დემკრატიის ინდექსი

The Economist: საქართველოში დემოკრატიის ხარისხი მკვეთრად გაუარესდა

ჟურნალ ეკონომისტის მიერ შემუშავებული დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, საქართველო 89-ეა, ქვეყნის დემოკრატიის ხარისხი კი ჰიბრიდულ რეჟიმად არის შეფასებული. 

გამოცემამ ქვეყანას 5.50 ქულა მიანიჭა, რაც 2017 წლის ინდექსზე ნაკლებია - ერთი წლის წინ საქართველოს დემოკრატია 5.93 ქულით იყო შეფასებული. 

2017 წლის ინდექსით საქართველო მსოფლიოს 167 ქვეყნიდან 79-ე ადგილს იკავებდა, 2018 წელს კი - 89-ე ადგილზეა. 

ეკონომისტის შეფასებით, საქართველოს დემოკრატიის ხარისხის მკვეთრი ვარდნა აქვს. 

ევროპის მასშტაბით დემოკრატიის ინდექსის თვალსაზრისით ყველაზე მკვეთრი კლება სწორედ საქართველოს ჰქონდა იტალიასთან, ავსტრიასთან, უნგრეთთან, რუსეთთან და თურქეთთან ერთად.

"საქართველოს მილიარდერი ყოფილი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი მაისში პოლიტიკაში დაბრუნდა და მმართველი პარტიის თავმჯდომარეობაც დაიბრუნა. და მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ ოფიციალურ თანამდებობაზე არჩეული არ არის, მთავრობის პოლიტიკას მიმართულება შეუცვალა. პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან ივნისში გადადგა და გადაწყვეტილების მთავარ მოტივად ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოება დაასახელა. 

ივანიშვილის გავლენის ქვეშ მყოფი მთავრობა ჩაერია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში და არჩევნებამდე 2 კვირით ადრე 600 000 ადამიანს ვალების ჩამოწერა შესთავაზა. ამით მთავრობას ოპოზიციასთან შედარებით მასშტაბური კამპანიის ჩატარების საშუალება მიეცა", - წერს ეკონომისტი. 

სომხეთის დემოკრატიის ხარიხსი კი გაუმჯობესდა. ახლა მას 4.79 ქულა აქვს და 103-ე ადგილზეა, 2017 წელს კი 4.11 ჰქონდა და 111-ე ადგილზე იყო. 

ეკონომისტი წერს, რომ ეს ცვლილება სერჟ სარქსიანის მიმართ "ხავერდოვანმა რევოლუციამ" განაპირობა. 

რუსეთს ეკონომისტმა 2.94 ქულა მიანიჭა და დიქტატურად შეაფასა. 2017 წელს მას 3.17 ქულა ჰქონდა. 2018 წელს რუსეთმა 144-ე დან 135-ე ადგილზე გადაინაცვლა. 

ეკონომისტი 167 ქვეყნის დემოკრატიის ხარისხს 60 კრიტერიუმზე დაყრდნობით აფასებს. 

კლასიფიკაცია ასეთია: 

  • სრული დემოკრატია;
  • ნაკლოვანი დემოკრატია;
  • ჰიბრიდული რეჟიმი;
  • ავტორიტარული რეჟიმი.

კომენტარები