მეცნიერება

2018 წლის 10 ყველაზე შთამბეჭდავი ამბავი მეცნიერებაში

1) NASA-ს კოსმოსური ხომალდი InSight მარსზე წარმატებით დაეშვა

InSight-ის მიერ გადაღებული სელფი

მარსს ახალი ბინადარი ჰყავს. ექვსი თვის განმავლობაში კოსმოსში მოგზაურობის შემდეგ, 26 ნოემბერს, ნასას კოსმოსური ხომალდი InSight წარმატებით დაეშვა წითელ პლანეტაზე. ეს NASA-ს პირველი მისიაა მარსზე 2012 წლის შემდეგ. 

InSight-მა ატმოსფეროში მოხვედრისას 19 000 კილომეტრი საათის სიჩქარე განავითარა და დაშვებას მხოლოდ შვიდი წუთი მოანდომა. ის აღჭურვილია მგრძნობიარე ინსტრუმენტებით, რომლებიც პლანეტის შიდა ნაწილებს ორი წლის განმავლობაში შეისწავლის. მისიის მიზანია დაადგინოს მარსის მანტიის, ქერქის და ბირთვის ზოგადი აგებულება და პლანეტის სეისმური აქტივობა. ეს დაეხმარება მეცნიერებს უკეთ გაიგონ, თუ როგორ ჩამოყალიბდნენ დედამიწის და მარსის მსგავსი კლდოვანი ციური სხეულები.

InSight აღჭურვილია კამერით, რომლის მეშვებითაც მან 11 დეკემბერს პირველი "სელფი" გადაიღო. მან ასევე გადაიღო მარსის ლანდშაფტის ფოტოები და წნევის სენსორებით და სეისმომეტრებით მარსზე ქარის ხმაც ჩაიწერა. Insight-ის ჩანაწერი პირველი ბგერებია მარსიდან, რომლებიც ადამიანის ყურმა აღიქვა. 


2) SpaceX-ის  გიგანტური რაკეტის Falcon Heavy-ს ტესტირება წარმატებით დასრულდა

Falcon Heavy

6 თებერვალს SpaceX-მა კენედის კოსმოსური ცენტრიდან თავისი გიგანტურმა რაკეტა Falcon Heavy-ი გაუშვა. Falcon Heavy ყველაზე მძლავი მოქმედი რაკეტაა. მას დედამიწის ქვედა ორბიტაზე 70 ტონა ტვირთის გატანა შეუძლია. მისიის მიზანი რაკეტის შესაძლებლობების შემოწმება იყო. ტესტირებამ, რომელსაც მილიონობით ადამიანი პირდაპირი ტრანსლაციით უყურებდა, წარმატებით ჩაიარა. SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა რაკეტაში თავისი Tesla Roadster მოათავსა, რომელშიც დევიდ ბოუვის სიმღერა "Space Oddity"-ა ჩართული, მძღოლის სავარძელში კი მანეკენი "სტარმენი" ზის. ცოტა ხნის წინ Tesla Roadster-ი მარსს გაცდა. ტესტირების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი რაკეტის ორი ბუსტერის ერთდროული დაშვება იყო. 

 

3) ჩინელი მეცნიერი ამტკიცებს, რომ გენურად რედაქტირებული ბავშვები შექმნა 

ჩინელი მკვლევარი ჰი ჯიანკუი ამტკიცებს, რომ მსოფლიოში პირველი გენეტიკურად რედაქტირებული ბავშვები შექმნა. მისი მიზანი ორ ტყუპ გოგონაში იმ თვისების შექმნა იყო, რომელიც ზოგიერთ ადამიანს ბუნებრივად აქვს - რეზისტენტულობა იმუნოდეფიციტის ვირუსის მიმართ. ექსპერიმენტის შესახებ მეცნიერმა ჰონგ-კონგში გენური რედაქტირების საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა და შემდეგ YouTube-ზე ვიდეო გამოაქვეყნა. კონფერენციაზე მყოფმა მეცნიერებმა დაგმეს ჯიანკუის ექსპერიმენტი. პრეზენტაციიდან რამდენიმე დღეში ჯიანკუი მოულოდნელად გაუჩინარდა, მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. 

 

4) აღმოაჩინეს ყველაზე ძველი ნახატი და ფიგურატივიზმის ყველაზე ძველი ნიმუში

 

73 000 წლის წინ დღევანდელი სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე, გამოქვაბულ ბლომბოსში, ჩვენმა წინაპარმა წაწვეტებული, რკინით მდიდარი წითელი ქვა აიღო და მეორე ქვაზე ურთიერთგადამკვეთი ხაზები გაავლო. ეს ნახატი, რომელიც "ჰეშთეგს" ჰგავს, 5000 წლით უფრო ძველია, ვიდრე აქამდე აღმოჩენილი ნახატები, რომლებზეც ითვლებოდა, რომ გამოქვაბულის ხელოვნების ყველაზე ძველი ნიმუშებია. 

 

ბორნეოს კუნძულის ერთ-ერთ გამოქვაბულში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ნახატი, რომელიც, სულ მცირე, 40 000 წლისაა. ის ფიგურატივიზმის ნიმუშია, ვინაიდან მასზე არა აბსტრაქტული ფორმები, არამედ რეალური ობიექტი, ცხოველია გამოსახული. მკვლევრების ვარაუდით ეს ცხოველი სამხრეთ აზიის ტყის ხარი უნდა იყო, რომელიც კუნძულზე დღესაც ბინადრობს. 

5) მარსზე და მთვარეზე წყალი აღმოაჩინეს 

ასტრონომებმა მარსის სამხრეთ პოლუსის ყინულის საფარველის ქვეშ 20 კილომეტრზე გადაჭიმული ერთი მეტრის სიღრმის ტბის არსებობა დაადასტურეს. მეცნიერებმა ინფორმაცია ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანამგზავრზე მოთავსებული დაბალი სიხშირის რადარის, "MARSIS"-ის მეშვეობით მოიპოვეს. ეს მარსზე თხევადი წყლის არსებობის პირველი მყარი მტკიცებულებაა. 

მარსი ერთადერთი ციური სხეული არაა, რომელზეც წყლის არსებობა დადასტურდა. აგვისტოში ასტრონომებმა მთვარის სამხრეთ და ჩრდილოეთ პოლუსებზე ყინული აღმოაჩინეს. მაშინ, როცა სამხრეთ პოლუსზე ყინულის უმეტესობა კრატერებთანაა კონცენტრირებული, ჩრდილოეთ პოლუსზე ყინული მეჩხერადაა განლაგებული. ერთ-ერთი ვარაუდის თანახმად, ყინულის ლაქები, დაახლოებით 4.5 მილიარდი წლის წინ  მთვარეზე არსებული წყლის რეზერვუარის ნარჩენებია. 

6) ორი იაპონური ყველგანმავალი ასტეროიდზე დაეშვა

იაპონის კოსმოსური სააგენტოს მიერ კოსმოსურ ხომალდ Hayabusa-2-დან გაგზავნილი ყველგანმავლები ერთი კილომეტრის სიგანის ასტეროიდს, Ryugu-ს გამოიკვლევენ. ასტეროიდზე დაშვების შემდეგ რობოტებმა ასტეროიდის ლანდშაფტის ფოტოები და ვიდეო გამოგზავნეს, რომლებიც მისიის თვითერის ანგარიშზე გამოქვეყნდა. რიუგუ მზის სისტემის ადრეული პერიოდის ნარჩენია, მისმა შესწავლამ შესაძლოა ნათელი მოფინოს ჩვენი პლანეტის ევოლუციას.

