აშშ

ტრამპმა კონგრესის დემოკრატების ლიდერს საზღვარგარეთ ვიზიტები გაუუქმა

ნენსი პელოსი / დონალდ ტრამპი
NBC

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატ ლიდერს ნენსი პელოსის წერილი გაუგავნა, რომელშიც აცნობებს, რომ მთავრობის დახურვის გამო ბრიუსელში, ეგვიპტესა და ავღანეთში მისი ვიზიტები გადადო.

"ამ 7-დღიან ესქკურსიას მაშინ დავნიშნავთ, როდესაც მთავრობის დახურვა დასრულდება. მაშინ, როდესაც 800,000 შესანიშნავი ამერიკელი ხელფასს ვერ იღებს, დარწმუნებული ვარ დამეთანხმებით, რომ ამ საზოგადოებრივი ურთიერთობის ღონისძიებების გადადება შესაფერისი საქციელია. ასევე მიმაჩნია, რომ ამ პერიოდში უკეთესი იქნება ვაშინგტონში იყოთ, ჩემთან მოლაპარაკებები აწარმოოთ და შეუერთდეთ ძლიერი სასაზღვრო დაცვის მოძრაობას მთავრობის დახურვის დასასრულებლად. რა თქმა უნდა, თუ გსურთ, შეგიძლიათ თქვენი მოგზაურობა კომერციული სამგზავრო თვითმფრინავით განახორციელოთ." წერია წერილში.

ტრამპის წერილი ნენსი პელოსის გადაწყვეტილების პასუხია. მან ტრამპი კონგრესში ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისათვის არ მიიწვია და უთხრა, რომ მთავრობის დახურვის პირობებში უმჯობესია გამოსვლა გადაიდოს, ან ტრამპმა მიმართვა წერილობით გადასცეს კონგრესს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მთავრობა უკვე 28 დღეა დახურულია. მიზეზი ისაა, რომ ტრამპი და დემოკრატიული პარტია, რომელიც ახალი მოწვევის წარმომადგენელთა პალატას აკონტროლებს ბიუჯეტში სასაზღვრო კედლის დაფინანსების საკითხზე ვერ თანხმდებიან. ტრამპი კედლის მშენებლობისათვის 5.7 მილიარდ აშშ დოლარს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბიუჯეტის ხელმოწერაზე უარს ამბობს. უხელფასოდ მუშაობს ან უხელფასო შვებულებაშია სახელმწიფო უწყებების 800,000-მდე თანამშრომელი.

კომენტარები