეობის შესახებ.

რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს და მოუწოდებს ადმინისტრაციას დაუყოვნებლივ დაიწყოს თანამშრომლობა პროფკავშირთან შრომის უსაფრთხოების სათანადოდ ორგანიზების საკითხში!",- აცხადებენ პროფკავშირებში. 

ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები