ეროვნული ბანკი

ეროვნულმა ბანკმა 15 მილიონი დოლარი იყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6732 შეადგინა. აუქციონი 4 იანვარს გაიმართა.

ეს 2019 წლის პირველი სავალუტო ინტერვენციაა. გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა ჯამში ბაზრიდან 180 მილიონი დოლარი შეისყიდა.

აღსანიშნავია, რომ სებ-ის ინფორმაციით, ლარი დოლრთან მიმართებაში მცირედით გამყარდა და 5 იანვრისათვის ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.6744 ლარია, ხოლო ევროს 3.0491 ლარი.

ლარს ბოლო თვეების განმავლობაში გაუფასურების ტენდენცია აქვს. ამ დროის მანძილზე ეროვნულ ბანკს ლარის გასამყარებლად ინტერვენციები არ განუხორციელებია, პირიქით, სებ-ი დოლარს ყიდულობს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის თქმით, შესყიდვებმა შესაძლოა, მოკლევადიან პერიოდში "რაიმე გავლენა" იქონიოს ლარის კურსზე, თუმცა, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში გავლენას არ ახდენს. მისი აზრით, "დღევანდელი ეკონომიკისათვის ის რეზერვები, რომელიც ეროვნულ ბანკს აქვს, არ არის ადეკვატური, არ იცავს მას პოტენციური რისკებისგან, ამიტომ, საჭიროა ამ რეზერვების დაგროვება".

კომენტარები