აფეთქება დიდ დიღომში

კორპუსი, რომელიც დიდ დიღომში აფეთქდა, ექსპლუატაციაში არ იყო შესული

IPN

კორპუსი, რომელიც დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე სავარაუდოდ გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქდა, ექსპლუატაციაში არ იყო შესული. ამ ინფორმაციას გამგეობა და თბილისის მერია ადასტურებს.

"კორპუსი, ვიზუალურადაც ჩანს, დასრულებულიყო იყო, ადამიანები, ვინც რემონტი მოახერხა, შევიდნენ და ცხოვრობდნენ, უბრალოდ, ტექნიკური დეტალები არ იყო ფიზიკურად ჩაბარებული" - ამბობს გამგეობის წარმომადგენელი.

სამშენებლო კომპანია "ელ ჯგუფის" წარმომადგენლის გრიგოლ ჭანტურიას თქმით, "კორპუსი უნდა ამეღო ექსპლუატაციაში ამ დღეებში, თებერვალში, დაწერილი მქონდა განცხადება". მისივე ინფორმაციით, ყაზტრანსგაზმა კორპუსი 2017 წლის დეკემბერში გაამრიცხველიანა.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 16 იანვარს, 20:30-ზე მოხდა. შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა - დაშავდა. დაშავებულთა უმეტესობა ბავშვია. 

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. კორპუსის რამდენიმე მცხოვრების თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ "ყაზტრანსგაზში" დარეკეს. ისინი ამბობენ, რომ ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა პრობლემა ვერ აღმოაჩინეს.

ყაზტრანსგაზის განცხადებით, კომპანია დეტალების დაზუსტების შემდეგ გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას. მათ თანამშრომლებს პოლიცია კითხავს.

მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები