პოლონეთი

გდანსკის მერი, რომელიც საქველმოქმედო პროექტის დასკვნით კონცერტზე დაჭრეს, გარდაიცვალა

პაველ ადამოვიჩი თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე
Reuters

პოლონეთის ქალაქ გდანსკის მერი, რომელიც საქველმოქმედო პროექტის დასკვნით კონცერტზე მძიმედ დაჭრეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

"ჩვენ ვერ გავიმარჯვეთ" - თქვა პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრმა ლუკაშ შუმოვსკიმ.

პაველ ადამოვიჩს თავს გუშინ, ასობით ადამიანის თვალწინ დაესხნენ. გდანსკის მერი "საშობაო დახმარების დიდი ოსკესტრი"-ს დასკვნით კონცერტზე სიტყვით გამოდიოდა, როდესაც დანით შეიარაღებული პირი სცენაზე ავიდა და მას გულ-მკერდის არეში დაზიანებები მიაყენა.

27 წლის მამაკაცი ადგილზე დააკავეს. ის ყვიროდა, რომ უკანონოდ დააპატიმრეს წინა ხელისუფლების დროს, რომელიც მხარს უჭერდა ადამოვიჩის არჩევას. "პაველი მოკვდა" - ყვიროდა თავდამსხმელი. პოლიციის ინფორმაციით, მან მედიის აკრედიტაცია გამოიყენა იმისთვის, რომ სცენასთან ახლოს ყოფილიყო.

ქალაქის პირველი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ხუთსაათიანი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, პაველ ადამოვიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. 

შინაგან საქმეთა მინისტრმა იოახიმ ბრუჯინსკიმ თავდასხმას "აუხსნელი ბარბაროსობის აქტი" უწოდა.

53 წლის პაველ ადამოვიჩი 1998 წლიდან გდანსკის მერი იყო. ის ქალაქის პირველ პირად რამდენჯერმე აირჩიეს. 

აღსანიშნავია, რომ უკვე 27 წელია, ყოველი წლის იანვარის ერთ-ერთ კვირას იმართება აქცია "საშობაო დახმარების დიდი ორკესტრი" (Wielka Orkiestra Świątecznej Pomocy - WOŚP): მთელ პოლონეთში იმართება საქველმოქმედო  კონცერტები, აუქციონები და მართონები. ცნობილი ადამიანები ყიდიან თავიანთ პირად ნივთებსა და ნამუშევრებს აუქციონებზე. უამრავი ადამიანი (მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც) ქუჩაში ყიდის წითელ გულებს. ამ აქციების შემოსავალი შედის პოლონეთის ჯანდაცვის ფონდში. 2019 წლის აქციაზე 1 მილიარდი ზლოტი შეგროვდა.

ეს პროექტი 1993 წელს მოქალაქე იურეკ ოვშიაკმა დაიწყო. გდანსკის მერის გარდაცვალების შემდეგ, მან უარი თქვა WOŚP-ის პრეზიდენტობაზე.

კომენტარები