7) ავსტრალია პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოფხვრის

ავსტრალიაში პაპილომავირუსის იმუნიზაციის და სკრინინგის პროგრამების დანერგვის შემდეგ საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევები განახევრდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად შემდეგ ოც წელში ავსტრალია საშვილოსნოს ყელის კიბოს სრულად აღმოფხვრის. 2022 წელს საშვილოსნოს ყელის კიბო ყოველი 100 000 ქალიდან ექვსს განუვითარდება, ხოლო 2035 წლისთვის კი 100 000 ქალიდან მხოლოდ ოთხს.

 

8) ამოცნობილია ყველაზე ძველი ცხოველი

558 მილიონი წლის ორგანიზმის, Dickinsonia-ს ნამარხის დეტალურმა შესწავლამ გამოავლინა, რომ ეს უცნაური არსება ცხოველთა სამეფოს მიაკუთვნება. ნამარხი იმდენად კარგად იყო შენახული, რომ ის დღემდე შეიცავდა ქოლესტეროლის მოლეკულებს. ოვალური ფორმის ცხოველი მიეკუთვნება ორგანიზმთა ჯგუფს Ediacaran biota-ს, ისინი პირველი მრავალუჯრედიანი ორგანიზმები იყვნენ, რომლებიც დედამიწაზე გაჩნდნენ. 

9) პლანეტის დაბადების პირველი გამოსახულება 

მაქს პლანკის ინსტიტუტის მკვლევრებმა დედამიწისგან 370 მილიონი სინათლის წლით დაშორებული, დაბადების სტადიაში მყოფი პლანეტის გამოსახულება დააფიქსირეს. ეს ახალშობილი პლანეტის პირველი დადასტურებული გამოსახულებაა. შავი წრე გამოსახულების ცენტრში ფილტრია, რომელიც ვარსკვლავიდან წამოსულ სინათლეს აბრკოლებს, რათა გამოსახულების სხვა ასპექტების აღქმა უკეთ შევძლოთ. განათებული ბურთი, რომელიც მისგან მარჯვნივ მდებარეობს მტვრით და აირით გარშემორტყმული ახალშობილი პლანეტაა, რომელიც ახალგაზრდა ვარსკვლავს, PDS70-ს არტყამს წრეს. გამოსახულება ევროპის სამხრეთ ობსერვატორიის დიდი ტელესკოპითაა გადაღებული, რომელიც ჩილეში მდებარეობს.

10) ხელოვნური ინტელექტი უფრო ჭკვიანი გახდა 

კომპანია DeepMind-ის პროგრამას, AlphaFold-ს სიცოცხლის ფუნდამენტური მოლეკულის, ცილის 3D სტრუქტურის პროგნოზირება შეუძლია. "ხელოვნური ნეირონული ქსელის" მეშვეობით მან განსაზღვრა მანძილი ცილის შემადგენელ ამინომჟავებს შორის და იმ ქიმიური ბმების კუთხეები, რომლებიც მათ ერთმანეთთან აკავშირებს. შემდეგ AlphaFold-მა გამოითვალა, თუ ცილის რომელი სტრუქტურა იქნებოდა ენერგეტიკულად ყველაზე მომგებიანი. ადამიანის ორგანიზმის ყველა ფუნქცია კავშირშია ცილების ფორმებთან და მოძრაობასთან. ჩვეულებრივ, ცილები იმ ფორმას იღებენ, რომლებიც ენერგეტიკულად ყველაზე მომგებიანია. ამ პროცესის დარღვევა იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა დიაბეტი, პარკინსონის დაავადება და ალცჰაიმერის დაავადება. კომპიუტერული პროგრამის მიერ ცილის ფორმის პროგნოზირებამ  მომავალში შესაძლოა დიდი როლი ითამაშოს როგორც დაავადებებთან ბრძოლაში, ასევე ყველა სფეროში, რომელიც ცოცხალ სისტემებს შეეხება.

კომენტარები